საქართველოს ბანკის აქციონერ კომპანიას რომან ფიფია 1 მილიარდ დოლარს ედავება – რას პასუხობს საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის აქციონერ კომპანიას რომან ფიფია 1 მილიარდ დოლარს ედავება - რას პასუხობს საქართველოს ბანკისაქართველოს ბანკი  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ქართველ ბიზნესმენსა და  ინგლისში რეგისტრირებულ  BGEO Group Limited–ს  შორის არსებულ დავაზე ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ საუბრობს.

როგორც ცნობილია, ინგლისის სასამართლოში, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი  BGEO Group Limited–ს კოლოსალურ თანხას ედავება, რაც  დაახლოებით, 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited რომან ფიფიას მიერ ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხეა.

BGEO Group Limited  სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თავის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ  სარჩელში საქართველოს ბანკიც იყო მოპასუხედ დასახელებული, თუმცა 2018 წლის 27 აპრილს, რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. ბანკი, რომელიც BGEO Group Limited -ის არაპირდაპირი შვილობილი კომპანიაა, არ არის ინგლისის სასამართლოში მიმდინარე პროცესის მხარე და შესაბამისად აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი.

საქართველოს ბანკი ქვეყნის სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკია და მისი ფინანსური სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორს. საქართველოს ბანკი –  10 მილიარდ ლარზე მეტი აქტივით, რომელიც საბაზრო წილის დაახლოებით 33.8%-ია, საკუთარი კაპიტალით და ლიკვიდური აქტივების მოცულობით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში (რეგიონში)“–აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.

შეგახსენებთ, primetime–ის ინფორმაციით, ინგლისში რეგისტრირებულ  BGEO Group Limited-ს  რომელიც საქართველოს ბანკის აქციონერია, ინგლისის სასამართლოში, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი  კოლოსალურ თანხას ედავება, რაც  დაახლოებით, 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ასევე საჯარო წყაროებიდან ცნობილია, რომ 2018 წელს BGEO Group Limited–ი   ორ ინგლისურ კომპანიად გაიყო: „ჯორჯია კაპიტალი“ და „საქართველოს ბანკის ჯგუფი“. სწორედ  ეს უკანასკნელია  ს.ს. საქართველოს ბანკის ძირითადი აქციონერი. გაყოფის პროცესში ახალმა კომპანიებმა მისცეს ერთმანეთს პირობა, რომ თუ ძველ „ბიჯეო ჯგუფს“ წარმოეშვება რაიმე ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებული იქნება გაყოფამდე პერიოდთან, ეს ახალი კომპანიები გაინაწილებენ პასუხისმგებლობას წარმოქმნილი ვალდებულების გასასტუმრებლად.

სავარაუდოდ, საქართველოს ბანკს, თავის მხრივ ექნება გაცემული გარანტია თავისი აქციონერის მიმართ, რომ თუ „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ დაეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა გაყოფამდე პერიოდთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას ასეთი ვალდებულებების გასტუმრებაზე.

ასევე primetime საჯარო წყაროებზე დაყრდნობით  წერს,  რომ გაყოფის შემდეგ შექმნილი ახალი კომპანიები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე რეზერვის შექმნას და აპირებენ თავიანთი პოზიციების დაცვას ინგლისის სასამართლოში.

კომერსანტი