ემზარ კვიციანი – “თამარ ჩუგოშვილს მანდილი დაამშვენებს და ტვინსაც შეუცვლის”

ემზარ კვიციანი - "თამარ ჩუგოშვილს მანდილი დაამშვენებს და ტვინსაც შეუცვლის"რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში ჩადრით სიარული, რატომ უნდა დაიხურონ ქართველმა ქალებმა მანდილი, როგორი ქალების დანახვა უხარია ქუჩაში,. როგორ უნდა გამრავლდეს ერი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
– ქართველი ქალები აქციების მოწყობით გემუქრებიან – ემზარ კვიციანი მუსლიმებისგან ჩადრების მოხსნას ითხოვს, ჩვენ კი მანდილის ტარებას გვაიძულებსო. მართლა სერიოზულად მოითხოვეთ, რომ ქართველმა ქალებმა მანდილით იარონ?
– აქციის მოწყობას მიპირებენ? ჰა-ჰა-ჰა! თქვენი გაზეთის საშუალებით დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ყველა ქალბატონს და დავამშვიდო, რომ არავისთვის არავის დაძალებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ჩადრის და ბურკის ტარების აკრძალვას, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
ჩადრების და ბურკების ტარების აკრძალვაზე პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი. მოხდება მისი განხილვა და საკანონმდებლო ორგანოში გადაწყდება ყველაფერი.
დასავლეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ჩადრით სიარული. იქ ჩასული მუსლიმი ქალები იხსნიან ჩადრებს და ბურკებს, ვისთვისაც ეს მიუღებელია, ასეთ ქვეყნებში არ ჩადიან.
ამ კანონის მიღება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, ამის გარდა, ეს კანონი ჩვენი და მუსლიმების მეგობრობას დაიცავს მოსალოდნელი საფრთხეებისგან.
– რა საფრთხეებზე საუბრობთ?
– ამ სამყაროში ბევრი ცუდი რამე ხდება და ხომ შეიძლება ვიღაც პროვოკატორმა ჩადრით საშინელება ჩაიდინოს. მერე ჩვენ და ჩვენს მუსლიმ ძმებს შორის შუღლი უნდა ჩამოვარდეს. ამ შუღლის ჩამოგდება არ შეიძლება, ამიტომ წინასწარ უნდა აღვკვეთოთ მოსალოდნელი პროვოკაცია.
ამ ქვეყანაში მართლმადიდებლები ვართ აბსოლუტურ უმრავლესობაში და ისეთი კანონები უნდა იქნას მიღებული, როგორიც გვესადაგება ჩვენ.
– ეს გასაგებია, მაგრამ ქართველ ქალებს მანდილების ტარებას რატომ აძალებთ?
– ღმერთმა დამიფაროს, ქალებს რამე დავაძალო. რაც შეეხება მანდილის ტარებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ძალიან გაუკვირდათ, კვიციანმა როგორ თქვა, მანდილოსანმა მანდილით იაროსო. სამაგიეროდ, ის არ უკვირთ, კაცებს კაცები რომ უყვართ. არავის არავის სიყვარულს არ ვუშლი, მაგრამ მეც ნუ მიშლიან ჩემი აზრის გამოთქმის უფლებას.
ძალიან მომწონს, ქალს თავზე მანდილი რომ ახურავს. აბა შეხედეთ ჩეჩენ და ინგუშ ქალებს, რა ლამაზები არიან და როგორ უხდებათ მანდილი. თან ისეთ მანდილებს არჩევენ, მათი სახის ფერს რომ ეხამება და ძალიან ლამაზები არიან. მინდა, რომ ჩვენთანაც ასეთმა ლამაზმა ქალებმა იარონ. მანდილიანი ქალი ძალიან ლამაზია. ასევე ძალიან ლამაზია ფეხმძიმე ქალი.
ახლა შეიძლება ისიც დამაბრალონ, კვიციანი ყველას დაფეხმძიმებას გვთხოვსო. ნეტა ყველა დაფეხმძიმდეს და ყველაფერი მე დამაბრალონ. ჩვენი გენოფონდი ცოტა მომძლავრდებოდა.
გენოფონდზე გადავედით და იცით, რა მძიმე დღეში ვართ? ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოდან 1.700.000 ქართველი წავიდა. ჩატარებულია სხვადასხვა კვლევა და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ საქართველოში სიკვდილიანობა უფრო დიდია, ვიდრე შობადობა.
ასე თუ გაგრძელდა, საერთოდ აღარ დავრჩებით ქართველები. ეს სურათი ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას უნდა აიძულებდეს. რაღაცა ისეთი უნდა მოიფიქროს, რომ შობადობა გაიზარდოს. ხელისუფლებამ დიდი თანხა უნდა დახარჯოს იმაში, რომ ეთნიკურად ქართველები გავმრავლდეთ.
