“ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მუჯლუგუნი უთავაზა” 

"ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მუჯლუგუნი უთავაზა" რისთვის ემზადებიან პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი, ვის მიაქვს ივანიშვილთან არასწორი ინფორმაციები, ვინ გამოაცხადა ქვეყნის არაფორმალურ მმართველად ნიკა გვარამია?  – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი კობახიძის გამოსვლამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. პარლამენტის სპიკერი გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა. არადა ცოტა ხნის წინ კვირიკაშვილი თანამდებობიდან სწორედ იმიტომ გადააყენეს, რომ ხალხს უჭირდა.
– მოდით, საუბარი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციით დავიწყოთ, “რეაქციაში” კობახიძემ ამ თემაზეც ისაუბრა. თბილისის მთავარ ქუჩაზე ახლა საქართველოს სირცხვილის ისტორია იწერება. გავა წლები და მომავალი თაობები ამრეზით შემოგვხედავენ ჩვენ. მომავალ თაობებს ჩვენ გამო შერცხვებათ იმის გამო, რომ შვილმოკლული მამები ქუჩაში დგანან და სამართალს ვერ პოულობენ.
ყველაზე ცუდ მდგომარეობაში დღეს ზაზა სარალიძეა. მას არ ეუბნებიან, ვინ მოუკლა შვილი. კობახიძე ამბობს, რომ გამოძიება 90%-ით დემოკრატიულად არის ჩატარებული და მკვლელის დადგენის საშუალებას მტკიცებულებები არ გვაძლევს. ,ამ დროებითი საგამოძიებო კომისიისკენ გაიშვირა ხელი და იკითხა, გამოიძია კიო.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოიძია ეს საქმე და საზოგადოებას ნათლად უთხრა ერთი რამე, საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და შემდგომ დაშვებული შეცდომების, გულგრილობის, არაკვალიფიციურობის გამო ვერ დადგინდა დათუნა სარალიძის მკვლელი.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოითხოვა ხელახალი გამოძიება, რათა დადგინდეს, არის თუ არა ჩადენილი სამოხელეო დანაშაული, ჰქონდა თუ არა ადგილი გამოძიებაზე ზემოქმედებას.
საგამოძიებო კომისიას ნამდვილად არ ჰქონდა იმის პრეროგატივა, რომ მას აპრიორი დაედო დასკვნა, რომ ეს არის მკვლელი.
თავის გამოსვლაში კობახიძე ხან უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ლაპარაკობდა, ხან იმას უსვამდა ხაზს, რომ კომისიამ მკვლელი ვერ გამოავლინა. დავიჯერო, არ იცის, საგამოძიებო კომისია სასამართლო რომ არ არის?!
– პროფესიით იურისტია და წესით უნდა იცოდეს.
– ამის გარდა, ის არის ახალი კონსტიტუციის ავტორი და რაღაც მაინც უნდა იცოდეს. ირაკლი კობახიძე გახლავთ ქართული პოლიტიკის სირცხვილი.
გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ დაბრუნდა? თქვა, “ოცნებაში” პრობლემებიაო. გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მაინტერესებს, რატომ დარჩა პარტიის აღმასრულებელი მდივანი თანამდებობაზე. კობახიძეს ჰგონია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ის არის პირველი და ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია.
მთელი რიგი მიმართულებით, მას ხალხის დამოკიდებულება ფეხებზე ჰკიდია. ზოგჯერ სულ არ იცის ხალხის განწყობები.
ახლა სიღარიბეზეც ვისაუბროთ. იცით, საიდან მოვიდა ციფრი, რომ ღარიბთა როცხვი 200.000-ით შემცირდა? 200.000 ადამიანი საჯარო სექტორში ჰყავთ დასაქმებული ხელშეკრულებებით. შტატში ეს ადამიანები არ ჩანან. “ოცნებაში” ჰგონიათ, რომ სიღარიბე შეამცირეს და ეკონომიკა გაიზარდა.
