სუსი ოზურგეთში მაღალჩინოსნების საქმეს იძიებს – მილიონობით ლარის ზარალი სახელმწიფოს

სუსი ოზურგეთში მაღალჩინოსნების საქმეს იძიებს - მილიონობით ლარის ზარალი სახელმწიფოსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის თემთა გამგეობის მაღალჩინოსნებს სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებას ედავება და ოზურგეთის მერიისაგან დაუყოვნებლივი ზომების მიღებას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის ყოფილ გამგებელს, არჩილ ყაზაიშვილს, მის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს, ასევე მაღალჩინოსნებს გერმანე ჭანუყვაძეს, გოჩა აბაშმაძეს, მალხაზ გორგოშიძეს და სოფელ შრომის (ჩირე) მიწების აუქციონის წესით გამასხვისებელ სააუქციონე კომისიის მთლიან შემადგენლობას სახელმწიფოსათვის დაახლოებით მილიონი ლარის ზარალის მიყენებას ედავება.

ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოზურგეთის მერიისადმი მიწერილ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც მერიამ ამ დღეებში შემდგომი რეაგირებისათვის ოზურგეთის საკრებულოს გადაუგზავნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 6 დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით (მუხლი 338. ქრთამის აღება (25.07.2006 N 3530) 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე) და 370 მუხლის პირველი ნაწილით (მუხლი 370. ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი(28.04.2006. N2937) 1. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე).

საკრებულო ამ საკითხზე დუმს.

ნიუპოსტი