საქართველოში ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ჩამოვიდა

საქართველოში ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ჩამოვიდაისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი საქართველოში ვიზიტით პირველად ეწვია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეზერვის სისტემის განვითარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით.

შეხვედრაზე ლევან იზორიამ და ავიგდორ ლიბერმანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ლევან იზორიას განცხადებით, ისტორიული დოკუმენტია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

იმედინიუსი