ზაქარია ქუცნაშვილს მარიხუანის კულტივაციის პროექტზე 4 კითხვა გაუჩნდა

ზაქარია ქუცნაშვილს მარიხუანის კულტივაციის პროექტზე 4 კითხვა გაუჩნდასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს. დეპუტატი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს 4 ფუნდამენტური კითხვა კანონპროექტის ინიციატორებთან და მან ეს შეკითხვები დასვა, ახლა კი პასუხებს ელოდება.

– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც მარიხუანას კულტივაციის თემაზე შსს-ს კანონპროექტის შესახებ გაიგეთ? თქვენ ხართ ტრადიციული ღირებულებების მქონე პიროვნება, ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. რამდენად მისაღები იყო ეს პროექტი?

_ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე მაქვს ცალკეული დამოკიდებულება ცალკეული ფასეულობების მიმართ. კერძოდ, ოჯახური და რელიგიური ფასეულობის მიმართ ვარ საკმაოდ კონსერვატიული და ტრადიციული. რაც შეეხება მმართველობის და დემოკრატიის პრინციპებს, საკმაოდ ლიბერალური ვარ. ანუ მე არ ვარ სწორხაზოვანი ადამიანი, რომელიც ყველა საკითხს სწორხაზოვნად უყურებს. რაღაც საკითხებს კონსერვატიულად ვუყურებ, რაღაც საკითხებს _ ლიბერალურად.

_ ეს საკითხი რომელში გადის?

_ ეს ის საკითხია, რომელიც ორივე თემას ჰკვეთს _ რელიგიურსაც და დემოკრატიულსაც. სახელმწიფოს მართვის ნაწილია, რა გააკეთოს, მაგრამ როგორ გააკეთოს, ეს კავშირშია ტრადიციებთან და კონსერვატიულ ფასეულობებთან. არის რაღაცები, რაც მორალურად მიიჩნევა და არის საკითხები, რაც მორალურად არ მიიჩნევა. ეს საკითხი ორივეს საზღვარშია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ის არის, რომ ეკლესიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა ამ მოსაზრებაზე.

_ როდესაც წაიკითხეთ კანონპროექტი, რა რეაქცია გამოხატეთ გუნდში? მიუღებელი იყო თუ არა კანონპროექტის ამ ფორმით მიღება და გამოხატეთ თუ არა ამაზე პოზიცია?

_ მე ვიყავი იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, ვინც შეკითხვები დასვა. ჩემი აზრით, საკმაოდ რაციონალური შინაარსის. ამ საკითხს აქვს 4 ასპექტი და ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ამ 4 ასპექტზე პასუხების მიღებით. ეს არ არის მარტივი საკითხი და ჩვენ უნდა გავცეთ საზოგადოებას კითხვებზე პასუხი.

ეს ინიციატივა გაზრდის თუ არა ნარკოტიკების გავრცელების რისკებს თუ იგივე მდგომარეობაში დატოვებს?

შეიძლება თუ არა კანაფის მცენარის გამოყენება ჯანმრთელობის და კოსმეტიკის მიზნით. ამაზე მოსაზრება სპეციალისტებმა უნდა გვითხრან.

რამდენად მორალურია ეს? მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ერთ-ერთ ინგრედიენტზე, ეს იმ მცენარისგან უნდა იწარმოოს, რომელიც საზოგადოებაში მარიხუანასთან ასოცირდება.

მეოთხე შეკითხვა, რა ეკონომიკური ბენეფიტის მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის, რომ ღირდეს ამ ნაბიჯზე წასვლა.

ეს 4 შეკითხვა დაისვა და ველოდები მათზე პასუხებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოიხსნა საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან, ალბათ პასუხებიც გადაიდება.

_ ეს კითხვები შსს-ს დაუსვით?

_ დიახ, ინიციატორმა როცა გაგვაცნო, კითხვები იქვე დავუსვი. ასევე წამოვწიე საკითხი იმის თაობაზე, რომ თუ ეს ინიციატივა მოფიქრებული და გააზრებულია და ამ 4 შეკითხვაზე შესაძლებელია სრულყოფილი და დამაჯერებელი პასუხის გაცემა და ეს საქმე ასე მომგებიანია, მაშინ სახელმწიფომ უნდა აწარმოოს ეს საქმე და არა _ კერძო ლიცენზიანტმა. სახელმწიფომ ნახოს ამით ხეირი და არა _ კერძო პირმა.

