მალხაზ კობაურის ადვოკატი – “სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული, დაზიანებები კი მიყენებულია სხვადასხვა ტრაექტორიით”

მალხაზ კობაურის ადვოკატი - "სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული, დაზიანებები კი მიყენებულია სხვადასხვა ტრაექტორიით"გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი.

ამასთან, ადვოკატების თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ექსპერტიზის აღნიშნული პასუხები წინააღმდეგობაშია გამოძიების ვერსიასთან.

„ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული“, – განაცხადა მალხაზ კობაურის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

„გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება. აქედან გამომდინარე საჭიროა შეწყდეს გამოძიება კობაურის მიმართ. რადგან, ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მას კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, თუ როგორ მოხვდა შემთხვევის ადგილზე სიგარეტის ნამწვი მაშინ, როდესაც თამბაქოს არ მოიხმარდნენ არც გარდაცვლილი და არც ბრალდებული პირი. ადვოკატი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის რაიონული პროკურატურა ვერ ართმევს თავს მიმდინარე საქმის გამოძიებას, საქმე გადაეცეს მთავარ პროკურატურას.

ადვოკატების განცხადებით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი, კომპლექსური ექსპერტიზა, რის შემდეგაც საქმე განსახილველად სასამართლოში წავა. წინა სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ინტერპრესნიუსი