რუსეთი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოუგდო, თუმცა საპასუხო ზომებით ისრაელს ემუქრება

რუსეთი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოუგდო, თუმცა საპასუხო ზომებით ისრაელს ემუქრებარუსული Ил-20, რომელიც ფრენას ხმელთაშუა ზღვის თავზე ასრულებდა, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ისრაელის ბომბდამშენები გახდნენ, რომლებიც შეტევას ლატაკიის პროვინციაზე ახორციელებდნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 რუსი სამხედრო დაიღუპა.
„ისრაელელი მფრინავები რუსულ თვითმფრინავს იყვნენ ამოფარებულები და ის სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ცეცხლის ქვეშ მოაქციეს, რის შედეგადაც Ил-20, რომელსაც F-16-ზე ეფექტური ამრეკლი ზედაპირი აქვს, С-200-ის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს.“- განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

მისი თქმით, ისრაელელ მფრინავებს და საავიაციო კონტროლის საშუალებებს „არ შეიძლებოდა არ შეემჩნიათ რუსული თვითმფრინავი, რადგან ის 5 კმ-ის სიმაღლიდან დაშვებას ახორციელებდა.“ თუმცა, მიუხედავად ამისა „განზრახ წავიდნენ ამ პროვოკაციაზე“

„ისრაელელი სამხედროების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამება რუსეთ-ისრაელის პარტნიორობის სულისკვეთებას“ – განაცხადა კონაშენკოვმა და დაამატა, რომ რუსეთი „იტოვებს უფლებას ადეკვატურ საპასუხო ქმედებაზე“ ისრაელთან დაკავშირებით.

მოსკოვში მდებარე ისრაელის საელჩომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების კომენტირებაზე უარი განაცხადა.

ნიუპოსტი