იზორიამ სახლი „საქართველოს ბანკის“ 145.300 დოლარი სესხით ააშენა – თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელშიც მინისტრ ლევან იზორიას კუთვნილ სახლზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ლევან იზორიამ სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი საჯარო სამსახურში მუშაობამდე შეიძინა.

„თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო. რაც შეეხება ქონებას, რომელსაც ლევან იზორიას ოჯახი ფლობს, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა კერძო სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე შეიძინა პირადი დანაზოგით, რომელიც გერმანიაში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის დროს დააგროვა. ასევე, დანაზოგებით, აკადემიური საქმიანობითა და შემდეგ უკვე საჯარო სამსახურში მიღებული შრომის ანაზღაურებით, თავდაცვის მინისტრმა დაასრულა სახლის მშენებლობა.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ კერძო სახლი გააქირავა, რამაც მისი ოჯახის შემოსავალი დამატებით გაზარდა. სწორედ ქირის შემოსავლით, სახელფასო ანაზღაურებითა და „საქართველოს ბანკის“ საბანკო სესხით (145,300 აშშ დოლარი) შეიძინა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ააშენა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიას კუთვნილი სახლი მის ქონებრივ დეკლარაციაში იმის გამო ვერ მოხვდა, რომ მშენებლობის პროცესი დასრულებული არ იყო.

„რაც შეეხება სახლს, რომელიც ვერ მოხვდა დეკლარაციაში, ამის მიზეზია ის, რომ ამ დრომდე მიმდინარეობდა მშენებლობა, რომელიც დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია დეკლარირებული იქნება კანონის თანახმად მომდევნო დეკლარაციაში. დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს იხილოს თავდაცვის მინისტრის დეკლარაცია, სადაც ყველა შემოსავალი თუ ხარჯი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018