პაატა შეშელიძე – ”ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია”

პაატა შეშელიძე - ”ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია”ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძემ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ეროვნული ვალუტის და ეკონომიკის საკითხების შესახებ ისაუბრა.

_ ბოლო რამდენიმე წელია, ეროვნული ვალუტა ზაფხულის ბოლოდან უფასურდება. დღეს არ არის საგანგაშო ნიშნულზე, მაგრამ ზაფხულის მიწურულსვე გაუფასურდა რამდენიმე პუნქტით. თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს, ეს არის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული თუ ეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი?

_ მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი ატარებს და სწორედ მის საქმიანობაში უნდა ვეძებოთ ხარვეზები. მე ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ მონეტარული პოლიტიკა არ არის სწორი. არ არის მიმართული ეკონომიკის განვითარებაზე. არ არის ორიენტირებული გრძელვადიან პერსპექტივაზე, ადვილად ექვემდებარება მანიპულირებას, პოლიტიკურ დაკვეთებს და მსხვილი ბიზნესის ინტერესებს. ადამიანები იღებენ კოლოსალურ თანხებს იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც არ მიუწვდებათ ხელი ამ ინფორმაციაზე და არ აქვთ საშუალება, ხელი მიუწვდებოდეთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხის გაცემის და სხვადასხვა რეგულაციების შემოტანით აქტიურად ერევა ბაზრის ფორმირებაში, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურად მუშაობს, სახაზინო ვალდებულებების კუთხით, რაც ნიშნავს, რომ ის აფინანსებს მთავრობას. რაც წესით არ უნდა იყოს მისაღები. პირდაპირ არ აფინანსებს, ირიბად აფინანსებს.

_ ირიბ დაფინანსებაში რა იგულისხმება?

_ ის იძენს ღია ბაზარზე სახაზინო ვალდებულებებს. სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს ფინანსთა სამინისტრო, მას ჯერ ბანკები იღებენ და ბანკებისგან ის იძენს, ან დეპოზიტად იღებს. დეპოზიტად მიღების შემთხვევაში ბანკებს სესხს აძლევს.

_ როგორ უნდა გატარდეს ამ მიმართულებით ეკონომიკური პოლიტიკა?

_ პოლიტიკა საერთოდ არაა საჭირო. ბევრად გონივრული იქნება ან პირდაპირ დოლარიზაცია, ან ლარის დოლარზე მიბმა, რაც გამორიცხავს ჩარევებს, შესაბამისად ხანგრძლივვადიანად ფისტალურს გახდის ქართულ მონეტარულ სივრცეს და საერთოდ ეკონომიკას. კიდევ უკეთესი იქნება თუ გამოვიყენებთ სხვა საშუალებებს და თავისუფალი არჩევანი მიეცემა ხალხს.

_ თქვენ ახსენეთ მსხვილი ბიზნესი და მისი ინტერესები. რა იგულისხმება ამაში?

_ ეროვნული ბანკი მართავს საბანკო კარტელს, არიან პრივილეგირებულები, აქვთ ზეგავლენა მიმდინარე პროცესზე, რაც შემდეგ აისახება შემდგომ ვითარებაზე. მათ აქვთ ყველა ბერკეტი, რომ სისტემა მართონ. ასევე, არის დამოკიდებულება სამთავრობო ინტერესებსა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს შორის. როგორც წესი, სინქრონულია და შესაბამისად პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიდის მონეტარული პოლიტიკის წარმართვა.

_ ანუ ეჭვი გაქვთ, რომ რაღაც მანიპულაციები შეგნებულად ხდება?

_ ადამიანები ყოველთვის შეგნებულად მოქმედებენ. ეროვნულ ბანკს პრაქტიკულად არ აქვს შეზღუდვა, რომ თქვას, რომ მისი ყველა ნაბიჯი სწორია. ჩვენ არ გვაქვს მისი შეფასების კრიტერიუმები. ერთადერთი არის წლიური ინფლაცია, მაგრამ ამას შემდეგ პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც პასუხს საერთოდ არაფერზე არ აგებს.

მისი დამოკიდებულება მუდმივად საფრთხეს უქმნის ეკონომიკის განვითარებას. აქვთ ისეთი ვალდებულებები აღებული, რეალურად რაც არ უნდა ჰქონდეთ და არ აქვთ ვალდებულებები აღებული, რაზეც უნდა ჰქონდეთ. ისინი აკონტროლებენ ფასებს, რაც მათი საქმე არ არის და არ აკონტროლებენ ფულის მასას და სხვა კომპონენტებს, რაც მათი საქმეა.

_ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი?

_ ეს ინსტიტუტი საერთოდ უნდა შეიცვალოს, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მისი საერთოდ გაუქმება, კომპრომისი იქნება მისი ფუნქციების მკვეთრად შეზღუდვა, ლარის მიბმა უცხოურ ვალუტაზე და ყველა სხვა საბაზრო ოპერაციის გაუქმება.

