ობამა მაკკეინზე – „მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა”

ობამა მაკკეინზე - „მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა"მე და პრეზიდენტი ბუში იმ იღბლიანებს შორის ვიყავით, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ჯონ მაკკეინის კონკურენტები ვყოფილიყავით ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე, – ამის შესახებ სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

„როდესაც მაკკეინმა მთხოვა მის პანაშვიდზე სიტყვით გამოვსულიყავი ეს ჩემთვის განსაკუთრებული და უძვირფასესი პატივი იყო“, – აღნიშნა ბარაკ ობამამ.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა, როდესაც სენატორი მაკკეინი მისი კონკურენტი იყო.

„მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა. ისევე როგორც მან უკეთესი გახადა სენატი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ობამამ.

„პირადი საუბრებისასაც ჩვენ გამოვთქვამდით იმ უთანხმოებას, რაც გაგვაჩნდა. ეს რეალური და ხშირად ღრმა უთანხმოება იყო. თუმცა, ჩვენ სიამოვნებას ვიღებდით იმ დროისგან, რომელსაც ერთად ვატარებდით და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობდით. ჩვენ არასოდეს გვეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ერთ გუნდში ვიყავით“, – აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

თავისი გამოსვლა ბარაკ ობამამ დაასრულა სიტყვებით: „ღმერთმა დალოცოს ჯონ მაკკეინი! ღმერთმა დალოცოს ეს ქვეყანა, რომელსაც ის ასე კარგად ემსახურებოდა!“.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს ტვინის სიმსივნით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

ინტერპრესნიუსი