მედიასთან მიმართებაშიც უტიფრად მოიქცა კობახიძე და თქვა, რომ მათი მოსვლის შემდეგ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება. ამ დროს მას წინ ეჯდა ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს მედიაში სახელისუფლებო რეპრესია.
ინგა გრიგოლიამ ირაკლი კობახიძეს უთხრა კიდევაც, რომ როდესაც “იმედში” მუშაობდა, უამრავი სიუჟეტი დაიბლოკა. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ გამოუშვეს “ოცნების” დროს გრიგოლია “იმედიდან”, რას უქნეს “მაესტროს” და საზოგადოებრივ მაუწყებელს.
– ირაკლი კობახიძე “იმედზე” ამბობს, რომ ის ოპოზიციისკენ გადახრილია ტელევიზიაა.
– “იმედი” და ჯიდიესი კრიტიკული ყოფილა, ხოლო რუსთავი 2 თურმე, ხალხს ტვინს ურეცხავს. ამ დროს ხმა საერთოდ არ ამოუღია საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის ხელის მოთბობის ადგილად იქცა.
ბატონმა კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში იდეოლოგიის განმსაზღვრელი ყოფილა რუსთავი 2. საქართველოში ისე ყველაფერი კარგად ყოფილა და როცა ამ ტელევიზიას ვრთავთ, მაშინ მიდის ყველაფერი ცუდად. რუსთავი 2-ს რომ გამოვრთავთ, მერე შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ და ვეღარ ვამჩნევთ, ქვეყანა როგორ ყვავის.
ნიკა გვარამია იმდენჯერ ახსენა, გამოდის, რომ ის ადგენს პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგს.
– კობახიძის გამოსვლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა რომ გვეგონა, ეგ არაფორმალური მმართველი გვარამია ყოფილა.
– პარლამენტის თავმჯდომარემ გვარამია წარმოაჩინა, როგორც ჰიტლერი და ჰებელსი, ერთ სხეულში გასხივოსნებული. ირაკლი კობახიძეს გიორგი გაბუნია სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია. ნოდარ მელაძეს იმდენი ექსკლუზივები აქვს, შს მინისტრი ეგონება. ეკა კვესიტაძეს იუსტიციის მინისტრად ჩათვლის. გადაანაწილა თანამდებობები და გამოდის, რომ რუსთავი 2 მართავს ქვეყანას..
– კობახიძე თავად მართლა არ მართავს ქვეყანას, მას არავინ არაფერს ეკითხება და ალბათ ამიტომ ჰგონია რომ რუსთავი 2 მართავს ქვეყანას.
– თავად პარალელურ საქართველოს მართავს, სადაც ყველაფერი კარგად არის. ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი, ეტყობა, ამ განწყობებით ესაუბრება ივანიშვილს. უმტკიცებს, რომ ყველაფერი კარგად არის.
ივანიშვილს ძალიან არ უყვარს კრიტიკული აზრის მოსმენა და ამიტომ ეუბნებიან, ყველაფერი კარგად არის, რუსთავი 2 იტყუება. მთლიანობაში ამ ადამიანებს ეტყობა მართლა ჰგონიათ, რომ საქართველო გასაოცარი დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც სიღარიბეც დაძლეულია, რომელსაც მარიხუანის მოყვანით კიდევ უფრო დავძლევთ.
თავში საუბარი ზაზა სარალიძით დავიწყე და ისევ მინდა ამ თემას დავუბრუნდე. კობახიძემ გვითხრა, რომ მისი აქციის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას. ეს ასე არ არის და ასეც რომ იყოს, არც ამაში იქნებოდა რამე ცუდი.
გაგახსენებთ რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს. დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირები, როცა ოპოზიციაში იყვნენ, ქულების დასაწერად გირგვლიანის სახელს გაჰყვიროდნენ.
რას ჰქვია ნაციონალების მიერ არის ეს აქცია ორგანიზებული? გამოვიდეს მაშინ შს მინისტრი და გვითხრას, დგას თუ არა ამ აქციის უკან ყოფილი ხელისუფლება. განცხადება გააკეთოს უსაფრთხოების სამსახურმა.
