ვახუშტი მენაბდე – „ეკლესიას პოზიციის გამოთქმის უფლებას ვერავინ წაართმევს“

ვახუშტი მენაბდე - „ეკლესიას პოზიციის გამოთქმის უფლებას ვერავინ წაართმევს“სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის შეთანხმების, კონკორდატის, მიხედვით, სახელმწიფო და საეკლესიო საქმეები ერთმანეთისგან გამიჯნულია და არ შეიძლება, ერთი მეორის საქმეებში ერეოდეს, თუმცა წლებია ისმება კითხვები, ერევა თუ არა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში და პირიქით.
ბოლო დღეებში რამდენიმე მეუფემ გააკეთა საჯარო მოწოდება, რომ ამომრჩეველმა არ დაუჭიროს მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.
ამაზე განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც და თქვა, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, ექნება მწვავე რეაქცია.
– მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ , არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ახალი თაობა“ ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა.
– უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფო საქმეებში? კანონმდებლობის თანახმად, გამიჯნულია ერთმანეთისგან სახელმწიფო და საეკლესიო საქმეები, თუმცა ვხედავთ, რომ მღვდელმთავრები აკეთებენ სხვადასხვა მოწოდებებს და ეს არ დაწყებულა ახლა, თუმცა ბოლო დღეებში ამან უკვე აქტიური სახე მიიღო. რამდენად გამართლებულია ეს?
– ცხადია, სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან განცალკევებულად არიან და ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩაერიონ. თუმცა, აქ საუბარი რაზეა? პოზიციის გამოთქმის უფლებას ვერავის წაართმევ. მღვდელმთავრებსაც აქვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. მნიშვნელობა აქვს იმას, სახელმწიფო როგორ უდგება ამას. თუ სახელმწიფო ამას ჩარევად აღიქვამს, ეს სხვა საკითხია.
– როდესაც არის მოწოდებები, რომ კონკრეტულ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა მხარი, ეს რამდენად გამართლებულია?
– ამას არაფერი კრძალავს. ეკლესია არის სოციალური, რელიგიური ერთობა და ნებისმიერ სოციალურ ინსტიტუტს აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ, რომ ეს ეკლესიის საქმე არ არის, თუმცა საბოლოო ჯამში ეკლესია თავად იღებს გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე როგორ ილაპარაკოს.
რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერას, სამწუხაროდ, არ ვიცი, რა შემთხვევაზე საუბრობთ, ამიტომ გამიჭირდება შეფასების გაკეთება.
– გვახსოვს, როგორი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, აგვისტოს ომის დაწყების ეპიზოდზე. ამაზე ჰქონდა რამდენიმე მეუფეს მწვავე რეაქცია.
– შეფასებები შესაძლებელია, გააკეთონ ადამიანებმა. ამას ვერავის დაუშლი. თუმცა, არის რაღაცა დამატებითი რეგულაციები, რომლებიც ძალიან დეტალიზებულია და კონკრეტულ საკითხებს შეეხება.
– სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ როდესაც პრეზიდენტი გახდება, ამაზე მწვავე პროტესტი ექნება.
– პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ პრეზიდენტის ხელში არ არის ბერკეტები იმისა, რომ რამე შეძლოს.
– ეს მღვდელმთავრებზე გარკვეულ ზეწოლად ხომ არ აღიქმება?
– პრინციპში უნდა გამოვიდეთ იქიდან, რა შეუძლია პრეზიდენტს და ზურაბიშვილმა თქვა, რომ მე ვერ შევეგუები ამასო. არ მინახავს ეს გამოსვლა, ამიტომ ძნელია რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება. თუ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო გამოიყენებს რეპრესიულ აპარატს, ეს პრობლემაა. მაგრამ თუ აქ იყო საუბარი მისი მხრიდან ეკლესიის კრიტიკაზე და ეკლესიის როლზე სახელმწიფოს ფორმირების პროცესში, ეს სხვა თემაა.
– გასაგებია, რომ პრეზიდენტს არ აქვს ეკლესიაზე ზემოქმედებისა უფლებამოსილება, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია და აღქმულია, რომ მის უკან მმართველი გუნდი დგას.
– ამაზე ნებისმიერი მსჯელობა ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება. იმიტომ, რომ არ ვიცი, რა იგულისხმებოდა კონკრეტულად ამ განცხადებაში.
– მღვდელმთავრებს განცხადებების კეთება ასეთ თემებზე დღეს არ დაუწყიათ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში იყო, მაშინაც გვახსოვს სასულიერო პირების განცხადებები, თუმცა გახსენდებათ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პროტესტის შემცველი შეფასება?
– ეს არაფერს ნიშნავს. მე რომ არ მომისმენია, ეს არ ნიშნავს, რომ არ ყოფილა. ეს არავითარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მე სალომე ზურაბიშვილის კარიერის ანალიტიკით არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული, ამიტომ არ ვიცი, ის რამდენად თანმიმდევრულია თუ პირიქით.
– ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეკლესიის საქმეებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, მერე როცა მოდიან ხელისუფლებაში, იგივენაირი პოლიტიკა აქვთ და პირიქით, ხელისუფლებაში მყოფი ძალა როცა ოპოზიციაში გადადის, ეკლესიის მხარეს დგება და მადლობას უხდის. ანუ პოპულისტობენ ამ თემებით.
– ამაზე ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – ეკლესიით და რელიგიით მანიპულირება პოლიტიკაში კარგი საქმე არ არის. ეს ახასიათებთ ქართველ პოლიტიკოსებს. მანიპულირების მაგალითებს ზოგიერთ შემთხვევაში მეც ვხედავ, ზოგიერთ შემთხვევაში არ ხდება.
– მანიპულირების თემები სახელმწიფოსთვის არის ცუდი თუ თავად იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც მანიპულირებენ?
– ეს ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვისაც, პოლიტიკისთვისაც და იმ კონკრეტული პოლიტიკოსისთვისაც, ვინც ამას აკეთებს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა