საქართველომ ლატვიას მოუგო და ჯგუფის ლიდერი გახდა – ვიდეო

საქართველომ ლატვიას მოუგო და ჯგუფის ლიდერი გახდა - ვიდეოერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.
გილოცავთ!
ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა “დინამო არენაზე”. ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.
რაც შეეხება “ჯვაროსნებს”, ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა – მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭარავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.
სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.
მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.
მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.
პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა ზუსტად, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.
ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა – ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.
თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.
შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა – 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.
დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.
და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.
82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და – 1:0.
რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, “ჯვაროსნებმა” ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.
თბილისი. “დინამო არენა”
საქართველო – ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო:
ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

სპორტალი