– ახლა ამაზე ატყდება ამბავი, კვიციანი ქართველების გამრავლებას ითხოვსო.
– ვიცი, რომ დაიწყებენ წიკვინს, სად არის კვიციანის დემოკრატიაო. ჩემთვის ყველაზე დიდი დემოკრატია ისაა, რომ ქართველები უნდა გამრავლდნენ. ყველა თავის ერზე ზრუნავს და მე არ ვარ გამონაკლისი.
სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილზეც ასეთი რამის გამო ვიყავი ნაწყენი. ჩვენ პარლამენტში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შევიტანეთ კანონპროექტი. ჩემი მოთხოვნა იყო ასეთი, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიეღო ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გადახვეწილი.
კანონპროექტის განხილვისას სალომე ზურაბიშვილმა მკითხა, რას ნიშნავს 21-ე საუკუნეში ეთნიკური ქართველი, ეს უბრალოდ სირცხვილიაო.
სირცხვილი ისაა, რომ ეთნიკური ქართველები ასეთ დღეში ვართ. მალე საქართველოში უმცირესობაში ვიქნებით და ამ დროს ხელისუფლება რას აკეთებს? მარიხუანის წარმოების დაწყებაზე ფიქრობს.
ამათ დიდი სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში ხვნა-თესვა მხოლოდ მარიხუანის მიმართულებით იყოს. გვიმტკიცებენ, რომ მხოლოდ ექსპორტზე გაიტანენ. სასაცილოა ეს არგუმენტი. ღამის კლუბებში ვერ აღგვიკვეთია ნარკოტიკების რეალიზაცია და წარმოიდგინეთ რა მოხდება, ყველა ყანაში რომ აბიბინდება პლანი. ამას ვინ დაიცავს? ამის დაცვა არავის არ შეუძლია.
მარიხუანის წარმოება-კულტივაციაში ისეთივე მზაკვრობაა ჩადებული, როგორც ეს ანტიდისკრიმინაციულ კანონში იყო. დიდი მზაკვრობაა ისიც, რომ არ გვაღებინებენ კანონპროექტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.
მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ, საქართველოს და ქართველების ცხოვრების ჩარხი ტრიალებს უკუღმა. ეს არის შესაჩერებელი. თუ არ გააჩერე, ჩარხს ისე წაღმა ვერ დაატრიალებ.
იმათ, ვინც ასეთ პრობლემებზე ხმას ვიღებთ, სოროსისტები რაღაცეებს გვიგონებენ. ცდილობენ, ხალხთან დაგვაპირისპირონ. მაგალითისთვის, მე აზერბაიჯანელები ამიმხედრეს სოროსისტებმა.
– რატომ აგიმხედრეს აზერბაიჯანელები?
– დააჯერეს, რომ მე აზერბაიჯანელი ქალებისთვის მანდილის მოხდას ვაპირებ. ამაზე სოციალურ ქსელში ნამდვილი ომი მომიწყვეს – რა უფლებით უკრძალავ ქალებს მანდილის ტარებასო.
– ამის დაბრალება უაზრობაა, ქართველ ქალებს აძალებთ მანდილის ტარებას და აზერბაიჯანელებს რატომ აუკრძალავდით.
– როგორ უნდა ავუკრძალო ვინმეს მანდილის ტარება, როცა ძალიან მომწონს მანდილიანი ქალი და მინდა, რომ ქართველმა ქალებმაც ასე იარონ. სხვათა შორის, სვანეთში ქალებს სულ მანდილი ახურიათ.
გარდა იმისა, რომ მანდილი ჯანმრთელობისთვისაა კარგი, სილამაზეა, კაცო და ყველამ ატარეთ მანდილი.
– “პრადვინუტი” ქალები ნამდვილ ომს გამოგიცხადებენ და ჩაგქოლავენ.
– “პრადვინუტი” ქალები ვერაფერს დამაკლებენ. კიდევ გავიმეორებ, რომ მანდილი არის სილამაზე. გამეხარდება, თუ ქალები პარლამენტშიც მანდილით ივლიან.
– როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თამარ ჩუგოშვილი თავშლით ზის პარლამენტის სხდომაზე.
– ძალიან ლამაზად წარმომიდგენია. მშვენიერი შესახედაობის ქალია თამარი და მანდილი კიდევ უფრო დაამშვენებს. გარდა იმისა, რომ გალამაზდება, ცოტა ტვინიც შეეცვლება.
– ტვინის შეცვლაში რას გულისხმობთ?
– ქართულად დაიწყებს აზროვნებას. მანდილს ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩუგოშვილსაც კი შეუცვლის აზროვნებას.
– მოდით, ჩუგოშვილისთვის მანდილის დახურვას შევეშვათ და მარიხუანის თემაზე გკითხავთ. ამ საკითხზე პატრიარქმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ საპატრიარქომ მარიხუანის წარმოებას მწვანე აუნთო. თქვენი აზრით, რა ხდება?
– ეს არ იყო მწვანე შუქის ანთება, მაგრამ პატრიარქი იმაზე მეტს ვერ გააკეთებდა, რაც გააკეთა. მან არაერთხელ შემოჰკრა განგაშის ზარებს და მოგვიწოდა, რომ გამოვფხიზლებულიყავით. არაერთხელ გვითხრა, რომ ცუდად მიდის ჩვენი საქმე და მეტი რა ქნას უწმინდესმა.
ახლა ერის კაცებმა უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა. 15 სექტემბერს უამრავი მამაო გამოვიდა ქუჩაში. მეორე დღესაც გამართეს მსვლელობა. აქცია ისე მოაწყვეს, ხალხი არ გაიკარეს.
– რატომ არ გაიკარეს?
– იმიტომ, რომ ეშინიათ, სიტუაცია უმართავი არ გახდეს.
– ამის საშიშროება არის?
– როგორ არ არის. უმართავი პროცესები თუ დაიწყო, კოაბიტირებულების საქმე ძალიან ცუდად წავა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნაციონალებს და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთობლივი ბიზნესები აქვთ.
ჩვენი ხალხი პროტესტს ყოველთვის მშვიდობიანად გამოხატავდა. თავს იმით ვიწონებთ, რომ აქციების დროს ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა. ასეთ აქციებს შედეგი არ მოაქვს, ხელისუფლება ხალხს ყურადღებას არ აქცევს. ერთ დღესაც ამას ხალხი კარგად გააცნობიერებს და სხვანაირ აქციებს გამართავს. კოაბიტირებულებს მიუვარდებიან და საერთო ბიზნესებს დაანგრევენ.
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ასეთი არეულობა არ მინდა. გაგიკვირდებათ და, არჩევნების გარდა, სხვა გზით ხელისუფლების გადაყენება არ მინდა. არცერთ ეპოქაში არ მომითხოვია ხელისუფლების გადადგომა.
– 2006 წელს ამბოხება მოაწყვეთ და როგორ არ ითხოვდით?
– ეს არ იყო ამბოხი, ეს იყო დაპირისპირება მოღალატეებთან. ხელისუფლების გადადგომა მაშინაც კი არ მომითხოვია.
– ოქრუაშვილის და მერაბიშვილის გადაყენებას ხომ ითხოვდით?
– ვითხოვდი. უფრო ადრე მოვითხოვე რომ ოქრუაშვილი და მერაბიშვილი არ დაენიშნათ ძალოვან მინისტრებად. ახლა ირკვევა, რომ მართალი ვიყავი.
რევოლუციით ხელისუფლების გადაგდება ქვეყნისთვის არის ცუდი. ამიტომ არც ახლა მოვითხოვ მთავრობის გადადგომას. უბრალოდ ვთხოვ, რომ გამოასწორონ შეცდომა.
ძალიან მომწონს ახალი პრემიერი. კარგი და ვაჟკაცური ბიჭია ეს მამუკა ბახტაძე. მას უფალმა მისცა იმის საშუალება, რომ პრემიერი იყოს, ახლა ის ვალდებულია, თავისი ქართველობა და კაი კაცობა დაამტკიცოს. ის უნდა დაუპირისპირდეს მარიხუანის წარმოების დაწყებას. ეს თუ გავიდა, ჩათვალეთ, რომ ქართველი ერი განადგურდება.
ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს საქართველოში ამდენი არაბის და ირანელის შემოსვლა. ცნობილია ,რომ ისინი ითვლებიან ნარკოტიკების მთავარ გამსაღებლებად. რატომ გამორიცხავთ, რომ არაბების და ირანელების ის ნაწილი შემოდიოდეს აქ, ვინც მომავალში ამ ნარკოტიკებზე აპირებს მუშაობას.
ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და მეც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. ჩემი პოზიცია ასეთია: არა პროსტიტუციას, არა ნარკომანიას, არა ლგბტ პროპაგანდას, ძალიან გთხოვთ, ხაზი გაუსვით, რომ პროტესტს ლგბტ პროპაგანდის მიმართ გამოვხატავ. თავად ლგბტ პირებს არაფერს ვერჩი. რა ჩემი საქმეა, მაგათ ვინ და როგორ მოეწონება, მაგრამ ნუ დაიწყებენ საჯაროდ თავიანთ სექსუალურ მიდრეკილებებზე საუბარს, არალგბტ-ები ხომ არ ვსაუბრობთ, როგორი სექსუალური გემოვნება გვაქვს. ეგენიც მოიქცნენ, როგორც ყველა და აღარ იქნება დაპირისპირება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა