ნუკრი ქანთარია – “მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტზე კითხვები ჩვენც გვაქვს”

ნუკრი ქანთარია - "მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტზე კითხვები ჩვენც გვაქვს"“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, “ქართული ოცნების” პარტიის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაგაცნოთ კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის კულტივაციასა და შემდეგ უკვე ექსპორტს ეხება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ შეხვედრაზე და რატომ წამოიწია ამ საკითხმა ახლა?
– დიახ, ასეთი შეხვედრა ნამდვილად იყო. ამ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ და ერთ-ერთი საკითხი მათ შორის გახლდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი. თუმცა, ამ საკითხის განხილვა, როგორც ასეთი, არ ყოფილა, ძალიან მცირე დრო დაეთმო. საკითხის განხილვები ახლა იწყება და ეს უფრო ფართო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც კანონპროექტი პარლამენტში შემოვა განსახილველად.
ეს კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება.
– დიახ, პირველი ნაწილი რეგულაციებს ეხება. მე მეორე ნაწილი მაინტერესებს, სადაც კულტივაცია-ექსპორტზეა საუბარი.
– პირველი, რეგულაციების ნაწილი საკმაოდ მკაცრია. ისე არ არის, როგორც ვიღაცეები ამბობენ, რომ ყველაფერი დასაშვები ხდება, ასე ნამდვილად არ არის, საკმაოდ მკაცრ რეგულაციებზეა საუბარი. მარიხუანის მოწევა იკრძალება.
მეორე ნაწილი ეხება ფარმაცევტულ დანიშნულებას. ხომ არ დაიწყოს ფარმაკოლოგიური მიზნებით მისი წარმოება და საერთაშორისო ბაზარზე გატანა, ოღონდ მკაცრი რეგულაციების პირობებში. არის ქვეყნები, სადაც სწორედ ამ მიზნებით ხდება მისი გამოყენება. აი, ეს იყო ამ სხდომაზე, სხვა მეტი არაფერი რა განხილულა ამ საკითხის გარშემო.
ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენს რეალობაში ძალიან ფაქიზი თემაა. ბუნებრივია, რომ ადვილი ნამდვილად არ არის ამ საკითხის წამოწევა. ჩემი აზრით, ყველაფერს აწონ-დაწონვა უნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მოჰყვა ამ საკითხს სხვადასხვა ინტერპრეტაციები, თითქოს აფთიაქებში ხდება მისი გაყიდვა ნებადართული და ა.შ. რაც სრულიად შეუსაბამოა რეალობასთან.
თუ მკაცრი რეგლამენტაცია მოხერხდება და ამ პირობებში დადებითი შედეგების მიღებაც მოხდება, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ სწორედ აქ არის კითხვები, რამდენად მოხერხდება რეგლამენტაცია, კონტროლი. რამდენად მოუტანს ქვეყანას ამის გატანა საერთაშორისო ბაზარზე შედეგებს, იმ წარმატებას, რომ ეს უღირდეს. ამ ყველაფერზე უნდა მივიღოთ პასუხები. თუ მოსახლეობისთვის მხოლოდ სანერვიულო გახდა და მხოლოდ ხალხი ააღელვა და სხვა არაფერი, მაშინ რა აზრი აქვს.
– ბატონო ნუკრი, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ ეს საზოგადოებას აღელვებს, რომ ხალხი ამას მშვიდად არ შეხვდება, ამ მიმართულებით თუ იყო უმრავლესობის შეხვედრაზე საუბარი?
– რა თქმა უნდა, ამიტომ სწორი მიწოდება არის საჭირო. ამიტომ არის ყველა ასპექტი ასაწონ-დასაწონი. ამიტომ, ახლა კანონპროექტის ავტორები როგორ მოგვაწვდიან, მათ შორის ჩვენც, პარლამენტის წევრებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტის წევრებს კითხვები აქვთ, ზოგი ემხრობა, ზოგი არ ემხრობა. რამდენად იქნება არგუმენტირებული, რომ ეს მოგვიტანს არა ზიანს, არამედ მოგებას, ამაზეა ახლა საქმე.
თუ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ეს იქნება მკაცრად რეგლამენტირებული და ვერავინ ვერ შეძლებს იქიდან სხვა დანიშნულებით მის გამოტანას, როგორც ეს, მაგალითად, ოქროს საბადოების შემთხვევაში ხდება, ხომ ვიცით, როგორ ვახერხებთ იქაც შესვლას და იქიდან ოქროს გამოტანას. ამიტომ მის სრულ დაცვაში უნდა დაგვარწმუნონ კანონპროექტის ავტორებმა.
მე, მაგალითად, ქართული ღვინო ყველა ღვინოს მირჩევნია და მგონია, რომ ყველაზე კარგია, მაგრამ ჯერ მაინც ვერ შევძელით მისი გატანა საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ყველაზე უკეთესის, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამჯერადაც საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი ადგილის დამკვიდრება გაუჭირდეს. ახლა თითქოს ახალია, თორემ ერთ-ორ წელიწადში შეიძლება აზრიც აღარ ჰქონდეს, ისე გაივსოს ბაზარი. ამ საკითხზე ალბათ სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ.
რაც შეეხება მორალურ ნაწილს, რომ ამას ჩვენ შავ ბაზარზე გავიტანთ, როგორც სახელმწიფო და გავყიდით, რომ სხვა ქვეყნის შვილები დავწამლოთ, ეს უკვე ყველაფერს სცილდება. აქ საუბარია მხოლოდ ფარმაკოლოგიურ თვისებაზე და საერთაშორისო ბაზარზე გავა მხოლოდ ნედლეულის სახით. საუბარია მხოლოდ როგორც წამალზე.
– რატომ მაინცდამაინც ახლა, რამდენად გონივრულია, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში? პოლიტოლოგები ამბობენ, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, წინ იყოს არჩევნები და პარალელურ რეჟიმში ისეთ კონსერვატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლება მარიხუანის კულტივაციის საკითხი განიხილავდეს.
– აქ ხომ არ არის საუბარი ქვეყნის შიგნით გაყიდვაზე?! ამაზე რომ იყოს საუბარი, მაშინ კი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ყველა დეტალს სჭირდება აწონ-დაწონვა და საბოლოო პოზიციაზე შეჯერება.
– თუ ფარმაკოლოგიურ დატვირთვაზეა საუბარი და მის დადებით თვისებებზე, მაშინ რატომ არა ჩვენთვის? ეს კითხვაც დაისვა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროებს დეტალურ განხილვას, სპეციალისტების ჩართვას და ყველა ინფორმაციის გაანალიზებას.
– პარლამენტში უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს, თუ მხოლოდ მირიან წიკლაურია წინააღმდეგი?
– დიახ, მირიან წიკლაური წინააღმდეგია. სხვა ადამიანებიც არიან, რომლებსაც თავიანთი ჩამოყალიბებული აზრი აქვთ. კითხვები არის.
– ანუ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის? უკან დახევა რამდენად არის შესაძლებელი?
– იმის თქმა, რომ აუცილებლად გავა ეს კანონპროექტი, მე დღეს ნამდვილად არ შემიძლია. საბოლოო ჯამში მაინც პარლამენტმა, უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა