თბილისის ცენტრში 25 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ა.კ. დააკავეს

თბილისის ცენტრში 25 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ა.კ. დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995 დაბადებული გ.ს. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს.