რევაზ არველაძე – “ხუდონჰესის საწინააღმდეგო პროტესტს რუსეთი მართავს”

რევაზ არველაძე - "ხუდონჰესის საწინააღმდეგო პროტესტს რუსეთი მართავს"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ მოსახლეობის საპროტესტო განწყობები რუსული ძალების მიერ იმართება.
„აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რადგან მე ასე მიმაჩნია, რომ ეს არის რუსეთიდან მართული პროცესი, ისევე როგორც ეს 80-იან წლებში იყო, როცა „ხუდონჰესის“ მშენებლობა შეაჩერეს. მაშინ ძალიან კარგად იცოდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ყველაფერს ცდილობდა, რომ რესპუბლიკები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდოდნენ, ენერგეტიკულად რუსეთზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულები“, – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოს „ხუდონჰესი“ რომ ჰქონოდა, ელექტროენერგიის იმპორტი საჭირო აღარ იქნებოდა.
BM.GE-ს კითხვაზე, თუ საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო, მუხტს რუსული ძალები მართავენ, ამ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რევაზ არველაძემ პასუხად განაცხადა, რომ დღეს ამ ეჭვებუს დამადასტურებელი ფაქტები არ აქვს.
“ეს მე მიმაჩნია, რომ რუსეთიდან არის მართული, ამის დამადასტურებელი რეალური საბუთები არ მაქვს, თუმცა მაშინდელი პროცესები რუსეთიდან რომ იყო მართული, ამის შესახებ ჩვენი უშიშროების სამსახურიდან მქონდა ცნობები”, – აღნიშნა მან.
ამ პირობებში, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება, დეპუტატი “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.
“მე ვეღარ ვხედავ პერსპექტივას. ხომ უყურებთ, ამას წინადაც გამოვიდა მოსახლეობა და დაიფიცეს, რომ საერთოდ აღარ აშენდება სვანეთში არანაირი ჰესებიო, არადა ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრი მდინარე არის ენგური. ასევეა რიონი და რაჭაშიც დიდი საპროტესტო ამბებია”, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსული ძალების მიერ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესის შეფერხების ეჭვი რევაზ არველაძემ, „საქმის კურსთან“ ინტერვიუში, გასულ წელსაც გამოთქვა.