_ ამ კითხვებზე მათ დრო ითხოვეს თუ თქვენ მიეცით დრო პასუხის გასაცემად? ანუ იქვე რატომ არ გაგცეს შეკითხვებზე პასუხები?

_ დრო ითხოვეს. ეს მოსაზრება დაიბადა მთავრობაში და ეს საკანონმდებლო ინიციატივის სახით უნდა შემოეტანა პარლამენტში. ბუნებრივია, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ჩვენ გავიმეორებთ ამ შეკითხვებს. მე წინასწარ გავაცანი კითხვები ამ მოსაზრების გარშემო და, ჩემი აზრით, ეს შეკითხვები საკმაოდ რაციონალური და სწორია.

_ ამ თემასთან დაკავშირებით ეკლესიასა და საზოგადოებას ჰქონდა საკმაოდ მწვავე რეაქცია. ამაზე არ გაგიჩნდათ კითხვა კანონპროექტის ინიციატორებთან? ხომ არ სჯობდა, რომ საზოგადოებასთან და საპატრიარქოსთან ყოფილიყო კომუნიკაცია და შემდეგ ყოფილიყო ინიციატივა გაჟღერებული?

_ კი სჯობდა, რომ მოსაზრების დონეზე გაეცნოთ ყველა ჯგუფისათვის. მე ვიცნობ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ვიცი მისი კონსერვატიული ღირებულებები და ვიცი, რომ იქ ბევრად მეტი ახსნა-განმარტებითი სამუშაო იყო საწარმოებელი. მე ეკლესიის რეაქცია არ გამიკვირდა, ეს ბუნებრივი რეაქცია იყო.

_ ამან გამოიწვია ის, რომ განხილვა დროებით გადაიდო?

_ ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგეც არის. მაგრამ, ჩვენი საზოგადოება მხოლოდ სასულიერო პირებისგან ხომ არ შედგება?! საზოგადოების რეაქცია არ იყო ამაზე დადებითი და ადეკვატურად მოიქცა მთავრობა, როცა ამ მოსაზრების განხილვა შეაჩერა.

_ „ქართული ოცნებისთვის“ საკითხის ამგვარად დასმა და შემდგომ მისი განვითარება პოლიტიკურად წამგებიანი არ იყო? ვინც აკრიტიკებს კანონპროექტს, იტყვის, რომ ხელისუფლება არც კი შეგვითანხმდა, ისე შემოიტანაო, ულტრილიბერალები კი იტყვიან, რომ ეკლესიის პოზიციის შემდეგ ხელისუფლებას შეეშინდა. ეს თემა რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო პარტიული რეიტინგის თვალსაზრისით?

_ ზოგადად მთავრობა ვალდებულია, ეძებოს დამატებითი შემოსავლის წყაროები, მაგრამ, თუ ზემოთ დასმულ შეკითხვებზე არ იქნებოდა პასუხები, გამართლება ამ გზით კეთილდღეობის მოტანისა მთავრობას გაუჭირდებოდა. აქედან გამომდინარე დავსვი ის შეკითხვები, რაც ჩამოგითვალეთ. თუ ჩემს კითხვებზე იქნება დადებითი პასუხები, რომ რისკები არ იზრდება, მოაქვს ასეულობით მილიონი შემოსავალი და შეიძლება მისი გამოყენება სამედიცინო მიზნით, მაშინ რჩებოდა მეოთხე შეკითხვა მორალურ თემაზე, რაზეც მოქალაქეები დაფიქრდებოდნენ.

_ ოპონენტების კრიტიკაზე რას იტყოდით? მათ თქვეს, რომ საქართველოს გადაქცევა უნდათ ავღანეთად და კოლუმბიად. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

_ კოლუმბიას რომ ადარებენ, იქ კანონით არ რეგულირდება. უკანონოდ რეგულირდება ყველაფერი. ჩვენთან კანონიერ საქმიანობაზე იყო მოსაზრება.

_ და როგორ მოხერხდება მისი გაკონტროლება? დღეს უკვე ბევრს აქვს დათესილი მარიხუანა, სოფლად განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც კანონით იკრძალება ეს. ამ შემთხვევაშიც რთული იქნება რეგულირების კონტროლი.

