ირაკლი სესიაშვილი – ”ოცნება” ერთიანია, მაგრამ განსხვავებული პოზიციები გვაქვს”

ირაკლი სესიაშვილი - ”ოცნება” ერთიანია, მაგრამ განსხვავებული პოზიციები გვაქვს”პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

_ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს როლი ანტიტერორისტული ოპერაციების მხრივ პოზიტიურად არის შეფასებული, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

_ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყანა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ფლაგმანია, ასეთ ყოვლისმომცველ და პოზიტიურ შეფასებას აკეთებს. ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანო ის ორგანოა, რომელიც აღჭურვილი, მომზადებული და უნარიანია, რომ ტერორიზმს ებრძოლოს. ეს ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით პარტნიორად მიიჩნევს.

_ ამის შემდეგ ხელისუფლება თვითკმაყოფილებას ხომ არ მიეცემა?

_ ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა და აქ მოდუნების უფლება არავის აქვს. ამას პირველ რიგში სიღრმისეულად იაზრებს ყველა ის სამსახური, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ტერორიზმს ებრძვიან. აქ მხოლოდ ვიწრო სახელმწიფოებრივი ინტერესები არ არის, გლობალური ინტერესებია. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით და მაშინ, როდესაც ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის პარტნიორია აშშ, ჩვენ აქ საერთო მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ერთობლივად ვმოქმედებთ.

რა თქმა უნდა, არ მოვდუნდებით. პირიქით, ჩვენ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის სხვა პარტნიორებთან. ჩვენ, ძირითადი პარტნიორის გარდა, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა პარტნიორებთან, ნატოს წევრ თუ არაწევრ ქვეყნებთან. ბოლო წლების განმავლობაში ნატოს წევრ არაერთ ქვეყანასთან დავდეთ ხელშეკრულება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ სფეროში თანამშრომლობისთვის.

_ ცნობილია აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველო ნატოში გაწევრიანები მიმართ. რა კეთდება იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც ტრადიციულად პესიმისტურად არიან ხოლმე განწყობილი? პირველ რიგში გერმანიას და საფრანგეთს ვგულისხმობ.

_ მე არ ჩამოვთვლიდი ქვეყნებს, ვინც ფრთხილად უდგებიან საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. შემიძლია გითხრათ, რომ პირიქითაა. ეს ქვეყნები კიდევ უფრო მეტად ცდილობენ ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას, რომ საქართველო რაც შეიძლება უკეთ იყოს მომზადებული წევრობისთვის.

აქ არის საერთაშორისო გამოწვევები და შიდა რეფორმები, მაგრამ ინტეგრაციის პროცესში ჩვენ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ნატოს წევრები იმაზე ადრე გავხდეთ, ვიდრე ეს გააზრებული იყო.

თავდაცვის სფეროში, აშშ-თან პარტნიორობის ფარგლებში, გავაძლიერეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ვმუშაობთ და მოლოდინი გვაქვს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გვექნება. ვატარებთ იმ ტიპის წვრთნებს, რომლებიც პირდაპირ ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. მხედველობაში მაქვს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

_ ქვეყანას აღებული აქვს პროდასავლური კურსი. ამ ფონზე „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი აგვისტოს ომის დაწყების ეპიზოდზე აკეთებს უცნაურ განცხადებას. ეს „ქართულ ოცნებასა“ და პირადად თქვენ უხერხულობას არ გიქმნით?

_ ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპაცია მიუღებელია და დეოკუპაცია მშვიდობიანი ფორმებით უნდა მოხდეს. თუმცა, თუ საერთო მიზნებისკენ მივდივართ, დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ, როცა წარსულზე ვსაუბრობთ. მათ შორის უნდა ვისაუბროთ შეცდომებზე.

_ ამას რუსეთის საინფორმაციო წყაროები თავის სასარგებლოდ არ იყენებენ?

_ რუსეთის საინფორმაციო წყაროები ზოგადად არის კრემლის პროპაგანდის ნაწილი. ჩემთვის რუსული პროპაგანდა ვერ გახდება საერთაშორისო ურთიერთობებში რაიმე სახის დამაზიანებელი, რამდენადაც დასავლეთი კარგად ხვდება, რომ რუსეთი თავის მედიასაშუალებებს და უხეში ჩარევით გარკვეულ საერთაშორისო მედიასაშუალებებსაც იყენებს პროპაგანდის ფორმით საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად, რაც სცილდება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, ამიტომ რუსეთის მედია რას იტყვის, ამაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად მოახდენს საქართველო საერთაშორისო სამყაროს კონსოლიდაციას. მე ვფიქრობ, ეს მიღწეულია და მუდმივად ვმუშაობთ ამ თემაზე.

_ ეს გასაგებია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები თქვენთან თანხვედრაშია?

_ რა პოლიტიკური განცხადებები და შეფასებებიც კეთდება, მე ვფიქრობ, გადაჭარბებულია იმ განცხადებებთან, რომლებიც ქალბატონმა სალომემ გააკეთა. ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე. თუ ძალიან შორს წავალთ შეგვიძლია გეორგიევსკის ტრაქტატიც ვახსენოთ, 1921 წელიც.

90-იან წლებში რუსეთმა ყველა ის ნაღმი აამოქმედა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც წინასწარ ჰქონდა მომზადებული. როცა ქალბატონი სალომე საუბრობს, რომ ოკუპაცია რუსეთმა უფრო ადრე დაიწყო, ძნელია, არ დაეთანხმო. რაც შეეხება მოქმედებებს, მე მგონი ამაზე ანალიზი არ ღირს სტრატეგიულ დონეზე. რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.

თუ განვიხილავთ ოკუპაციას, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პოლიტიკურ ისე სტრატეგიულ ჭრილში, მაგრამ ფაქტს ვერ ავცილდებით და კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ იმას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც ადასტურებს, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.

_ რა ხდება „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოში. გუნდი ერთიანია? მხოლოდ ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე ფაქტი იყო, სადაც აშკარად გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. რა ხდება გუნდში?

_ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთიანობა ერთ აზრზე ყოფნას ნიშნავს, მაშინ ვეტყვი, რომ ეს სტრატეგიული შეცდომაა. თუ ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, უნდა გვიხაროდეს, რომ მმართველ გუნდში პროცესები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ხორციელდება.

_ აქამდე გარეთ არ გამოდიოდა ხოლმე ასეთი ფაქტები.

_ დიახ, ჩვენს გუნდში სხვადასხვა საკითხებზე არსებობს განსხვავებული აზრი. ხანდახან იმ აზრზე ვართ ხოლმე, რომ თუ განსხვავებულ აზრზე ვართ პრინციპულად, ეს პრინციპები იყოს დაცული. საერთო ინტერესებისთვის გუნდი ერთიანია.

ჩვენ ყველა „ქართული ოცნების“ ჯარისკაცები ვართ და, ცხადია, საერთო ინტერესები გვაქვს, რასაც ქვეყნის განვითარება ჰქვია. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ აზრთა სხვადასხვაობით ქვეყანას შანსს ვაძლევთ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. გუნდი ერთიანია, მაგრამ განსხვავებული პოზიციები გვაქვს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა