რომან გოცირიძე – “მთავრობას მარიხუანის კრიპტოვალუტასთან მიბმა უნდა – ამ ახალ ბიზნესს დიდი მოგება მოაქვს”

რომან გოცირიძე - "მთავრობას მარიხუანის კრიპტოვალუტასთან მიბმა უნდა - ამ ახალ ბიზნესს დიდი მოგება მოაქვს"“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა უმრავლესობამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი მარიხუანას კულტივიზაციის შესახებ. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ?
– საერთოდ არასწორია ასეთი შეფასება, რომ უმრავლესობამ რაღაცა შეიტანა, ან უმრავლესობამ რაღაცა გამოიტანა. უმრავლესობას არავინ არაფერს ეკითხება. უმრავლესობისთვის ეს იყო შოკი, როდესაც გაიგეს, რას აპირებდა ივანიშვილი. როდესაც ივანიშვილმა დაიბარა ისინი, ყველამ ყველაფერი მაშინ გაიგო. იმ ადამიანებმაც კი, რომლებიც ამას ასე ამართლებდნენ და რაღაც ციფრები მოჰყავდათ, რომ თითქოს ეს ეკონომიკისთვის სასარგებლოა, თურმე ააყვავებს ქვეყანას და ასე შემდეგ.
– თეა წულუკიანმაც ღიად დაუჭირა მხარი.
– დიახ, წულუკიანმა საერთოდ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რომ რა ჯობია, თუ პლანტაციებს გავაშენებთო, ეს ჩვენი ღარიბი მოსახლეობა ცოტა ფულს იშოვისო. ძალიან კარგად არის ცნობილი, ეს ყველაფერი რისთვის კეთდებოდა.
– რისთვის?
– კრიპტოვალუტები, ბიტკოინი და სხვა სახის ვალუტები დღეს კრიზისშია. იგივე ბიტკოინი, რომელიც ღირდა 20 ათასი დოლარი, ახლა 6 ათას დოლარამდეა ჩამოსული, სამჯერ არის გაიაფებული. მსოფლიოში დაიწყო ახალი ტენდენცია, რომ მაღალი ფასი აქვს იმ კრიპტოვალუტას, რომელიც მიბმულია მარიხუანასთან. ამ სახის ვალუტას კანაფკოინები ქვია.
ის ძალიან პოპულარულია, ვინაიდან კრიპტოვალუტების რეალური უზრუნველყოფა არ არსებობს, მის უკან არ დგას არანაირი საქონელი, მისი ერთადერთი სიმდიდრე არის მისი თვისებები, რომ მოახდინოს ტრანზაქცია სწრაფად და ანონიმურად. ხოლო კანაფთან მიბმული კრიპტოვალუტები დღეს ძალიან პოპულარული ხდება და მათი კურსი იზრდება.
– ეს რაღაც ახალი ბიზნესია?
– დიახ, ეს არის ახალი ბიზნესი და ზუსტად, როგორც გლდანში გახსნილი ბიტკოინების ქარხანა ივანიშვილმა გამოიყენა თავის სასარგებლოდ, მუქთად მიიღო ყველაფერი, მიწა, ტერიტორია, ელექტროენერგია და ასე შემდეგ. იგი მოიხმარს იმაზე მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე მთელი კახეთი. ეს ძალიან დიდი სირცხვილია. ჩვენ ელექტროენერგია გვაკლია და მას ვიღაცას ვაძლევთ იმისთვის, რომ მან აწარმოოს რაღაცა და მიიღოს ათეული მილიონობით მოგება.
– ბიუჯეტში რა შედის აქედან?
– საქართველოს ბიუჯეტში შედის ნული! ეს არის დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ამ ეკონომიკური ზონის ოპერატორები ამ ტერიტორიას უკვე აქირავებენ ამავე ზონაში, სხვა სახის კრიპტოვალუტების მწარმოებლებზე. ფაქტობრივად, ისინი გაცემენ ამას იჯარით და უზარმაზარ შემოსავალს ღებულობენ, ქვეყანას კი არაფერი. ქვეყანა აქციეს კრიპტოზონად.
– მარიხუანა როგორ უნდა მიებას კრიპტოვალუტას?
– ზუსტად ასეთი ეკონომიკური ზონის გაკეთება უნდოდათ საქართველოში. ამისათვის გამოიყოფოდა უზარმაზარი პლანტაციები და რომ ამბობენ 150 ლიცენზია უნდა გაიცესო, აქ იქნებოდა ერთი ოპერატორი ამ პლანტაციებისა და შემდეგ პლანტაციები დანაწევრდებოდა პატარ-პატარა ფართობებად და მათ გამოუყოფდნენ ლიცენზიას.