როგორ დავიჯერო, “ოცნებაში” ერთი ადამიანი არ არის ისეთი, რომელიც მორალურად თანაუგრძნობდეს შვილმოკლულ მამას, რომელიც მხოლოდ სამართალს ეძებს. აი, ასე დეგრადირდა “ქართული ოცნება” და ასე დეგრადირდა საზოგადოება.
– ზემოთ აღნიშნეთ, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას ივანიშვილთან არასწორი ინფორმაციები მიაქვთ. ატყუებენ პარტიის თავმჯდომარეს თუ სიმართლეს იმიტომ არ ეუბნებიან, რომ მას კრიტიკული აზრის მოსმენა არ უყვარს?
– გამოდის, რომ ივანიშვილს ატყუებენ. ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რამდენიმე მედიასაშუალება და ოპოზიცია ნეგატიურ ფონს ქმნიან. კობახიძე ივანიშვილს ეტყვის, 10.000-მდე როგორ გავიზრდიდი ხელფასს, ხალხს რომ უჭირდესო.
– ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილოა, რომ ამის სჯერა?
– გამოდის, რომ იჯერებს. ივანიშვილი ქვეყანას უკვე ვეღარ მართავს, ეს ქვეყნისთვის დამანგრეველია. არ ვიცი, კრიტიკული აზრის მოსმენა არ უნდა, თუ მართლა სჯერა კარგად ცხოვრების, მისი პოზიცია ჩემთვის ძალიან დამაბნეველია.
ასეთივე დამაბნეველია ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერენ. ის მარაზმი, რაშიც “ქართული ოცნება” გვაცხოვრებს, დიდხანს არ გაგრძელდება.
– პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნება ახსენეთ და რატომ დაბრუნდა ეს კაცი? მისი მოსვლის შემდეგ უფრო აირია მონასტერი.
– ივანიშვილი იძულებული გახდა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. მას ხელიდან ეცლებოდა სადავეები. ის პოლიტიკაში გაზრდილმა კორუფციამაც დააბრუნა. მას ელიტურ კორუფციაზე ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაციები.
ცოტა ხნის წინ როგორ სკანდალში გაეხვია ზუგდიდის მერი. მან თანამდებობა დატოვა და მის საქმეზე სუსმა გამოძიება დაიწყო. ამის შემდეგ რა მოხდა? პარტიამ ზუგდიდის ყოფილი მერი პარტიულ თანამდებობაზე დატოვა. გამოდის, რომ სუსს ვიღაცამ უთხრა, ეს კაცი ბოლომდე არ უნდა გავწიროთ – არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი.
არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი რიგი მერები კონკრეტული პერსონებს უხდიან ხარკს.
– ვის უხდიან მერები ხარკს?
– პარტიაში მიდის ეს ხარკი. პოლიტსაბჭოს წევრი და მის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე პირი მთელი ქვეყნის მასშტაბით კრეფს ხარკს. ეს ხარკი, ასე ვთქვათ, ქართული მაღარიჩად არის მონათლული. ხარკს მხოლოდ იმ მერებისგან არ ითხოვენ, რომლვბიც კალაძის და ივანიშვილის პროტეჟეები არ არიან.
– ხარკის ამბავი ივანიშვილმა არ იცის?
– ივანიშვილმა არ იცის. ახლა ვამბობ პირველად და, იმედია, გაიგებს.
ახლა ისევ ირაკლი კობახიძის “რეაქციას” დავუბრუნდები. ამ გადაცემაში რომ მივიდა, მას ჰქონდა კონკრეტული გეგმა და სრულებით არ აინტერესებდა, რა კითხვებს დაუსვამდა მას ინგა გრიგოლია.
მან საუბარი “ბასიანის” თემით დაიწყო და თქვა, რომ სანამ ეს პოლიცია ღამის კლუბში შევიდოდა, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კლუბური ნარკოტიკებით. მინდა იცოდეთ, რომ “ბასიანი” აქ არაფერ შუაშია. ეს იყო პოლიტიკური თემა, რომელსაც შიდა ქოცური გადატრიალება უნდა მოჰყოლოდა. ამის შესახებ მე ადრეც ვსაუბრობდი.
