“შველას ითხოვდა… ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად” – პატრულმა ჯემალ მორჩაძემ 3 თვის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

"შველას ითხოვდა... ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად" - პატრულმა ჯემალ მორჩაძემ 3 თვის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა„ნიუპოსტი“ 27 წლის პატრულ-ინსპექტორს გაგაცნობთ, რომელმაც თბილისში, ალმოდებული კორპუსიდან ჩვილი უვნებლად გამოიყვანა.

27 წლის ჯემალ მორჩაძე „ნიუპოსტთან“ ყვება, რა სურათი დახვდათ მას და მის მეწყვილე გიორგი ჯანგირაშვილს გლდანის მეორე მიკრორაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე 60 კვ. მ. ფართი მთლიანად დაიწვა. დამწვარია საოჯახო ნივთებიც. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფითან ერთად, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი.

„სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეუხერხულება, როცა ამბობენ, რომ დღის გმირი ვარ. გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ყველა მეხანძრე-მაშველი და ყველა პოლიციელი.

ინფორმაცია შემოვიდა, რომ გლდანში ძლიერი ხანძარი იყო, მე და ჩემი მეწყვილე, გიორგი ჯანგირაშვილი, შემთხვევის ადგილზე მივედით, ადგილზე დაგვხვდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ემზადებოდნენ. ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე იყო, მეცხრე სართულზე კი ძლიერი დაკვამლიანება იყო, სწორედ მეცხრე სართულიდან გავიგეთ მამაკაცის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ სახლში ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა და ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

ბუნებრივია, მე და ჩემი მეწყვილე ოჯახის გადასარჩენად, მეცხრე სართულზე ავედით, წინ სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, შესაბამისი ატრიბუტიკით მიგვიძღვებოდა. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა ქალი შევნიშნე, რომელსაც ბავშვი ეჭირა, გამოვართვი და როგორც შემეძლო იმ სისწრაფით გამოვიყვანე კორპუსიდან და ადგილზე მიბილიზებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ჩავაბარე. ჩემმა მეწყვილემ ოჯახის სხვა წევრები გამოიყვანა,“ – გვითხრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა.

ჯემალ მორჩაძემ განგვიცხადა, რომ შემთხვევის შემდეგ, მცირეწლოვნები – 3 თვის და 2 წლის ბავშვები საავადნყოფოში გადაიყვანეს.

“რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე ბავშვების მამას, საბედნიეროდ ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს”.

ჯემალი თავადაც პატარას მამაა, ახალგაზრდამ ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა. დღის გმირი, ჯემალ მორჩაძე, საპატრულო პოლიციის რიგებში 2013 წლიდან ირიცხება.