მალხაზ მაჩალიკაშვილი – “სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, პანკისობას ვერ ჩაატარებენ – უნდათ, რაღაც ჩამადენინონ, რომ ციხეში გამიშვან”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, პანკისობას ვერ ჩაატარებენ - უნდათ, რაღაც ჩამადენინონ, რომ ციხეში გამიშვან"პანკისის ხეობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ადგილობრივები დღემდე ამაოდ ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მამამისი ამ მოთხოვნით, სხვა შვილმოკლულ მშობლებთან ერთად, თბილისში აქციებს მართავს.
ხეობაში დაძაბულობას ჰესების მშენებლობაც იწვევს. ადგილობრივები აქ დიდი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან. ხელისუფლება დათმობას არ აპირებს, უკან არც ქისტები იხევენ.
ამ ვითარებაში ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში “პანკისობის” მოწყობა გადაწყვიტა. სხვადასხვა ღონისძიებების გარდა, დაგეგმილია კონცერტი. ზეიმი იმ სოფელში უნდა გაიმართოს, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
მოკლული ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ ის და პანკისელები ხელისუფლებას პანკისობას არ ჩაატარებინებენ.
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ სახალხო დღესასწაულის მოწყობა ხეობაში, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება.
– ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება პანკისში სახალხო დღესასწაულის, “პანკისობის” მოწყობას აპირებს. ხეობაში მთელი რიგი მიზეზების გამო დაძაბული ვითარებაა და ადგილობრივები ამ ღონისძიების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– კარგი რა უნდა ვიფიქრო. როცა ქვეყანას ასეთი ხელისუფლება ჰყავს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ყველამ კარგად იცის, თუ როგორი მდგომარეობაა ხეობაში და ამ დროს იქ რაღაცა დოლ-გარმონის გამართვას ცდილობენ. ეს ხელისუფლება ასე პასუხობს მოთხოვნას – დაისაჯონ თემირლანის მკვლელები.
ამ დოლ-გარმონს აწყობენ იმიტომ, რომ იმედი აქვთ, ხალხს თემირლანის ამბავს დაავიწყებენ. “პანკისობა” კიდევ ერთი მიზნით იმართება – ხალხის გაშიფვრა უნდათ.
– რას ნიშნავს ხალხის გაშიფვრა უნდათ?
– მაგათ ძალიან კარგად იციან, თუ რას ფიქრობენ პანკისელები თემირლანის ამბავზე. მისი საქმის გამოძიების მოთხოვნით ხეობაში არაერთხელ გაიმართა აქცია. ისინი თბილისშიც ჩამოვიდნენ. აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
ამ დოლ-გარმონით შეამოწმებენ ხალხის განწყობას. თუ დაინახავენ, რომ ხალხი წინააღმდეგი წავიდა, რაღაცას მოიფიქრებენ.
მაგათ ხალხის გართობა საერთოდ არ აინტერესებთ და ეს ვითომ სახალხო დღესასწაული ტარდება სიბინძურის გულისთვის. ბევრი რამე აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ მე თუ სხეულში სული მედგება, “პანკისობა” არ ჩატარდება.
თემირლანის საქმეს სანამ სამართლიანად არ გამოიძიებენ, პანკისში “პანკისობა” არ ჩატარდება. აი, ეს არის ჩემი პასუხი.
– ხალხი რას ფიქრობს “პანკისობაზე”? ადრე ასეთი დღესასწაული არ იმართებოდა.
– არ იმართებოდა. სულ ერთხელ მოაწყვეს. ახლა რატომაც გადაწყვიტეს ამის მოწყობა, უკვე გითხარით.
მოსახლეობა “პანკისობის” გამართვის იდეას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. ისინი შეიძლება ჩემსავით რადიკალურად არ საუბრობენ, მაგრამ წინააღმდეგი არიან. ყველა ჩემს აზრზეა. ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციისთვის კეთდება.
– “პანკისობას” პანკისში მომხრეებიც აღმოაჩნდა, ვიღაცები ემზადებიან ამ ზეიმისთვის.
– დიახ, მომხრეებიც აღმოაჩნდა. “პანკისობის” მოწყობას მთელს ხეობაში 4 ან 5 ადამიანი უჭერს მხარს. ამ ადამიანებს თემირლანის ბედი არ აინტერესებთ და “პანკისობას” მიესალმებიან.
– თქვენ თქვით, რომ ხალხი “პანკისობის” წინააღმდეგია. იციან, რომ თქვენ ამას რაღაცა ფორმით მაინც გააპროტესტებთ და რისთვის დასჭირდათ ამ ზეიმის მოწყობა?
– ხეობაში დაძაბულობაა, ხალხი გაღიზიანებულია და ნებისმიერი რამე, შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს. “პანკისობის” მთავარი მიზანი ისაა, რომ უნდათ, რაღაცა ჩამადენინონ. ამით მე მიწყობენ პროვოკაციას.
თბილისში არაერთხელ სცადეს პროვოკაციის მოწყობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. “პანკისობა” რომ გამაბრაზებდა, იცოდნენ და ამიტომაც უნდათ მისი გამართვა. იმედი აქვთ, პროვოკაციაზე წამოვეგები.
კიდევ ერთხელ ვამბობ, სულს დავლევ, შევაკვდები, მაგრამ ხეობაში “პანკისობას” არ ჩავატარებინებ.
– ამით რას მიაღწევთ?
– უსამართლობას არ დავუშვებ.
– რამე რომ დაგემართოთ?
– დამემართოს.
– მერე თქვენი შვილის საქმის გამოძიებისთვის ვინ იბრძოლებს?
– იბრძოლებენ და ძალიან მაგრადაც. ისინი ჩემზე მაგარი მებრძოლები არიან.
– ეს ადამიანები რომ არ ჩანან?
– არ ჩანან, მაგრამ ჩემ გვერდით არიან. მე თუ რამე პროვოკაცია მომიწყვეს, ისინი იბრძოლებენ სიმართლის დასადგენად. ჩემი შვილის სისხლი არავის შერჩება, არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე არ აგებს პასუხს.
სანამ ჩემს სახლში შემოვარდნილი სპეცრაზმელები, გოგაშვილი და გომელაური არ დაისჯებიან, არ გავჩერდები. ჩემი გამჩერებელი არავინ არ არის. ეს ხალხი ტერაქტის მუხლით უნდა გასამართლდეს. მათ ტერაქტი მოუწყვეს ჩვენს ოჯახს.
ჩემ გასაჩერებლად ათას ხერხს მიმართეს და ახლა ეს მოიფიქრეს, უნდათ, რაღაც ჩამადენინონ, რომ ციხეში გამიშვან.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა