მამუკა ბახტაძე რუსეთს – “გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან” – პრემიერი გაეროში სიტყვით გამოვიდა

მამუკა ბახტაძე რუსეთს - "გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან" - პრემიერი გაეროში სიტყვით გამოვიდამივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა.

გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი.

“თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობებს აწყდება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქცია აკისრია. დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძე გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია“, – ამ სიტყვებით დაიწყო მან გამოსვლა სესიაზე.

მისი სიტყვა დაახლოებით 20 წუთს გრძელდებოდა.

იმედინიუსი