ლომჯარია მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ლომჯარია მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვსხორავას ქუჩაზე მომხდარი კვლელობის საქმეში ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოითხოვს:

„საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებულ პარლამენტის დადგენილებაში, სხვა საკითხებთან ერთად შევიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული ის რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება 1. გამოძიების დაწყებას სამოხელეო დანაშაულსა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს გამოძიებაზე; 2. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისათვის.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, რამდენადაც მიიჩნია, რომ კომისიის სხდომებზე გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვებით დადასტურდა, რომ ჩაუტარებელი ან/და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ ემსახურებოდა კონკრეტულ საგამოძიებო ტაქტიკას. ამასთან, კომისიის მუშაობის დადგენილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა თავისი მუშაობის პერიოდში გამოავლინა საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი თანამშრომლების და მკვლელობის გამოძიებაში საპროცესო მონაწილეთა ახლო ნათესავებს შორის კომუნიკაცია.

კომისიამ მუშაობის პროცესში მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში მანამდე არსებულ მტკიცებულებებთან ერთად, მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობის ვარაუდს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ფაქტები მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობაზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ მკვლელობის მიმდინარე გამოძიების პროცესში შესწავლისა და შეფასების მიღმა დარჩა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს – საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოებს კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის ვალდებულება დაუდგინოს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.