_ თუ გაუქმდება , ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული საკითხები როგორ გაკონტროლდება?

_ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური. ამიტომ მას არავითარი დამატებითი გაკონტროლება აღარ დასჭირდება. ეს იქნება მიბმული კურსი.

_ ინვესტიციების და ტურიზმის შემცირება იწვევს ლარის გაუფასურებას შემოდგომის პერიოდში. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

_ თუ ინვესტიციები შემცირებულია, ხელისუფლებამ თავის თავს დააბრალოს, ეს არასწორი პოლიტიკის შედეგია, მცირე ბაზრის გაყინვით და მონოპოლიების შექმნით და კორუფციის დანერგვით.

რაც შეეხება ტურიზმს, არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს შემცირდა. პირიქით, ზრდადი დინამიკა იყო. თუმცა, მე არ ვარ ზუსტად ინფორმირებული, როგორი იყო ტურისტების მიერ საქართველოში გაწეული შესყიდვები. მთავარი ის არის, რომ თუ ხედავს ხელისუფლება ამაში პრობლემას, საპირისპიროდ რატომ არ იქცევა?!

დღე არ გავა, რაღაც ახალ რეგულირებაზე და კორუფციულ სკანდალზე არ გავიგოთ. ესა თუ ის სახელმწიფო სტრუქტურა თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აქტიურად ერევიან ბიზნესის საქმიანობაში. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს ხვდება ფორმალური და არაფორმალური წინააღმდეგობები. რეგულირებების მომრავლება არის მსხვილი ბიზნესის შედეგი, რომელიც მთავრობასთან დაახლოებული ინსტიტუციურად გაფორმებული ბიზნესის ქსელში შედის.

_ როდესაც ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ხშირად რამდენიმე დღე დუმს ეროვნული ბანკი. რამდენად გამართლებულია ეს თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის სწორად ინფორმირება?

_ ეროვნულ ბანკს არჩეული აქვს სირაქლემას პოზიცია. ის არასოდეს აკეთებს მოვლენების ადეკვატურ შეფასებებს და ცდილობს, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა და დაუყოვნებლივ რეფორმას მოითხოვს. თუ განვითარება გვინდა, არ შეიძლება იყოს ინსტიტუტი, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხს არ აგებს.

_ ხომ არ არის საშიშროება, რომ კიდევ უფრო გაუფასურდეს ეროვნული ვალუტა ზამთრის მოახლოებასთან ერთად?

_ ძალიან გთხოვთ, ნუ აკავშირებთ ამ თემას ნურც ზამთართან და ნურც ზაფხულთან. ეს არ არის ბუნებასთან დაკავშირებული საკითხი.

_ ეს გასაგებია, მაგრამ ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ლარი გაზაფხულზე მყარდება, შემოდგომით უფასურდება.

_ გადახედეთ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს თავისი ლოგიკა აქვს და ეს არის დასაფიქრებელი. წლის ბოლოსკენ აქვს მთავრობას ინტერესი. გადაწყვეტილებები მეორდება იმიტომ, რომ პრობლემები მეორდება. პრობლემების გადაწყვეტა არ ხდება. წლის ბოლოს გასასტუმრებელი აქვს მთავრობას ვალდებულებები, დასამთავრებელია პროექტები, დედლაინებია და ამიტომ დამოკიდებულება იცვლება. პრობლემებს აგროვებენ და მერე უნდათ, რომ სწრაფად გადაწყვიტონ.

არჩევნები მოდის წელს და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. როგორც ჩანს, მთავრობას ინტერესია, რომ სოციალური პროექტები იქნება თუ ინფრასტრუქტურული, დაამთავროს. არჩევნების პროცესი ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს, იმიტომ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს აშკარად იყენებენ საარჩევნო კამპანიის დროს. შესაძლოა, პირდაპირ მოსყიდვა არ იყოს, მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომლებიც არჩევნებზე წამსვლელ ადამიანებზე ახდენს გავლენას. მაგალითად, გზა დაუგეს, ან სხვა რაღაცა გაუკეთეს.

თუ ჩვენ არ შევცვლით მონეტარულ სისტემას, ჩვენ გვექნება საფრთხე, რომ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ იძლევა საშუალებას, რომ ჩემ მიერ სწორად იყოს პროგნოზები გაკეთებული. ეს ინტერესები დინამიურია. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ის ადამიანები, ვინც ეს უნდა მიიღონ. ეცდებიან, მაქსიმალურად სხვის ხარჯზე გააკეთონ. ოპტიმიზმი ნამდვილად არ მაქვს. შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს დამოკიდებულება. თუნდაც ინტერვიუმ, თუნდაც კრიტიკამ ან პროტესტმა ეს გადაწყვეტილებები შეცვალოს, შესაბამისად, პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა