ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყოგაერთიანების „ძალა ერთობაშია” ლიდერების მოწოდებით, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ფილარმონიაში შეკრებილებმა პარლამენტის შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზა საპატრულო პოლიციამ ნაწილობრივ უკვე გადაკეტა.

საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად წასულიყვნენ.

„შვილმკვდარი მამები მოვიდნენ ჩვენთან, გვთხოვეს მხარდაჭერა. ჩვენ აქამდეც მხარს ვუჭერდით მათ, მაგრამ ახლა გვინდა გთხოვოთ. ექსპრომტად მოვიფიქრეთ, გთხოვთ ყველას, წავიდეთ პარლამენტის წინ, მშვიდობიანი მსვლელობით და დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მსვლელობის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, იმედი აქვს, რომ ხელისუფლება გონს მოეგება და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს.

„მმართველი გუნდიდანაც ველოდებით ადამიანებს, ვინც ჭაობში კიდევ ბოლომდე არ არის ჩათრეული. ყველას შეუძლია ჩვენ გვერდით დადგეს და ვებრძოლოთ ამ უსამართლობას. თუ დროზე არ დავიწყეთ, ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო ჩაიძირება ჭაობში.

ახლა მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის წინ, რათა დავანახოთ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვართ მარტო ორი კაცი“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.