ნუკრი ქანთარია – “მერაბიშვილის შეწყალება მარგველაშვილმა არ უნდა გაბედოს! – მარიხუანის კანონპროექტის გაწვევას წინ არაფერი უდგას”

ნუკრი ქანთარია - "მერაბიშვილის შეწყალება მარგველაშვილმა არ უნდა გაბედოს! - მარიხუანის კანონპროექტის გაწვევას წინ არაფერი უდგას"“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზის შესახებ საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი კანაფის პლანტაციების გაშენების კანონპროექტს შეეწირა. თითქოს ყოფილმა პრემიერმა თქვა, სანამ მე ვარ პრემიერი, ეს თემა დახურულიაო. თქვენ თუ გსმენიათ მსგავსი რამე გუნდის შიგნით?
– არა, არა, მე ნამდვილად არ მსმენია ამის შესახებ. რომ ყოფილიყო მსგავსი რამე, რომ ეს კანონპროექტი გახდა მიზეზი მისი წასვლის, თუ ეს ასე იქნებოდა, მაშინ აუცილებლად მეცოდინებოდა. ყურს მაინც მოვკრავდი.
– თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ კანაფის პლანტაციების გაშენების საკითხს არ შეეწირა გიორგი კვირიკაშვილი?
– მე შემიძლია ეს დავადასტურო იმ ფარგლებში, რაშიც მე ხელი მიმიწვდება. ერთი-ერთზე რა ხდება ან ორი-ორზე, არ ვიცი, მაგრამ მე რაც ვიცი, არის ის, რომ ამ საკითხთან კავშირში ნამდვილად არ ყოფილა.
– ანაკლიის პორტთან იყო კავშირში?
– არა!
– უმრავლესობის წევრები დღეს რას ამბობთ, რატომ წავიდა კვირიკაშვილი, თუ საუბრობთ ამაზე?
– ამაზე უკვე ითქვა, მე არ მინდა ხელახლა საუბარი. უთანხმოება და სხვადასხვა ხედვა იყო ეკონომიკური მიმართულებით. ამის გამო მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მას შეეძლო არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მიიღო და მოხდა ის, რაც მოხდა.
– სანამ ეს კანონპროექტი დაიწერებოდა, შემდეგ უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე განიხილებოდა, მანამდე თუ გსმენიათ ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ?
– პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ჰქონდა და ახლაც აქვს დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი. ამ ფარგლებში, კი ბატონო, საუბარი მიდიოდა. შეხვედრებზეც ვსაუბრობდით, თუ როგორ მოხდეს ისე, რომ მომხმარებლები არ დავიჭიროთ და თან რეგულაციები იყოს.
ყველა შეთანხმებული ვართ, რომ მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდეს. ერთი მხრივ ლოიალური მიდგომა იყოს ადამიანის მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ ამან არ უნდა მოახდინოს წახალისება. ამაზე, რასაკვირველია, საუბრები და მსჯელობა მუდმივად ხდებოდა.
– ეს პირველი ნაწილი, მაგრამ მე მეორე ნაწილზე, პლანტაციების გაშენებაზე გეკითხებით.
– არა, ამაზე საუბარი და განხილვა არც არასდროს არ ყოფილა. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შემდეგ იქნებოდა, მაგრამ რაც ამ ამბავს მოჰყვა, ყველამ ერთად დავინახეთ და გადაწყვეტილებაც ადეკვატური მივიღეთ. როდესაც ასეთი ნერვიული რეზონანსი მოჰყვა ამ ამბავს და ამის იქით არავინ გაიხედა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მთავრობა საზოგადოებას, ეკლესიას უნდა უსმენდეს.
ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ნორმალური გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ არის არც შიშით მიღებული გადაწყვტილება და არც უკანდახევა. რადგან იდეას მოჰყვა ასეთი რეაქცია და არა განხილვას, დეტალებს, ეს უკვე იყო ნიშანი.
– პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ შეჩერება შეჩერებას ნიშნავს. კანონპროექტი ჯერ შეჩერებულია. გაიწვევენ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– ამ ეტაპისთვის კანონპროექტი შეჩერებულია, მაგრამ, მგონი, გაწვევას წინ არაფერი უდგას. არ მგონია, რომ ეს პროცესი ვინმემ თავიდან დაიწყოს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, იქნებ მოგვესმინა, რა იყო? როგორ? მაგრამ კანონპროექტი არიქა საჩქაროდ განვიხილოთ და მივიღოთ, ასეთ რამეს არავინ გააკეთებს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ თემას არ უნდა დავუბრუნდეთ, გვეყოფა ამაზე ნერვიულობა. თუმცა, მე მაინც მომხრე ვიყავი, აგვეწონ-დაგვეწონა და ისე განგვეხილა და არა – ასეთ ემოციურ ფონზე.
– პარლამენტის ქუთაისიდან სრულად გადმოტანასთან დაკავშირებითაც დაისვა კითხვები. ნაციონალური მოძრაობა ამბობს, არ გადმოვატანინებთო. თქვენ რას იტყვით?
– პირველი დღიდან, როდესაც ქუთაისში გადაიტანეს პარლამენტი, მაშინაც დიდ სისულელედ მიმაჩნდა. ეს იყო სპეკულაცია და სხვა არაფერი. 350 მილიონი დაჯდა ამ შენობის აშენება, საიდან მოვიდა ეს ფული, როგორ, არაფერი არ ვიცით. შენობაც არ გამოდგა ისეთი, უჰაერობაა და ათასი რამ არის შესამოწმებელი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, უაზრო ხარჯები, დაკარგული დრო, საათები, რომელიც გზაში მიდის რატომ? მე-6 წელია, ამ კონიუქტურაში ვზივართ. თავიდანვეც გვინდოდა გადმოტანა, მაგრამ მაშინ შეიძლებოდა საკმარისი ხმები არ ყოფილიყო.
– მაშინ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა.
– დიახ, ხმების მოგროვების პრობლემა იყო, თორემ იმთავითვე ვფიქრობდით მაგ საკითხზე ჩვენ. ახლა, ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, სანამ რიკოთზე არ მოხდება შემაძრწუნებელი უბედურება, ხალხი ჩქარობს, ჯერ ქუთაისში ჩამოსვლა უნდა მოასწრონ, შემდეგ უკან დაბრუნება. მთავრობის წვერები ჩამოდიან და მერე უკან ბრუნდებიან. ეს შედეგისთვის სერიოზული გამოწვევაა, საკმაოდ მოქმედებს, გვინდა თუ არ გვინდა.
მე ვფიქრონ, რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლებაც და საკანონმდებლო ხელისუფლებაც. მით უფრო მაშინ, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ და როდესაც საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება.
– ქუთაისისთვის შემოსავლის წყარო იყო, ამ არგუმენტს არ იზიარებთ?
– ყველა წყალტუბოში სასტუმროში ჩერდება. ბინას აღარავინ ქირაობს, რადგან აზრი არ აქვს. თავიდან მართლაც ვქირაობდით, მაგრამ ახლა ორი დღით ჩავდივართ და აზრი არ აქვს. ამიტომ, კიდევ შეიძლებოდა რაღაც ეთქვათ მაშინ, მაგრამ ახლა ყველა სასტუმროში ცხოვრობს, თან მხოლოდ ორი დღით ჩავდივართ.
რაც შეეხება საკვებს, საკვები ობიექტი პარლამენტშია და რამდენიმე ადამიანი შეიძლება მუშაობს. მე ეკონომიკურ მოგებაზე საუბარი გამიჭირდება, აქ უფრო პრესტიჟზე შეიძლება იყოს საუბარი.
როდესაც ერთპალატიან პარლამენტზეა საუბარი, ორი შენობა არც ერთ ქვეყნის პარლამენტს არ აქვს. ორ შენობას, საზაფხულო და საზამთრო შენობას, ვინახავთ ამდენი წელი. არ ჯობია, ეს თანხების სხვა რამეს მოხმარდეს?! გახარიას აქვს მოსაზრება, რომ იქ რეგიონული ცენტრი და შშს-ს აკადემია გაიხსნას.
– კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს, ვანო მერაბიშვილის ჯანმართელობის მდგომარეობის გაუარესებაზეა საუბარი.
– პენიტენციურ სისტემაში ისეთი ვითარება აღარ არის, რაც სწორედ მერაბიშვილის დროს იყო. ამიტომ, ის მიიღებს ყველა სახის მკურნალობას, რაც მას ეკუთვნის. ახლა ციხეში ავადმყოფობის გამო ადამიანები აღარ კვდებიან, როგორც მაშინ და ეს დრო ჩვენ კარგად გვახსოვს. ვფიქრობ, მას დაენიშნება მაქსიმალურად გამორჩეული მკურნალობა და იზრუნებენ მის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება დარჩენილი ვადას, ის უნდა მოიხადოს.
– ნაციონალური მოძრაობა, მერაბიშვილის ადვოკატები პრეზიდენტს მარგველაშვილს მოუწოდებენ შეწყალებაზე. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი შეიწყალებს?
– არც უნდა გაბედოს. ისედაც ხალხში უკმაყოფილებაა, რომ სამართლიანობა არ აღდგა. მეტიც, ვინც იმსახურებდნენ სასჯელს, მათაც ვერ მიიღეს, რადგან ზოგი გაიქცა, ზოგი დაიმალა და ზოგმაც ფერი იცვალა.
ვინც იხდის სასჯელს, მათ დამსახურებულად ბოლომდე უნდა მოიხადონ. წასვლის წინ მარგველაშვილმა არ მგონია ასეთი დარტყმა მოახდინოს. ამას გამოვრიცხავ, ამაზე არ უნდა წავიდეს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა