”ტყუილია, რომ ირაკლი კობახიძე ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს” – რას აცხადებენ ”ქართულ ოცნებაში”

”ტყუილია, რომ ირაკლი კობახიძე ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს” - რას აცხადებენ ”ქართულ ოცნებაში”პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.

ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ქართული ოცნების“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

„ინტერპრესნიუსმა“ დღეს ელექტრონული ფოსტით მიიღო თითქოსდა ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული განცხადება, რომლის ადრესატები არიან პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები.

წერილის თანახმად, თითქოსდა პარლამენტის თავმჯდომარე დილით ესაუბრა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს და მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადებს.