ლევან ალაფიშვილი – “ოცნებამ” მარიხუანის თემა სალომე ზურაბიშვილის ნეგატივის გადასაფარად შემოაგდო”

ლევან ალაფიშვილი - "ოცნებამ" მარიხუანის თემა სალომე ზურაბიშვილის ნეგატივის გადასაფარად შემოაგდო"კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში წინასაარჩევნო კამპანიისა და მარიხუანის კანონპროექტის კავშირზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მარიხუანის კულტივაციის ირგვლივ დისკუსიის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პარალელურ რეჟიმში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რამდენად თავსებადია წინასაარჩევნო პერიოდთან აღნიშნული საკითხის წამოწევა?
– ასეთი ტიპის სიურპრიზები ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, საზოგადოებისთვის უცხო არ არის. თუმცა, რასაკვირველია ნორმალური არ არის. თქვენ სწორად დააკავშირეთ წინასაარჩევნო პერიოდი და ეს საკითხი ერთმანეთთან.
“ქართული ოცნება” ამ საარჩევნო წელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილს მოუწია პარტიაში დაბრუნება და რაღაცეების დალაგება. პარტიაში არაერთი დაგჯგუფებაა და სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. ასეთი განსხვავებული მოსაზრებები მათ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. ამ მოცემულობაში ივანიშვილმა ოპტიმალური გამოსავალი მოძებნა და არც ერთი ჯგუფის კანდიდატი არ დაასახელა.
ამით მან კიდევ ერთხელ გადაავადა შიდაპარტიული დაპირისპირება, თუმცა, არჩევანი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა. სალომე ზურაბიშვილი მისი ნეგატივით, სახელისუფლო რესურსის მქონე პარტიისთვისაც კი საკმაოდ რთულად გასაყვანი კანდიდატია. თავად პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ არჩევნების მეორე ტურს და ამაზე ისინი ღიად საუბრობენ. ამ მოცემულობაში დამხმარე რგოლი არის პარალელურ რეჟიმში ისეთი თემების წამოწევა ან სრულიად ხელოვნურად შექმნა, რომლებიც მთავარს გადაფარავს.
– თქვენ ამბობთ, რომ მარიხუანის თემა გადასაფარად იყო?
– რა თქმა უნდა. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასე უცბად, თითქოს სახელდახელოდ, ბოლოს და ბოლოს საპატრიარქოსთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მსგავსი კანონპროექტი შეექმნათ. არა რეგულაციებზე, არა დეკრიმინალიზაციაზე, არამედ პირდაპირ კულტივაციაზე და პლანტაციების გაშენებაზე.
რა, ვერ გათვალეს, რაოდენ დიდ აჟიოტაჟსა და განწყრომას გამოიწვევდა ეს კანონპროექტი?! ვერ გაითვალისწინეს, რომ ასეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა?! ამას ვერ დავიჯერებ, მე სულ პირიქით მგონია. ცხადია, გათვალეს და სრულიად შეგნებულად გააკეთეს ეს ყველაფერი.
– ამ კანონპროექტს პირდაპირ არჩევნებს უკავშირებთ?
– დიახ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ტოპ-თემა, რომელიც ნიუსებიდან არ ჩამოდის, კანაფის კულტივაციაა და არა – საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი პოლიტიკური ძალის მიზანი ყველა შესაძლებლობით სალომე ზურაბიშვილის გაყვანაა.
– ასეთი თემებით “ქართული ოცნება” თავის ყულაბაში ნელ-ნელა ნეგატივებს ხომ არ აგროვებს?
– პარტიას ორი წელი აქვს რეზერვში მთავარ არჩევნებამდე, საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ. შესაბამისად, მმართველი ძალა ფიქრობს, რომ ახლა მისთვის მთავარია, მიზანს მიაღწიოს და შემდეგ უკვე შეეცდება ამ ზიანის ანაზღაურებას. ეს არის მათი სტრატეგია.
მე ეჭვი მეპარება, რომ ამ თემით დასრულდეს ეს ეტაპი. ეს არ იქნება ერთ-ერთი თემა. 28 ოქტომბრამდე ასეთი სკანდალური თემები თანმდევი იქნება ამ წინასაარჩევნო კამპანიის, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ნეგატივით არ იყოს ტოპ-თემა.
– თქვენ ახსენეთ “ქართულ ოცნებაში” რამდენიმე ჯგუფი, რომელთა არსებობაზე სხვადასხვა ფაქტები უკვე ღიად მიანიშნებს. ეს დაპირისპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენად გამძაფრდება?
– 2020 წლისთვის გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც კოალიციურ მთავრობაში პრემიერის ამბიცია ექნებოდა, ეს იყო კახა კალაძე.
– დღეს აღარ აქვს?
– არ ვიცი, ვისი მეცადინეობით, პარტიის თავმჯდომარის თუ ვისი, მაგრამ კალაძემ ეს დივიდენდი, რაც მას ნამდვილად ჰქონდა, გაფლანგა.
– რატომ გაფლანგა?
– იმიტომ, რომ კახა კალაძე პირდაპირ სალომე ზურაბიშვილს მიაბეს მისი სურვილის გათვალისწინებით თუ საწინააღმდეგოდ. ამიტომ, მას თუკი რამე პოზიტივი ჰქონდა, ამ მიბმით ჩამოშორდა. ვნახოთ, რას იზამს ამ მიმართულებით კალაძე.
2020 წლისთვის კახა კალაძე, როგორც “ქართული ოცნების” წამყვანი დაჯგუფების ლიდერი, პრაქტიკულად უკვე განეიტრალებულია. ამ პირობებში კი სიტუაციის დალაგება, მით უფრო 2020 წლისთვის, ბევრად უფრო ადვილი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის. თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად დააკორექტირებს ამ სტრატეგიას კალაძე და რის ფასად დაუჯდება ეს მას.
მას ჰყავს პარლამენტში წარმომადგენლობა ფრაქციის სახით, აქვს გავლენები ბიზნესში, ჯიბეში უდევს ხალხის მანდატი, მას აქვს პერსონალური, პირდაპირი გზით ელექტორალური რეიტინგი, განსხვავვბით ყველასგან, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისგან.
შესაბამისად, კახა კალაძეს რეალური რესურსი აქვს, მაგრამ როგორ გამოიყენებს ამ რესურსს 2 წელიწადში, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ამდენად, “ოცნებას” კიდევ უფრო საინტერესო პროცესები წინ აქვს, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა