რუსეთმა იდლიბის პროვინცია დაბომბა

რუსეთმა იდლიბის პროვინცია დაბომბამიუხედავად იმისა, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და სირიის მოკავშირე რუსეთი და ირანი გააფრთხილა, არ მიეტანათ იერიში იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, რუსეთის საბრძოლო ძალებმა იდლიბი მაინც დაბომბეს.

ეს 15 აგვისტოს შემდეგ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების პირველი თავდასხმაა იდლიბის პროვინციაზე.

იდლიბის პროვინციას მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პრესკოვის თქმით კი, სირიის არმია უკვე მზად იყო, რუსეთის დახმარებით, „გაესუფთავებინათ ტერორისტთა ბუდე“.

გაეროს ინფორმაციით, იდლიბზე თავდასხმა, სადაც 2.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საერთაშორისო საზოგადოებას გაურთულებს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.

3 სექტემბერს ირანმა იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან იერიშის განხორციელებას მხარი დაუჭირა.

29 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს სირიის პროვინცია იდლიბში „ტერორისტების“ განადგურებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

25 აგვისტოს მედიაში დაიწერა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვს აფრთხილებს. ბლუმბერგის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს ისევ გამოიყენებს, ამერიკის შეერთებული შტატები სირიაზე იერიშს მიიტანს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი 26 აგვისტოს განაცხადა, რომ მომდევნო ორი დღის კვირის განმავლობაში სირიის პროვინცია იდლიბში, შვიდობიან მოქალაქეებზე იმიტირებული ქიმიური თავდასხმა მოხდება, ხოლო ამ გარემოებას აშშ სირიაზე იერიშის მისატანად გამოიყენებს.

27 აგვისტოს რუსულ მედიაში დაიწერა, მოსკოვმა მეტი სამხედრო გემი განალაგა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსული მედიის თანახმად, ეს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მას შემდეგ, რაც რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო 2015 წელს.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს სირიასთან ახლოს სარაკეტო კომპლექსების რაოდენობის გაზრდასა და სამხედრო მობილიზებაში დასდო ბრალი, რასაც პენტაგონმა პროპაგანდისტული ინფორმაცია უწოდა.

14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.