ლევან სურგულაძე – „საპენსიო სააგენტო იქნება დიდი სახალხო საინვესტიციო ბანკი“

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით, სააგენტოს 2019 წლის დაფინანსება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში 1 მლნ ლარითაა განსაზღვრული, სავარაუდოდ, შეიცვლება.

როგორც BM.ge-ის სურგულაძემ განუცხადა, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვარიანტის შედეგენისას, ის სააგენტოს დირექტორად არ იყო დანიშნული, ამიტომ 1 მლნ ლარით საპენსიო სააგენტოს დაფინანსებაზე მისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა.

„მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში სამი მინისტრი შედის – ეკონომიკის, ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები. შესაბამისად, მე პირველ რიგში, მათ წარვუდგენ მომავალი წლისთვის სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს და მას შემდეგ, როცა საბჭო დაამტკიცებს, დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს გადავუგზავნით“, – განმარტა სურგულაძემ, მაგრამ არ დააკონკრეტა, მოითხოვს თუ არა, სააგენტოსთვის 1 მლნ ლარზე მეტ თანხას.

ლევან სურგულაძის თქმით, უკვე დამტკიცებულია საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, მაგრამ ზუსტი რიცხვის დასახელება არ ისურვა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, სააგენტოში მარტო მუშაობს და გუნდი არ დაუკომპლექტებია, თუმცა საშტატო ნუსხა 18 კაცითაა განსაზღვრული.

„სააგენტოში შეიქმნება ყველა შესაბამისი სამსახური, სადაც სავარაუდოდ, თითო ადამიანი იმუშავებს, გარდა საოპერაციო სამსახურისა, რომელიც 5 კაცით დაკომპლექტდება, რადგან ეს სამსახური იქნება პასუხისმგებელი შენატანების კონტროლზე. მომავალი წლის 1 იანვრიდან, სააგენტო დაიწყებს საპენსიო შენატანების მიღებას. ჩვენი გათვლებით, 2 წელიწადში სააგენტოში 1 მლრდ 200 ათასი ლარის მობილიზებას შევძლებთ, ხოლო 5 წელიწადში კი – 5-6 მლრდ-მდე ლარს ვპროგნოზირებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული იმუშავებს ეკონომიკაში. საპენსიო სააგენტო არაა ჩვეულებრივი სააგენტო; ის იქნება დიდი სახალხო საინვესტიციო ბანკი, სადაც ბენეფიციარებს საკუთარ ანგარიშებზე დაუგროვდებათ თანხა, რომელსაც საპენსიო ასაკში გაიტანენ“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018