GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას ვერ იწყებს

GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას ვერ იწყებსსამშენებლო კომპანია GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ bm.ge-ს განუცხადა, საძირკვლის სამუშაოები წელს ზაფხულში უნდა დაეწყოთ, მაგრამ ამ დრომდე იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიწის სტატუსი უნდა შეიცვალოს და სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოზე უნდა გადაკეთდეს.
„პროექტი მზად არის, იუსტიციის სამინისტროშია გადაგზავნილი დოკუმენტაცია. უკვე მესამე თვეა ველოდებით. ძალიან ჭიანურდება“,- აცხადებს წაქაძე.
მისი ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება.
ბიზნესმენს ადგილზე 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სურს, რომელიც აეროპორტთან იქნება დაკავშირებული და მის სტუმრებს შეეძლებათ ფრენების განრიგის შესახებ ინფორმაცია სასტუმროშივე მარტივად მიიღონ. ბეჟან წაქაძის თქმით, სასტუმროში კაზინოს მოწყობასაც აპირებს.
პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია.