ნანა კაკაბაძე – “ხელისუფლება საკუთარი ხელით ითხრის სამარეს”

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს
– ქალბატონო ნანა, პატრიარქის ქადაგების შემდეგ საზოგადოების ნაწილს დარჩა განცდა, რომ პატრიარქი ხელისუფლებას ბოლომდე არ დაუპირისპირდა. როგორია თქვენი შეფასებები და საერთოდ რას ფიქრობთ კანაფის კულტივაციის და ამ კანონპროექტის შესახებ?
– მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქი არ იყო კრიტიკული, პირიქით, მან საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა. უბრალოდ, მან ხელისუფლებას გადარჩენის გზა დაუტოვა ამ განცხადებებით. პატრიარქი არასოდეს ყოფილა რევოლუციონერი. ის არასოდეს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეცვალოს ხელისუფლება და ძალაუფლება აიღოს მეორე პოლიტიკურმა ჯგუფმა. ის რასაც აკეთებს, ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და, რაც მთავარია, იქიდან გამომდინარე, რომ უფლის გზას არ აცდეს ხალხი და ხელისუფლებამ არ დაუშვას ისეთი შეცდომები, არ ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომელიც ერს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.
– ამიტომ არ იყო მკაცრი და რადიკალური მისი სიტყვა?
– მე ვფიქრობ, რომ მისი სიტყვა სწორედ ამ კონტექსტში იყო თქმული, რომ რაც შეიძლება მეტად შეგუება ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, წახალისებაც ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, რომ ეკლესია ხელისუფლებას ხელს კი არ კრავს და მტრად კი არ განიხილავს, არამედ სიტყვით ეუბნება, რომ ჩვენ მზად ვართ, შენ შენი შეცდომა გამოასწორო.
– პატრიარქმა თქვა, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუკი მომავალი თაობა არ გვეყოლებაო.
– დიახ. რა თქმა უნდა, პატრიარქის გამოსვლის მთლიანი კონტექსტი იყო მხოლოდ და მხოლოდ თითის დაქნევა ხელისუფლებისთვის, მაგრამ იმ გზის დატოვებაც, რომ პატრიარქმა ხელისუფლებს არ მოუჭრა ეკლესიაში მისასვლელი გზა. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რას ეუბნება პატრიარქი და რა არის ხალხის ინტერესები.
ჩვენი პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობაზე ფიქრობენ და აღარ რჩებათ დრო ხალხზე და ქვეყანაზე საფიქრელად. პატრიარქმა კი ხელისუფლებას დაუტოვა გზა ხალხამდე და ეკლესიამდე. მიუხედავად იმ უზარმაზარი შეცდომისა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც თქვა, რომ ლეგალიზებას აპირებს მარიხუანისას. პლანტაციების გაშენებას და ასე შემდეგ.
– გადაიდო ამ კანონპროექტის განხილვა. ფიქრობთ, რომ ეს პატრიარქის და საპატრიარქოს რეაქციების გავლენა იყო?
– რასაკვირველია. ამათმა ჯერ კიდევ არ იციან ეკლესიის ძალა. ერთი დაძახებაა საჭირო და ეკლესიას ნამდვილად აქვს ის ავტორიტეტი, რომ მთელი ერი და ბერი ფეხზე დადგეს. ბრძენია ჩვენი პატრიარქი და სწორედ ამას ადასტურებს მისი განცხადებები, რომ ხელისუფლებას მისცა დრო, გონს მოეგონ. არათუ უნდა გადაიდოს განხილვა, არამედ საერთოდ უარი უნდა ითქვას ამ კანონპროექტზე და ამ ინიციატივაზე!
– რას იტყვით ამ ინიციატივაზე?
– ეს ინიციატივა არის დანაშაულებრივი ინიციატივა. მე პატრიარქზე უფრო მწარედ ვეტყვი სიმართლეს ხელისუფლებას. მას არანაირი გამართლება არ შეიძლება მოუძებნო. ის შეფუთვაც, რაც ხელისუფლებამ სცადა, ისეთი იდიოტური აღმოჩნდა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს.
– რას გულისხმობთ?
– ერთის მხრივ მან თქვა, რომ ჩვენ სამედიცინო მარიხუანის მოყვანას ვაპირებთო და არა ნარკოტიკულისო. მათ არ იციან მსოფლიო პრაქტიკა, რომ თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებული იყო, მოიკითხონ, რა შედეგები გამოიღო ამან და როგორ გაუძნელდა ამ ქვეყნებს ამ პრობლემიდან გამოსვლა და რა სახის რესურსი ჩაიდო იმისათვის, რომ ეს პრობლემები როგორმე აღმოეფხვრათ.
– ითქვა, რომ მკაცრი რეგულაციები იქნება.
– თუ სამედიცინო და კოსმეტიკურია და ამას არანაირი პრობლემა არ მოყვება, შე დალოცვილო, მაშინ რად გინდა მკაცრი რეგულაციები და შიგნით რატომ არ მოიხმარ?! მაგრამ ზუსტად იცი, რომ ეს სამედიცინო კი არა, არამედ ეს არის ის მავნე სენი, რასაც მთელი კაცობრიობა ებრძვის დღეს. ეს არის ჩვეულებრივი მარიხუანა, ამას სამკურნალოს დაარქმევ თუ სხვა რამეს, ფაქტია, რომ მთლიანი პროდუქტი წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომლისგანაც საქართველოს არა აქვს უნარი, რომ დაიცვას თავი! როდესაც საუბრობს ხელისუფლება, რომ მკაცრ საკანონმდებლო ბაზებს მიიღებს ამის დარეგულირებისთვის, ესეც ტყუილია და ესეც სისულელეა!
– რატომ არის ტყუილი?
– იმიტომ, რომ ყველანაირ დანაშაულზე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, მათ შორის მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, ქურდობაზე და ყველანაირ მძიმე დანაშაულზე არსებობს სასჯელი, მაგრამ სასჯელის არსებობა უზრუნველყოფს ამ დანაშაულის არარსებობას?! ვერ უზრუნველყოფს! რაში გვჭირდება ან მკაცრი და ან სუსტი რეგულაციები, მაშინ როდესაც შენ თვითონ ქმნი დანაშაულის ბუდეს ქვეყანაში!
ვერ გავიგე, რა უნდათ, საკუთარი ხელით ითხრიან სამარეს? არჩევნები კარს მოადგათ და ასეთი ანტიპიარი?!
– რა შედეგამდე მივალთ, თუ გავიდა ეს კანონპროექტი?
– ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ხელისუფლებას პატრიარქმა მისცა შანსი, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ და როგორმე გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ეს გადადებაც არის დროებითი. ხელისუფლება მიხვდა, რომ ეკლესია ამას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. ეს ის თემაა, რომელსაც ახსნა არ სჭირდება საზოგადოებაში.
დროებით გადაიდო, მაგრამ ეს არ უნდა დარჩეს გამოუკვლეველი და გამოუძიებელი. საზოგადოება თუ ცოცხალია, აუცილებლად უნდა გაეცეს კითხვაზე პასუხი, თუ საიდან მოდის ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი პროექტი. ამაზე არ მახვილდება ყურადღება და გეტყვით, რომ ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა.
– რა არ არის შემთხვევითი?
– ჩვენ თუ ჯაჭვურად მივყვებით ამ პროცესს, თუ რა უძღვოდა წინ ამ პროექტს, ჯერ დეკრიმინალიზაცია, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, მთელი ის აქციები და ბერას კლიპიც… ეს არის სერიოზული დანაშაული ქვეყნის წინაშე, რომელიც უნდა იქნას გამოტანილი სააშკარაოზე. ეს არის სერიოზული და მნიშვნელოვანი ამოცანა ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რა ხდება ქართული სახელმწიფოს თავზე. რა უბედურება დაგვატყდება თავს, თუ დროზე არ გამოვფხიზლდებით და დროზე არ მივცემთ ამ ყველაფერს შეფასებას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019