ამ ზონაში წარმოებული მარიხუანის შემსყიდველი და გამსაღებელი იქნებოდა ერთი კომპანია, შემდეგ კი ეს მიბმული იქნებოდა ამ კრიპტოვალუტასთან. ბიტკოინებისა და მარიხუანის ეს ორი სისტემა იქნებოდა ერთად შეწყვილებული.
– რატომ გაჩნდა მოთხოვნა მარიხუანაზე და ამ ახალ კრიპტოვალუტაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ?
– თითქოს ძალიან დიდია მოთხოვნა მარიხუანას ზეთზე, როგორც პარფიუმერულ ნივთიერებაზე და ეს არის ძალიან დიდი სისულელე. რითი ჯობია მარიხუანას შამპუნი, ვთქვათ, ვარდისგან დამზადებულ შამპუნს?! თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ პარფიუმერიისთვის იგი აუცილებელია, მაშინ საქართველოში რატომ არ იწარმოება ვარდის ზეთი? ის გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე მარიხუანას ზეთი. ან რატომ არ იწარმოება ეთერზეთების სხვა მცენარეები, რომლებიც ძალიან პოპულარულია?!
მაგალითად, ტუნგოს ზეთი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ხარობდა და რომლის ზეთიც ძალიან ძვირია. რატომ არ ხდება მათი წარმოება? იმიტომ არ ხდება, რომ ამ ბიზნესს სჭირდება სერიოზული აწყობა.
– მარიხუანას ბიზნესს არ სჭირდება აწყობა?
– არ ვიცი, მეც მაქვს ეს კითხვა. რა გარანტია, რომ ადამიანი კანაფიდან გამოიყვანს რთულ კომპონენტებს სამედიცინო პრეპარატების სახით, როცა ვარდისგან ზეთი ვერ გამოგვიყვანია. ეს შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, განახორციელოს დიდი ინვესტიცია. ხოლო ის ლეგენდა, რომ მარიხუანა არის რაღაც ახალი აღმოჩენა სამედიცინო მოხმარების, ეს არ არის სწორი. მის სამედიცინო ეფექტიანობაში ბევრს შეაქვს ეჭვი და მისი სამედიცინო მოხმარების არეალი არის უკიდურესად შეზღუდული.
კრიპტოვალუტებმა მიაბეს თავიანთი ვალუტა მარიხუანას და სწორედ ამ ბიზნესს სჭირდება ლამაზად შესაფუთად ეს სამედიცინო და პარფიუმერული თემა. თითქოს ისინი აკეთებენ კეთილ საქმეს და ზრუნავენ ადამიანის მოვლასა და ჯანმრთელობაზე.
– სინამდვილეში სხვა მიზნები აქვთ?
– სინამდვილეში, ამ ბიზნესს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი და გასაქანი, თუკი მარიხუანა გამოყენებული იქნება, როგორც ნარკოტიკი. სწორედ ეს არის ძირითადი საშუალება ამ საქონელზე მოთხოვნისა. ამიტომ სამედიცინო თემის წინ წამოწევა არის ამ თემის გალამაზების მცდელობა.
მოსახლეობა მიხვდა, რაშიც არის საქმე და ამიტომ ამას მოჰყვა უკიდურესად მწვავე რეაქციები. საქმე გვაქვს დანაშაულებრივ სქემასთან, რაც ქვეყანაში ახალ რისკებს გააჩენს. საქართველოში რომ მარიხუანას პლანტაციები გაშენებულიყო, ეს აუცილებლად უკონტოროლო გახდებოდა შიდა ბაზრისთვის.
– მოხდება კანონპროექტის გაწვევა?
– იმდენად დიდია ფინანსური ინტერესები და იმდენად მონურად მორჩილი მთავრობა და პარლამენტი ჰყავს ივანიშვილს, რომ ის კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს და ამ იდეას არ შეეშვება.
იდეა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ, როგორც ჩანს, აქვთ უკვე გამართული პროგრამა და ის მიბმული აქვთ ამ კრიპტოვალუტების ბაზართან. იდეა დამუშავებულია და შემდეგ ის თავს მოახვიეს საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას.
ამ ეტაპზე საზოგადოებამ მოიპოვა პირველი გამარჯვება. აქ არ არის მხოლოდ ეკლესიის ფაქტორი, ეს მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. ამ ხელისუფლებას საარჩევნო შიშებმა დაახევინა უკან, თორემ მას არც ხალხის ეშინია და არც ღმერთის!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა