დემურ გიორხელიძე – “მარიხუანით ეკონომიკის აღორძინება სისულელეა”

დემურ გიორხელიძე - "მარიხუანით ეკონომიკის აღორძინება სისულელეა"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს.
– ბატონო დემურ, მარიხუანა ააღორძინებს ქართულ ეკონომიკასო, ასეთ განცხადებებსაც მოვესწარით.
– ეს არის სისულელე. მსოფლიოში არის ათობით წარმატებული სახელმწიფო, რომლებსაც წარმატებისთვის ამ გზით არ მიუღწევიათ! მარიხუანა იგივეა, რაც განუვითარებელ ქვეყნებში ნავთობის და გაზის აღმოჩენა.
– ანუ?
– როდესაც სახელისუფლო კლანი აჯდება რესურსს და იწყებს მის ექსპლუატაციას. ეს ყველაფერი კლანშივე რჩება, ვიწრო კლანში. დაახლოებით იგივეა მარიხუანაზე ლაპარაკი. ჯერ ერთი, როგორ უნდა გაბედოს ხელისუფლებამ, მარიხუანაზე ილაპარაკოს. ე.ი. ვიღაც ძალიან გავლენიანი ჯგუფი დაინტერესებულია ამ ბიზნესით და ამაზე ხელიც მიუწვდება. საოცარი იცით, რა არის?
– რა?
– თვითონ ხელისუფლებამ გაახმაურა ეს და გაახმაურა, იცით, როდის? არჩევნების წინ. აქ არის ორი მომენტი: ერთია სრული უპასუხისმგებლობა და მეორეა შეგნებულად გაკეთებული ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის.
– ვის მიერ? თავადვე ამბობთ რომ ხელისუფლებამ გაახმოვანა.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ხელისუფლებაში უამრავი წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს სპეციალურად გაკეთებულია.
– თუ პროვოკაციაა, ამას ვერ მიხვდა ხელისუფლება?
– ეს არის ძალიან მაღალ დონეზე ვიზირებული, იმიტომ, რომ ხელისუფლების რიგითი წარმომადგენლები ამას უბრალოდ ვერ გაბედავდნენ.
– ანუ ეს არის ვიწრო ჯგუფის ინტერესი და არანაირი ეკონომიკის აღორძინებაზე ლაპარაკი არ არის?
– მე გეუბნებით, პროფესიული თვალსაზრისით ეს არის სისულელე! ეს არის დანგრევა, იმიტომ, რომ როდესაც კლანი ასეთ რესურსს აჯდება, განათლება, სოციალური საკითხები და სიღარიბე, ეს ყველაფერი გადადის მეორე პლანზე. შეიძლება აქ სერიოზული ფული მოვიდეს, მაგრამ მერე რა?!
– არ წავა ბიუჯეტში?
– არმოწყობილ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სად წავა ეს ფული? რა სოციალურ საჭიროებებზე და განათლებაზე?! სანამ განათლებას სერიოზულად არ შეცვლის ქვეყანა, მანამ ჩვენ კიდევ დიდი უბედურება გველის წინ.
ჩვენ უკვე მივედით იქამდე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არ ერიდებიან ამ კოშმარული განცხადებების კეთებას. ასე არ განვითარებულა არც ერთი ქვეყანა! ერთი მაგალითი მაინც მითხარით და ბოდიშს მოვუხდი ყველას და ვიტყვი, რომ ეს არის გზა.
ძალიან კარგად ვიცნობ უახლეს მაკროეკონომიკურ კვლევებს, გარკვეული ვარ, წლების განმავლობაში, დღედაღამ მუშაობით თუ როგორ ვითარდებოდნენ ქვეყნები. მათ შორის ძალიან ღრმად, მათემატიკის დონეზე მაქვს ეს ყველაფერი გააზრებული. არსად ასეთი უაზრობა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არ მინახავს.
– მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– აქ არის ორი მომენტი, ან სიხარბე, რომელსაც უპასუხისმგებლობა ბადებს, ან ეს არის შეგნებული პროვოკაცია ხელისუფლების სრული დისკრედიტაციისთვის და მომზადება ნიადაგისთვის, რომ “დემოკრატიული” გზით დაუბრუნდეს ხურდა იმ ჯგუფს, რომელსაც თავის დროზე “დემოკრატიული” გზით დაათმობინეს ეს ყველაფერი.
არანაირი სხვა ვარიანტი არ არსებობს, ამ ორი ვარიანტის გარდა. მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის დაწყებული ამბავი. უფრო ეს არის შეგნებული დისკრედიტაცია, მომზადება ნიადაგის, რომ კრახით დაასრულოს ამ ხელისუფლებამ ამ არჩევნებზე.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა