”ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში” – სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვა

”ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში” - სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვასაქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა იმ მოწმეთა ნუსხაზე და მტკიცებულებაზე, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი და სია სრულად დამტკიცდა.

დაცვის მხარემ დამატებით მოითხოვა მოწმის სახით პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის დაკითხვაც, რადგან როგორც გაირკვა მასთან კითხვები აქვს თავად ბრალდებულსაც. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ის პატიმრობაში დატოვა.

პატიმრობაში დარჩენის სურვილი პროცესზე თავად სუბელიანმაც გამოთქვა.

„რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას და მის მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას,  ვეთანხმები აბსოლუტურად იმიტომ, რომ არსებობს ფორმალურად გამოყენების როგორც პროცესუალური ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მე მგონი  ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ბრალდებას თვით ბრალდებული ეთანხმება და მე არ მსურს, რომ შემეცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი საქმეს,“-განაცხადა მირზა სუბელიანმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება; თუმცა გარდაცვლილი არასრულწლოვანის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მას საქმეში არსებული მტკიცებულებების გაყალბებასა და მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს.

„რაც შეეხება  მირზა სუბელიანის ბრალს, შსს-ს გამოძიების  ამ ეტაპზე არ დაუდია  არც ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც  მის ქმედებაში  ახალი დანაშაულის ნიშნებს გამოკვეთდა. შესაბამისად, მას კვლავ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება მხოლოდ და მხოლოდ ბრალი,“ – განაცხადა ადვოკატმა ინგა ჩალაურმა.

საქალაქო სასამართლომ მერაბ მორჩაძის საქმეც განიხილა. ის ბრალდებულია მოწმეზე ზემოქმედებაში. მერაბ მორჩაძის საქმე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ცალკე გამოეყო. ისევე, როგორც ეს მირზა სუბელიანის შემთხვევაში მოხდა.

თავად ბრალდებულ მერაბ მორჩაძე პროცესს არ დასწრებია. ადვოკატების განმარტებით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. სასამართლომ იმსჯელა მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე, მაგრამ მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვა.

„სასამართლოს მხრიდან  აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხის განხილვა დაემსგავსა მხოლოდ ფორმალურ გადასინჯვას.  ვინაიდან დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პირი ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. ეს გარემოება სასამართლომ არ ჩათვალა მნიშვნელოვნად,“ – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარემ აღნიშნა, არსებობდა რისკი მოწმეებზე ზემოქმედების, სწორედ ამ მიზნით იქნა მოთხოვნილი მერაბ მორჩაძის პატიმრობაში დატოვება.

„რისკები  იმდენად მნიშვნელოვანია, რომ  სხვა გარემოებები მას ვერ გადაწონის და ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება. მოწმეები პროცესზე უნდა  დაიკითხონ. შესაბამისად, მათ დაკითხვამდე ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ შესაძლოა მათზე მოხდეს ზემოქმედება,“ – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

რუსთავი 2