ლადო ბედუკაძე ბიძინა ივანიშვილს – ”დაგღუპავენ, ჩემო ბიძინა, განწირული ხარ ამ მანქურთების გარემოცვაში!”

ლადო ბედუკაძე ბიძინა ივანიშვილს - ”დაგღუპავენ, ჩემო ბიძინა, განწირული ხარ ამ მანქურთების გარემოცვაში!”ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „2020NEWS“ გთავაზობთ:

“ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ საზოგადოებას

6 წელია, აქტიურად მიბიძგებდნენ „ოცნების“ თუ „სუს“-ის მაღალ ეშელონებში ჩაბუდებული მედროვე- მანკაბერდელები „განაცებას“, ყოველმხრივ ცდილობენ დამაპირისპირონ, დამცდეს აუგი, თქვენზე, ქვეყნის ურჩხულისგან მხსნელზე, ახალი ქართული რეალობის შემქმნელზე, სტაბილურობის და მშვიდობის ერთადერთ გარანტზე, ბიძინა ივანიშვილზე (არ იფიქროთ გადამეტებული ეპითეტებია, ყველა ნამდვილი და უტყუარი).

6 წელი ვცდილობდი ადამიანურ კონტაქტს, შეხვედრას, რომ მეთქვა ყოველივე ამის შესახებ, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მცდელობის, ვერ მივაღწიე ამას, ვერ გავარღვიე მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი მოჯადოებული წრე…

რახან ამ ფორმით მომიწია კომუნიკაცია, ერთს გეტყვი მხოლოდ, ჩემო ბიძინა, ღიად და ალალად: განწირული ხარ ამ მანქურთების გარემოცვაში!

ნოსტრადამუსი არ ვარ, მაგრამ არ ვცდები, 2008-ში ვუწინასწარმეტყველე მსგავსი მიშას, ჯერ კიდევ მისი გარემოცვის პირით.

დაგღუპავენ, ჩემო ბიძინა და არ მინდა ხელმეორედ, ისედაც მოლაყლაყებული შენობის ნანგრევებში, სიკეთის გამო ხელმეორედ მოვყვე.

არასდროს არავისთვის გამიწევია დათვური სამსახური და ეხლაც პირდაპირ, თანაც შენობითი ფორმით, პირში გეუბნები შიშველ სიმართლეს, რისი გაგებაც, შენამდე მოტანაც არავის სურს პირადი გამორჩენის თუ სხვა გარემოებათა გამო და ვერც მომავალში ვერავინ გაგიბედავს, სანამ თეთრ ცხენზე ზიხარ.

იცი, შენი ფინანსური სიკეთე არასდროს მდომია და არც მინდა. უბრალოდ, აქეთ მეხვეოდნენ გარს შენი „წყალობის მთხოვნელები“, მაგრამ რომ დარწმუნდნენ, შენთან არაფერი მაკავშირებდა, უმალ თოვლივით გაიპარნენ…

არაა კაცობა მათი გვარ-სახელების ჩამოთვლა და არც ვიტყვი.

ნუ ენდობი მაგ არაკაცებს, ვინც ეხლა გარწმუნებენ, ქირქილებენ, „ხომ გეუბნებოდი, ბედუკაძე სააკაშვილის მხარეს იყო და არისო“.

გაგწირავენ, მათი რწმენა ფულია, სალოცავი – თანამდებობა, სისხლს გწოვენ და როცა აღარ გექნება (ღმერთმა გიმრავლოს!), ფასკუნჯივით გახდები.

ნუ გეშინია, პირობას ვდებ, სააკაშვილს არ შევეკვრები, არ ვარ ის კაცი, სხვებივით ზურგში ლახვარი ჩაგცე.

ყველაფერი გავიღე და დავკარგე ამ ქვეყნის, ამ ხალხისთვის, რაც გამაჩნდა – ოჯახი, სამსახური, კარიერა, მომავალი, უსაფრთხოება..  ვიქეცი ათასგვარი თავდასხმის, შეურაცხყოფის, ცილისწამების ობიექტად, განა დამიცვა ვინმემ ?!

არც პოლიტიკაში ჩართვა ყოფილა ჩემი თვითმიზანი, თავად მაქცია სააკაშვილმა პოლიტიკურ პაიკად, როცა ჩემ მიერ გამოტანილი კადრები „დაკვეთილად“ გამოაცხადა და ამ გზით შენი მოსპობა განიზრახა,

არც თანამდებობა, სკამი, ფული მითხოვია შენთვის, ან ვინმესთვის ჩემი ქმედების სანაცვლოდ, არასდროს არავის გუნდის წევრი არ ვყოფილვარ, მტკნარი სიცრუეა ვინმეს რაიმე სახით ჩართულობა ამ პროცესში, ვიყავი და ვარ დამოუკიდებელი ჩემს ქმედებებში, უბრალო ხალხი ხედავს ყველაფერს, ვინ და რა გამორჩენა ნახა შენი მოსვლით.

ვაცხადებ პირდაპირ და ღიად ბრალს ვდებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ერთგულ უწყებად რომ წარმოგიდგენია – ჩემს იზოლაციაში, სახელმწიფოებრივ დევნაში, ფსიქოლოგიურ ტერორში.

რა მინდა მათთან? განა არ ვიცი, რომ ძლიერი უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სიძლიერის საფუძველია, მაგრამ არა ადამიანების განადგურებით, ფსიქოლოგიური ტერორით განმსჭვალულები.

ისინი ყოველმხრივ, ყველა გზით, ხერხით, საშუალებით ახდენენ ჩემს ბლოკირებას, იზოლირებას, ოფიციალურად მათ მიერ ვარ გამოცხადებული სახელმწიფოს მტრად, პერსონა ნონგრატად.

ვიცი, რა თქმა უნდა, ყოველივეს უარყოფენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა:

– სუს-ის შემოქმედებაა ჩემ მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის“ საქმიანობის ბლოკირება, მისი მიზანი კი საპყრობილეში, იმ 800-ზე მეტი სააკაშვილის რეჟიმისგან საიქიოს გასტუმრებული ადამიანის რეალური გარდაცვალების მიზეზების შესწავლა იყო, ამის უშუალო დამბლოკავი ისევ ერთგულად წამოგიდგებათ და დღეს „გუბერნატორების უფროსია“,

– სუს-ის „ღვაწლია“ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებიდან ცეესკო-ს მიერ, როგორც პრორუსული, „ანტიკონსტიტუციური“ პარტია “ცენტრისტების” არჩევნებიდან უკანონოდ მოხსნა. ეს იყო სრული სახელმწიფო დევნა განსხვავებული აზრის, პოლიტიკური შეხედულების პარტიის მიმართ და ჩვენი „მოღალატეებად“გამომცხადები ისევ ახლოსაა თქვენთან,

– მათი ხელი ურევია 2016 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პარტიის წინასაარჩევნო კლიპის უკანონოდ მოხსნაში,

– მათი დირექტივაა, რომ შსს და პროკურატურა განზრახ არ იძიებენ ჩემ მიერ შეტანილ განცხადებებს ცრუ დასმენის, ელექტრონული კომუნიკაციის არხების ხელყოფის, ცილისწამების, პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის ფაქტების შესახებ,

– ყველაზე მეტად მათ უწყებას აწყობს, რომ კონკრეტული ფიგურა – ბედუკაძე იყოს დისკრედიტებული და მუდმივ თავის მართლების რეჟიმში, საინფორმაციო ბლოკადაში,

– მათი “შემოქმედებაა”, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდგომ არ მეძლევა ელემენტარულად ფიზიკური არსებობის საშუალება: ნებისმიერი უწყება, თანამდებობის პირი, კერძო ორგანიზაცია, როგორც კეთროვანს, ისე მიყურებს და უარს აცხადებს კონკრეტულად ჩემს დასაქმებაზე, მითუმეტეს არ მქონია და არ მაქვს არანაირი თანამდებობის პრეტენზია.

და რადგანაც, ამ ქვეყანაში ადამიანების დაფასების, შეფასების, დასაქმების საფუძველი და კრიტერიუმი მხოლოდ შანტაჟის, ზიზღის ენით საუბარია, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გსპობენ, განადგურებენ, არ გაძლევენ ადამიანურად არსებობის საშუალებას, განა ვინ გამამტყუნებს,  უარი ვთქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომელსაც არ უნდიხარ, რომელსაც ადამიანების ნიღბებს მორგებული ტურები მართავენ?

ნუთუ სხვა რამაა „სახელმწიფო ტერორი“, როცა აიძულებთ ადამიანს უარი თქვას თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე?

რატომ მიბიძგებთ ამისკენ, რა დაგიშავეთ, რით გეღობებით, რით დაგაშინეთ ასე?

ერთი უბრალო განცხადება, მიმართვა საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისადმი, თხოვნით, მიშუამდგომლონ მათი ქვეყნის ლიდერებთან მოქალაქეობის მისაღებად, ხომ მათი სირცხვილია?

თუმცა, ერთი კია, ღრმად დავრწმუნდი და ვთხოვ გულანთებულ, პატრიოტ ქართველებს, ადამიანებს, უბრალო მოქალაქეებს, ვისაც სამომავლოდ სურვილი გაუჩნდებათ, განსაკუთრებით სახელმწიფო, ძალოვან უწყებებში უკანონობის, რეჟიმის მხილების, სახელმწიფოსთან დაპირისპირების გაითვალისწინოთ ჩემი გამოცდილება და დამდგარი შედეგი.

პირში წყალი ჩაიგუბეთ, გაჩუმდით!

და თუ მზად ხართ, გაინადგუროთ მომავალი, ოჯახი, სამსახური, კარიერა, იყოთ ცილისწამების, ცრუ დასმენის, სახელმწიფო- ფსიქოლოგიური ტერორის, უსაფუძვლო, დაუმსახურებელი თავდასხმის, ლანძღვა-გინების ობიექტი, რასაც და ვისაც ებრძოდით, მათ მიერვე იქცეთ დაცინვის საგნად, რასთან ბრძოლასაც შეეწირეთ, თქვენვე დაგბრალდეთ, მზად ხართ, აიტანოთ და გაუძლოთ ყოველივეს – გზა დამილოცია.

ბოდიშს გიხდი ფამილარობისთვის, ჭეშმარიტ მამულისშვილებს, ვისაც გული გატკინათ ჩემმა მწარე სიმართლემ, შენდობას გთხოვთ და ლოცვებში მოხსენიებას.

მადლობა.

p.s. უახლოეს დღეებში გავაკეთებ განცხადებას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ”, – წერს ვლადიმერ ბედუკაძე.

შეგახსენებთ, რომ გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მას ბრალად ედებოდა ადამიანების წამება. ბედუკაძეზე, რომელიც ბელგიაში იმყოფებოდა, ძებნა ინტერპოლის ცირკულარით იყო გამოცხადებული, ის 2013 წლის 18 იანვარს, გვიან ღამით აეროპორტში ჩამოფრენისთანავე დააკავეს. ბედუკაძე 2.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2013 წლის 20 იანვარს გათავისუფლდა.

იგი წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და სასამართლოს დატოვების შემდეგ ციხის სკანდალური კადრების ავტორმა საქართველოს მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

2020 ნიუსი