კომპანია „კოლორპაკი” პროკურატურას დოკუმენტებს 1 ოქტომბერს გადასცემს

კომპანია „კოლორპაკი" პროკურატურას დოკუმენტებს 1 ოქტომბერს გადასცემსკომპანია „კოლორპაკი” პროკურატურას დოკუმენტებს 1 ოქტომბერს გადასცემს.

როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტები დღეს უნდა გადაეცათ პროკურატურისთვის, თუმცა, საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებით, დოკუმენტებს ორშაბათს გადასცემენ.

როგორც გიორგი ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კომპანიის დოკუმენტაცია წესრიგშია.

„ჩვენ ვიმყოფებით საამქროში, სადაც ვბეჭდავთ ყველა ტიპის ეტიკეტს დიდი და მცირე მეწარმეებისთვის. ამ საამქროს აღჭურვა მოხდა პროექტის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში თანადაფინანსებით, ჩვენ მიერ „თიბისი ბანკში” აღებული კრედიტით. ეს კრედიტი 2014 წლის ბოლოს ავიღეთ და თანადაფინანსების ნაწილი დასრულდა 2016 წლის ბოლოს. ამ საამქროში არის ევროპული უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარები.

აგვისტოს მონაცემებით, 2014 წლიდან “აწარმოე საქართველოს” მიერ მხარდაჭერილია 393 პროექტი. „კოლორპაკის“ თანადაფინანსების ფარგლებში, 2015-2016 წლებში “აწარმოე საქართველოს” მიერ მოხდა სესხის პროცენტის დაფარვა 690.000 ლარის ოდენობით. 2015-2018 წლებში კი “კოლორპაკის” მიერ ბიუჯეტში გადასახადების სახით გადაირიცხა 1.780.000 ლარი. ასე რომ, სახელმწიფოსთვის საკმაოდ მომგებიანი პროექტია”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ 2014-2018 წლების დოკუმენტაცია მოითხოვა, რაც ელექტრონულად სრულად გადასცეს, ხოლო ფიზიკურად ორშაბათს გადასცემენ საგამოძიებო უწყებას.

“ძალიან მიკვირს ასეთი მოთხოვნები, რადგან მართლა უცნაურია 2016 წელს დასრულებული პროექტის დოკუმენტაციის გარდა კიდევ დამატებითი ორი წლის დოკუმენტაციის მოთხოვნა, თუმცა მათ უკეთ იციან ალბათ თავის საქმე. ეტაპობრივად უნდა მივცეთ დოკუმენტები, რადგან დიდი მოცულობისაა და ასლების გადაღება რთულია”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

როგორც ცნობილია, „პალიტრამედიამ“ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ 24 სექტემბერს, “პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)”.

ინტერპრესნიუსი