ნათია გაბოძე – “ბავშვებმა ნახეს, ვეფხიამ დანა როგორ ჩაარტყა თაკოს, როგორ ეხვეწებოდა ჩემი შვილი, არ მომკლაო”

ნათია გაბოძე - "ბავშვებმა ნახეს, ვეფხიამ დანა როგორ ჩაარტყა თაკოს, როგორ ეხვეწებოდა ჩემი შვილი, არ მომკლაო"ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათია გაბოძემ სასამართლოს მისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

როგორც მან დაკითხვის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა.

„გამოძიებით კმაყოფილი ვარ. ჩემთან კითხვები ჰქონდათ ძალადობაზე და ბავშვების მდგომარეობაზე. დამტკიცდა, რომ ბავშვები ნამდვილად ესწრებოდნენ. სასამართლოს მივაწოდე ინფორმაცია, რა სახითაც ბავშვები აღწერენ, რა თვალითაც უყურეს დედის მკვლელობას. ბავშვებმა ნახეს, დანა როგორ დაარტყა, როგორ ეხვეწებოდა დედა, არ მომკლაო.

ბავშვები დღემდე, ყოველდღე ამას იმეორებენ. ყველამ ვიცით, რომ ბავშვები იქ იყვნენ. ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ბავშვები ნამდვილად იქ იმყოფებოდნენ. თავიანთი თვალით უყურებდნენ ყველა დეტალს, სისხლიან დედას, თუ როგორ დაასისხლიანა, პირველი სად დაარტყა, სად წაიყვანა, სად დატოვა და როგორ გადახტა ფანჯრიდან”, – განაცხადა ნათია გაბოძემ.

ნიუპოსტი