მარიხუანის წარმოების ლიცენზია 25.000 ლარზე მეტი ეღირება

მარიხუანის წარმოების ლიცენზია 25.000 ლარზე მეტი ეღირებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შესაბამება. კანონპროექტით განსაზღვრული თანხა სალიცენზიო მოსაკრებელია, რაც ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობაა. აუქციონის მონაწილეებს ეს თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. ასევე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებები მონოპოლიური სქემის შექმნასთან დაკავშირებით. სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება იქნება ერთმანეთისგან გამიჯნული საქმიანობა.

ლიცენზიების რაოდენობა იქნება არანაკლებ 150-ისა, რაც გამორიცხავს ეკონომიკის მონოპოლიზებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანაფის წარმოებას, რომელსაც ახალი უწყება, „კანაფის კონტროლის სააგენტო“ გააკონტროლებს, სამედიცინო დანიშნულებისთვის არის განკუთვნილი.

„კანაფის კონტროლის სააგენტო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს. სამინისტროში სააგენტოს სტრუქტურაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, – განმარტავენ სამინისტროში.