„შვილის მკვლელი ხარ, შვილი მოკალი და მეც მომკალი“ – ვეფხია ბაქრაძის შვილმა და თაკო გამრეკელაშვილის დედამ სასამართლოზე იჩხუბეს

„შვილის მკვლელი ხარ, შვილი მოკალი და მეც მომკალი“ - ვეფხია ბაქრაძის შვილმა და თაკო გამრეკელაშვილის დედამ სასამართლოზე იჩხუბეს25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლო ხმაურით დაიწყო. პროცესზე ერთმანეთს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი და მოკლულის დედა ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი სასამართლოს დერეფანში მოხდა. დაპირისპირებული მხარეები მანდატურმა გააშველა.

ვეფხია ბაქრაძეს გერის, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებენ.

ამ წუთებში ბრალდებული დახურულ პროცესზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს. დაპირისპირება კი პროცესის დაწყებამდე მოხდა.

ბრალდებულის შვილმა, ლიკა ბაქრაძემ გამრეკელაშვილის სიკვდილში მოკლულის დედა, ნათია გობაძეც დაადანაშაულა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„შვილის მკვლელი ხარ, შვილი მოკალი და მეც მომკალი,“ – ასე მიმართა ვეფხია ბაქრაძის შვილმა, ლიკა ბაქრაძემ მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედას, ნათია გობაძეს.

“მე ვუთხარი, რომ მარტო შვილი კი არ მომკალი-მეთქი, მეც მომკალი-მეთქი. თავისი  ბრალი რომ არის ეს ყველაფერი, ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებთ? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო,” – განუცხადა ჟურნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

მოკლულის დედა, ნათია გობაძე სასამართლოს შენობის გარეთ გაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით სხდომათა დარბაზში დააბრუნეს და ის სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

„როგორ მოვიდა ჩემთან, ჩემი შვილი სისხლით აქვთ ხელები გასვრილი, შვილი მომიკლეს,“- განაცხადა ნათია გობაძემ.

რუსთავი 2