დავით პაპიაშვილი – “დღგ-ს ზედმეტობის მოთხოვნის შემდეგ დანიშნული საგადასახადო შემოწმებების რიცხვი თვალშისაცემია“

დავით პაპიაშვილი - "დღგ-ს ზედმეტობის მოთხოვნის შემდეგ დანიშნული საგადასახადო შემოწმებების რიცხვი თვალშისაცემია“აუდიტორიული კომპანია Kreston Consulting Group-ის ხელმძღვანელი დავით პაპიაშვილი დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც ის bm.ge-სთან აცხადებს, დაანონსებული იყო, რომ სისტემაში შესვლისთანავე საიტზე ავტომატურად უნდა გამოჩენილიყო დაბრუნებული დღგ-ს ოდენობა და ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით 5-7 დღეში უნდა დაბრუნებულიყო თანხა.

„ამის ნაცვლად დღესაც ჩვეულებრივად უწევთ კომპანიებს დღგ-ს დაბრუნებაზე განცხადებების წერა”,- აცხადებს დავით პაპიაშვილი.

მისივე თქმით, მისთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დღგ-ს დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ კომპანიაში ფინანსური შემოწმება შევიდა. ამიტომ პაპიაშვილისთვის საეჭვოა პრემიერის განცხადება, რომ დღგ-ს უკან დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ ფინანსური პოლიცია კომპანიებში აღარ შედის.

პაპიაშვილის შეფასებით, პროცედურულ ნაწილში არაფერია გამარტივებული. მაგრამ მისივე თქმით, ჯერჯერობით თავს იკავებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებისგან მიუხედავად იმისა, რომ “ბოლო თვეებში ზედმეტობის მოთხოვნის შემდეგ დანიშნული საგადასახადო შემოწმების რიცხვი თვალშისაცემია“.

პაპიაშვილი შემოწმებების რიცხვის ზრდას უკავშირებს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ზედმეტობის დაბრუნების საკითხი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან აუდიტის დეპარტამენტში გადავიდა, შესაბამისად, დღეს დღგ-ს დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს წყვეტს საგადასახადოს აუდიტორი, ვინც კომპანიების ფინანსურ მონიტორინგს აწარმოებს.

„ცალკე აღებული ეს ცვლილება არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ არა ბოლო დროის ტენდენცია. ვიცი ამ ახალი ცვლილების შემდეგ მომხდარი რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როცა ზედმეტობის მოთხოვნის შემდეგ დანიშნეს საგადასახადო შემოწმება. თუმცა შესაძლოა, იმის ბრალია, რომ ჯერ დეპარტამენტს ახალი ჩაბარებული აქვს მოვალეობა. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი შედეგები დაიდება,“- განაცხადა დავით პაპიაშვილმა.

შეგახსნებთ, გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიზნესს მიმართა, ჩაერთონ დღგ-ს უკან დაბრუნების სისტემაში. მამუკა ბახტაძის თქმით, წინა წლებში დღგ-ს ზედმეტობის მოთხოვნა კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლას ნიშნავდა ახლა კი ეს პრაქტიკა აღარ არსებობს.