ახლა ბატონმა კობახიძემ თავისი ნარატივი, სალომესი არ იყოს, იქ გათხაროს, სადაც უნდა გათხაროს. მაგის ზღაპრებს არ დავიჯერებ და ვიტყვი, რომ კლუბური ნარკოტიკებით ადამიანების სიკვდილი ემსახურებოდა იმას, რომ დაწყებულიყო მღელვარება.
ეს მღელვარება მიმართული უნდა ყოფილიყო შსს-ს და კონკრეტულად მინისტრ გახარიას წინააღმდეგ. იმ პერიოდში გახარია, როგორც მომავალი პრემიერი, ისე განიხილებოდა. მას უნდა შეეცვალა კვირიკაშვილი. ბახტაძე საერთოდ არსად არ ჩანდა. მაგრამ მის წინააღმდეგაც მიდიოდა კამპანია, ოღონდ უფრო რაფინირებულად მუშაობდნენ და მის წინააღმდეგ კომპრომატებს ყრიდნენ ქუჩაში.
კობახიძე ტყუილად ამბობს, რომ “ბასიანის” ამბების მერე აღარავინ დაღუპულა ნარკოტიკებით. ნარკოტიკებით გარდაცვლილი ადამიანების თემა გამოიყენეს იმისთვის, რომ შიდა გადატრიალება მოეწყოთ.
ახლა, როცა ამ განცხადებებს კობახიზე ასეთი “ზაგატოვკით” აკეთებს, ვფიქრობ, თავადაც ხომ არ არის ამ პროცესების თანამონაწილე. ის ძალიან სწრაფად გაემიჯნა კვირიკაშვილს. ამ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს გამოვთქვამ, არაფერს არ ვასაბუთებ და უდანაშაულობას პრეზუმფციასაც ვიცავ.
ვინ ყოფილა ეს ადამიანი? გამოდის და ღიად გვეუბნება, მე როგორც მინდა, ისე იქნება და დანარჩენებს თავში ქვა გიხლიათ. რუსთავი 2-ს რომ ლანძღავს, ის რატომ ავიწყდება, თავის კაბინეტსა თუ მისაღებში მარტო ეს არხი რომ აქვთ ჩართული.
მისგან ყველაზე გასაკვირი მაინც გიორგი მარგველაშვილზე გაკეთებული განცხადება იყო. სპიკერმა თქვა, რომ ის იყო ნაციონალი. მიჩნდება ეჭვი, რომ ამ განცხადებით კობახიძე ურტყამს ივანიშვილს. ფაქტიურად უთხრა, დებილი ხარო.
– ამის თქმას როგორ გაუბედავდა.
– გაუბედა და ეგაა. თქვა, რომ ივანიშვილმა ნაცების ჩანერგილი კაცი წარადგინა პრეზიდენტად. ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ ივანიშვილს მუჯლუგუნი უთავაზა.
– კობახიძემ კვირიკაშვილი უკვე მოინელა, მაგრამ ივანიშვილი არაა ასეთი იოლი მოსანელებელი.
– ვნახოთ, რას მოიმოქმედებს საპასუხოდ პარტიის თავმჯდომარე. ახლა კობახიძე თავის კომკავშირლებთან ერთად ახალი კოალიციის შექმნას და პოზიციების გამყარებას აპირებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს გუნდი მამუკა ბახტაძესაც დაუპირისპირდეს. დაპირისპირების პირველი ნიშნები უკვე შეინიშნება, მარგველაშვილისთვის ნასროლი ქვა ივანიშვილის ბოსტანში იქნა ნასროლი.
– კობახიძის კომკავშირლებში ვის გულისხმობთ, ვისთან ერთად უნდა შექმნას კოალიცია?
– მდინარაძეს, თალაკვაძეს და იმ ხალხს, ვინც მის გუნდში მოიაზრება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა