ვაზიანის ბაზაზე რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა

ვაზიანის ბაზაზე რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპათავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი კლასის რიგითის ვაჟა ლევანის ძე შათირიშვილის გარდაცვალების გამო.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს” – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.