_ ამიტომაც მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, რომ კრიმინალური რისკები არ იზრდება. ვგულისხმობ იმას, რომ გამოტანა და გაყიდვა არ მოხდება და უკანონო კულტივაციის რისკები არ იზრდება.

_ ოპონენტების კიდევ ერთი კრიტიკა იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მარიხუანას პლანტაციების გაშენება. ამაზე რას იტყოდით?

_ არა მგონია, ეს სერიოზული ბრალდება იყოს. ბიძინა ივანიშვილი პატრიოტი კაცია, მას ქვეყანა უყვარს. არ მინდა დავუშვა ის, რომ მისი რომელიმე მოსაზრება ანტიეროვნული ან ანტისახელმწიფოებრივი იქნება.

_ თქვენ შესაძლოა ასე ფიქრობთ, მაგრამ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი აღარ ფიქრობს ასე.

_ გეთანხმებით, ბატონი ბიძინას მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გაიზარდა. თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პატრიოტი ადამიანია.

_ პატრიარქის ქადაგებაც შეაფასეთ. ის განსხვავებული იყო იმ მეუფეების განცხადებებისგან, რომლებიც მანამდეც გვესმოდა და ისევ მოვისმინეთ მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრეს ქადაგებებში. იქამდე იყო ნათქვამი, სანთლების რევოლუციას მოვაწყობთო. პატრიარქის ქადაგება ცოტა ორაზროვანი იყო. ხელისუფლების კრიტიკაც იყო და მის როლზეც იყო საუბარი, მაგრამ ისიც იყო ნათქვამი, რომ ხელისუფლებაც ზრუნავს ხალხზე და ამ პრობლემაზე. თქვენ არ დაგრჩათ კითხვები?

_ მისი უწმინდესობის პოლიტიკა ეფუძნება ერის მთლიანობას, სიმშვიდის მოტანას და რადიკალური განწყობების მაქსიმალურ შემცირებას. თუ ვინმეს უკვირს მისი უწმინდესობის ეს დამოკიდებულება, რომ ის შემრიგებელია, დამთმობია და ცდილობს, რომ რადიკალური მხარეები თანხმობისკენ წაიყვანოს, მაშინ მას არ ესმის მისი უწმინდესობის, როგორც სულიერი მამის, როლი.

თქვენ წარმოიდგინეთ, პატრიარქი ისე რომ საუბრობდეს, როგორც მეუფე პეტრე საუბრობს, მაშინ ის ხომ პატრიარქი არ იქნებოდა?! სულიერი მამის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის გამაერთიანებელი და რადიკალური მხარეების პოზიციების შემარბილებებლი უნდა იყოს.

_ ანუ სამოქალაქო დაპირისპირებას მოერიდა?

_ მისი პოზიცია მთელი ამ 40 წლიანი მმართველობის განმავლობაში სწორედ ასეთი იყო. რბილი ხელის პოლიტიკა, რომელიც ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, რომ დაინახონ შეცდომა და გადადგან ნაბიჯი ერთმანეთისკენ და არა _ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ღმერთმა დაიფაროს, რომ საქართველოს პატრიარქი წამქეზებელი და მაპროვოცირებელი იყოს. ილია II ასეთი ვერ იქნებოდა, ამიტომ მისი ეს პოზიცია ნურავის ნუ უკვირს. ეს სულიერი მამის ტრადიციული პოზიციაა.

_ ცნობილი გახდა ისიც, რომ ქადაგებამდე ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია. ინფორმაცია მიაწოდა პატრიარქს და ამანაც ხომ არ იქონია გავლენა მისი ქადაგების შინაარსზე?

_ ვერ გეტყვით. მე არ დავსწრებივარ შეხვედრას და არ ვიცი, რა ინფორმაცია მიაწოდეს. მე ვსაუბრობ მისი უწმინდესობის საეკლესიო და საზოგადოებრივ საქმიანობაზე, სადაც მას უკავია მხარეების დამაახლოვებლის როლი და არა _ დამაპირისპირებლის. ეს ნორმალური მგონია და შეესაბამება სულიერი მამის პოზიციას.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა