ზაზა ხატიაშვილი – ”ხვალ ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება! წერტილს დავუსვამ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ კამპანიას!”

ზაზა ხატიაშვილი - ”ხვალ ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება! წერტილს დავუსვამ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ კამპანიას!”ხვალ ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ადვოკატთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი წერს.

მისი თქმით, ხვალ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩხარტიშვილთან მიმართებით გაკეთებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია.

„მივმართავ ქართულ მედიას და მთელს საზოგადოებას! ხვალ ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს, სადაც წარმოგიდგენთ უმაღლესი სანდოობის მტკიცებულებას, რომელიც წერტილს დაუსვამს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერებით წარმოებულ ბინძურ კამპანიას. ხვალ, ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება“, – წერს ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში „თბილისის თამბაქოს“ დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით დალაგდა.

როგორც საუბრიდან ჩანს, ირაკლი ჩუბინიშვილმა ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთი პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ უწყების იმდროინდელ ხელმძღვანელ დიმიტრი ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა დასკვნა, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის 26 მილიონით დასაჯარიმებლად. ჩანაწერის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ვანო ჩხარტიშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რამაც შემდგომ ივანიშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი