ლევან ხაბეიშვილი: “ხმა თუ არ ამოვიღეთ, ესენი ჩვენც შეგვჭამენ – კალაძემ 20 დღეში რესტორნებში ბიუჯეტიდან 45.000 ლარი დახარჯა”

ლევან ხაბეიშვილი: "ხმა თუ არ ამოვიღეთ, ესენი ჩვენც შეგვჭამენ - კალაძემ 20 დღეში რესტორნებში ბიუჯეტიდან 45.000 ლარი დახარჯა"“ქართული ოცნება”, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილს ლუკმებს უთვლიდა და სხვისი თეფშიდან ჭამის გამო ზვიად კუპრავას ასამართლებს, ბიუჯეტის ხარჯზე ჭამა-სმაზე და რესტორნებში გრიალზე უარს არ ამბობს.
ამ მხრივ თბილისის მერიას განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ, ნამდვილად გაგვაოცა. არასამთავრობოები მისი მერობის დროს მენიუს შესწავლას ვერ აუდიოდნენ.
ნამერალს არც კახა კალაძე ჩამორჩა. არასამთავრობოებს და ოპოზიციას მანაც ბევრი სამუშაო დაუგროვა. მერის დროსტარებასთან დაკავშირებით ოპოზიცია დედაქალაქის საკრებულოში მსჯელობას აპირებს.
რაში დახარჯა კალაძემ 45.000 ლარი, რატომ არ რეაგირებს ამ ყველაფერზე ხალხი და რას ფიქრობენ ის მეოცნებეები, რომლებიც წინა ხელისუფლებას ლუკმებს უთვლიდნენ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
– 27 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით კახა კალაძე სამჯერ იმყოფებოდა რესტორანში. კალაძის და მისი სტუმრების სამჯერ გამასპინძლება საქართველოს ბიუჯეტს 45.000 ლარი დაუჯდა.
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მენიუ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ოპოზიციაში ყოფნისას სხვის ჩუსტებს, ჩაის და საპონს ითვლიდნენ. სერიოზული პანიკა იყო “ოცნებაში” სუშის გამო. სააკაშვილი სუშს ჭამსო, ამის გამო ისინი ხშირად აწყობდნენ აქციებს.
“ოცნება” თავიდან ბოლომდე რომ ტყუილზე იყო აგებული, ამაზე მათი რესტორნებში ქეიფიც მეტყველებს. სხვას სუშის ჭამის გამო აკრიტიკებდა და თავად პანაკოტას სოუსზე და ბანანის სმუსზეა გადასული. სუშის ჭამაზე უარს არც კალაძე ამბობს.
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ. უმრავლესობის დეპუტატებს ვკითხავთ, თუ 1.18 საკმარისია იმისთვის რომ სოციალურად დაუცველი იკვებოს, კალაძის სტუმრის გამასპინძლება რატომ უნდა დაუჯდეს ბიუჯეტს 15.000 ლარი. სამჯერ ქეიფი 45.000 დაჯდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითო ვიზიტისას 15.000 ლარი დაიხარჯა.
საინტერესოა ისიც, რომ ფული მარტო ჭამა-სმაზე არ დახარჯულა. ერთ-ერთი ქეიფის დროს, მუსიკალურ გაფორმებაზე 5.900 ლარი აქვთ გადახდილი.
– ვინ ჰყავდათ ამისთანა მუსიკოსი ან რა დაუკრა ასეთი, რომ ამხელა თანხა გადაუხადეს?
– რა დაუკრეს, არ ვიცი, ეტყობა, მათ ქეიფს მუსიკალურად ენრიკე აფორმებდა, ეგლესიასი.
უცნაური სიტუაციაა ქვეყანაში. ბევრი საუბარი მიდის პრობლემებზე და სიდუხჭირეზე. სოციალურად დაუცველები დახმარებას რომ ვერ მიიღებენ, თბილისის მერი გამოვა და იტყვის, თანხები არ გვყოფნის, თორემ ამ ადამიანებს სიამოვნებით დავეხმარებითო.
ამის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ რესტორანში მათი სამჯერ წასვლა ბიუჯეტს 45.000 დაუჯდა. ამას იმით “გააპრავებენ”, რომ კალაძეს იტალიიდან ვიღაცები ესტუმრნენ და მათ ხომ უნდოდა გამასპინძლება.
რატომ დასდევს სულ ამ იტალიელებს და რატომ არის ამ ქვეყანასთან ასე მჭიდრო კავშირში, ესეც ცალკე შესასწავლია.
თმის შესაჭრელად მილანში დადის, სადაც უნდა, იქ წასულა სტილისტთან, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯზე ნუ იყიდის წასასვლელ ბილეთს. მერად მოსვლის შემდეგ, ლამის ყველა ხელშეკრულებას იტალიელებს უფორმებს. სტუმრები ჩამოსდის და ისინიც იტალიელები არიან.
ბოლო-ბოლო გაარკვიოს, მილანის მერია თუ საქართველოს დედაქალაქის. როგორც უკვე გითხარით, ამ თემაზე აუცილებლად იქნება მსჯელობა საკრებულოს სხდომაზე და “ოცნების” წევრებს ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
– როდისთვის არის ეს სხდომა ჩანიშნული?
– სხდომა ჯერ არ ჩაუნიშნავთ. ალბათ მალე იქნება. დეპუტატებს ვკითხავთ, რამდენად ადექვატურია 45.000 ლარის გადახდა კალაძის სტუმრების გამასპინძლებაში. ისიც უნდა გვითხრან როგორ შეიძლება 5.900 გადაიხადო საღამოს მუსიკალურ გაფორმებაში, როდესაც სოციალურად დაუცველების გამოსაკვებად დღეში 1,18 თეთრი გაქვს გამოყოფილი.
იმის მოსმენაც მაინტერესებს, რამდენად ზნეობრივია, პანაკოტას სოუსს ჭამდე თავად და სოციალურად დაუცველებს ჭიან პურს აჭმევდე.
დავსვამთ კითხვას როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება. ამათი მადის დასაოკებლად რაიმე შემაკავებელი მექანიზმი უნდა მოვიფიქროთ, თორემ ამ ხალხს ბიუჯეტი თავის ჯიბის ფულად მიაჩნია.
– საინტერესო იქნება, რას იტყვის ამაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი “ოცნებიდან”, ჯაბა ჯიშკარიანი. ოპოზიციაში ყოფნისას სააკაშვილს რესტორნებთან ეგ უწყობდა ხოლმე აქციებს.
– ჯაბამ რა უნდა თქვას. ისევე, როგორც მთელი “ოცნება”, ეგეც ხიბლშია ჩავარდნილი. ახლა სხვა დრო რომ ყოფილიყო და კალაძე ნაციონალების პარტიიდან იყოს არჩეული მერი, ჯაბა ჯიშკარიანი პირველი მიუვარდებოდა ხანჯლით რესტორანში.
ახლა მივარდნა არ აწყობთ, არც სუშს იმჩნევენ. ყველანი ბიუჯეტის ხარჯზე “გულაობენ”. ეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ.
მთელი ეს წლებია იმას გაიძახიან, რომ კალაძე ხელფასს არ იღებს. საყვარელი მერი, ხელფასს არ იღებს და იტალიელ სტუმრებს რესტორანში ბიუჯეტის ხარჯზე მასპინძლობს.
– ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფებს რომ “ოცნება” გაგებით ეკიდება, ეს გასაკვირი არ არის. ხალხი რატომ არ იღებს ამაზე ხმას? ჯაბა ჯიშკარიანის მსგავსად, ხალხიც კარგად ყვიროდა, სააკაშვილი რატომ ჭამს სუშსო.
– ხალხს ეს საკითხი ახლაც აწუხებს. აქციებს მხოლოდ იმიტომ არ აწყობენ, რომ დაიღალნენ. მათი კარგად მესმის, მაგრამ ასეც არ შეიძლება – ხმა თუ არ ამოვიღეთ, ესენი ჩვენც შეგვჭამენ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა