“მთავარია, ის 4 მილიონი ვის მისცეს – ამ კითხვაზე პასუხი ყველაფერს ნათელს გახდის”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ომეგა ჯგუფის საქმე რამდენად შეიძლება იყოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სისტემური დანაშაულის, კორუფციის გამოვლინების მაგალითი?
– რამდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: საზოგადოებაში არის აღქმა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი რეალურად ე.წ. კახური კლანის გამო გადადგა. პრემიერი კვირიკაშვილი უკვე საზოგადოებრივი აზრისა და მედიის აღქმით კი არა, თავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, 700 თუ 800 მილიონ ლარს გადაყვა, რომელიც, მათივე თქმით, სადღაც გაქრა. ამ საქმის ირგვლივ ძიება არის ქუმსიშვილთან, ალავიძესთან თუ ჯანელიძესთან დაკავშირებით.
თუ ღარიბაშვილის ირგვლივ ასეთი მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები არ იყო და ეს უფრო ოპოზიციური მედიის შტურმი იყო, ეს ფაქტები უკვე არ არის მოარული ხმები, ეს არის ის, რის გამოც მოუწია მინისტრების ნახევარს და თავად პრემიერს წასვლა, ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებიან.
მე არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ როდესაც ამაზე თავად ხელისუფლება ლაპარაკობს და გვეუბნებიან, არავინ იცის სად გაქრა 800 მილიონიო, იმის თქმა, რომ კორუფციიის ნიშნები არ არის, გულუბრყვილობა იქნებოდა.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოვლენას, ახლა ამბობენ, რომ ფაქტები მოიტანეთ და დადეთ! არც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ოპოზიციას ფაქტები და არც შევარდნაძის დროს, რადგან ფაქტი რომ დადო, სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩაატარო, რის საშუალება არც არასამთავრობო სექტორს აქვს და არც – ოპოზიციას. სრულფასოვანი გამოძიების ერთადერთი შესაძლებლობა მხოლოდ ხელისუფლებას აქვს.
ძალიან მარტივად ხვდება საზოგადოება, სად არის კორუფცია და როდის არის. შევარდნაძის დროს ინსპექტორი რომ ფულს იღებდა, ეს ხომ მთელმა ქვეყანამ იცოდა, ეს იყო თავად ფაქტი. ასევე, სააკაშვილის მმართველობის დროს, ყველამ იცოდა, რომ ელიტარული კორუფცია იყო. თუმცა, მაშინაც რთული იყო ფაქტების დადება. დღეს საზოგადოებაში რომ ჩაატაროთ გამოკითხვა, ნახავთ, რომ უკვე საკმაოდ ფესგადგმულია მოსაზრება, რომ ხელისუფლებაში არის კორუფციული სქემები. ეს განწყობა უკვე არის ადამიანებში და ახლა ეს არის მნიშვნელოვანი.
– ოქუაშვილი ამბობს, რომ ლონდონისა და პარიზის სასამართლოებისთვის აპირებს მიმართვას. რა გავლენას იქონიებს ეს ქვეყნის იმიჯისთვის?
– რასაკვირველია, ეს არ არის ქვეყნის იმიჯისთვის კარგი, როდესაც ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან საქმეში გარეული. თუმცა, დასავლეთისთვის ასეთი სკანდალები დიდად უცხო და მოულოდნელი არ არის, თუნდაც პრეზიდენტ სარკოზის პროცესებს თუ გავიხსენებთ.
აქ პრობლემა სხვა რამეშია, დასავლეთში სასამართლოსი ხალხს სჯერა ისე, რომ ეჭვის შეტანაც კი არ უწევთ. პროცესები მიდის ღიად და ძალიან მშვიდად, სარკოზის საქმე იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. ჩვენთან მიმართებაში ამ სასამართლო პროცესებმა შეიძლება ძალიან რთული სახე მიიღოს, რადგან უნდობლობა ძალიან მაღალია მისდამი. ეს არის პრობლემა.
ამ ქვეყანაში ადამიანებს უკვე ნახევარი საუკუნეა, ესმით ტრაფარეტად ქცეული ფრაზა: “ვაცალოთ გამოძიებას”! თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში რამდენჯერ ითქვა, რომ “ვაცადოთ გამოძიებას”! ეს არის სერიოზული პრობლემა.
არ მახსოვს ამ ქვეყანაში რეზონანსული საქმე, რომელიც ბოლომდე გამოძიებულიყო. იწყებოდა გამოძიება, რომელიც თაროზე შემოიდებოდა, ამასობაში იცვლებოდა ხელისუფლება და თუ ახალ ხელისუფლებას მოუნდებოდა, გააცოცხლებდა ამ საქმეს, თუ არა და ისევ ასე თავიდან იწყებოდა ყველაფერი.
– ბატონო ვახტანგ, მთელი ამ პროცესებიდან თქვენ რა დასკვნა გამოგაქვთ?
– მე როგორც ვხედავ, ოქუაშვილს მართლაც აქვს 51 მილიონი ბიუჯეტში გადასახდელი. თუმცა, აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. შეხვედრას აღიარებს ყველა მხარე – ოქუაშვილიც, ყიფიანიც, გახარიაც და ივანიშვილიც. აქ პრობლემა ის კი არ არის, რაზე ილაპარაკეს ამ შეხვედრაზე. პრობლემა არის ის, ამ შეხვედრას რა სტატუსით ესწრებოდა ივანიშვილი. შეხვედრის დროს ივანიშვილს არავითარი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა. გამოდის, რომ არსებობს ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურები და არსებობს არაოფიციალური, რომელსაც უფრო მარტივად შეუძლია საქმეების მოგვარება. ეს არის აღიარება, რაც ძალიან ცუდია.
კიდევ ერთი: მე ნაკლებად მაინტერესებს რამდენად დაიცვეს ბანკის რეგულაციები, როდესაც 4 მილიონი გაიტანეს. ეს 4 მილიონი ხომ გაიცა, ახლა მნიშვნელოვანია, სად წავიდა, ვის მისცეს ეს 4 მილიონი?! თუ დავადგენთ, ვინ აიღო ეს 4 მილიონი, ყველაფერის ფარდა აეხდება და დალაგდება, მერე უკვე არც ავთენტურობას ექნება მნიშვნელობა და არც ამის თუ იმის განცხადებებს.
– უკვე მერამდენე ეპიზოდს უკავშირდება ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის სახელი. როგორც ოქუაშვილი ამბობს, არსებობს შეიარაღებული ხალხი, რაღაც სარდაფი, თუმცა რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, დადგენილი არ არის. არის ამ ხელისუფლების პრობლემა ფარცხალაძე?
– ასეთი პიროვნებები ყველა ხელისუფლების პირობებში თავად ხელისუფლების მიერ იყო და არის ხელდასხმული. სხვანაირად ეს ადამიანები და ეს ჯგუფები არაფერს არ წარმოადგენენ. მაგალითად, მხედრიონი სანამ შევარდნაძეს სჭირდებოდა, მხედრიონობდა, როდესაც არ დასჭირდათ, მისი ლიკვიდაცია ერთ დღეში გახდა შესაძლებელი.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფარცხალაძე დამოუკიდებლად, თავისი ნება-სურვილით მოქმედებს, ასეთი გულუბრყვილო არავინ მეგულება. მე არ ვიცი, ეს ფაქტები, რაც ითქვა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და რეალობას, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ამ კაცის გვარი სხვადასხვა საქმეში ფიგურირებს და თან ძალიან ხშირად. თუ ეს ყველაფერი რეალობას შეესაბამება, გამოდის, რომ ის ხელისუფლებას სჭირდება.
– და ეს სახელმწიფოს რამდენად უქმნის პრობლემას?
– სახელმწიფოს არ უქმნის, სახელმწიფოს ერთი ფარცხალაძე კი არა, ასი ფარცხალაძე ვერ შეუქმნის პრობლემას. პრობლემას თავად იმ პოლიტიკურ ძალას უქმნის, რომლისადმიც ასეთი ფიგურები და მათი “მოგვარებული” საქმეები ხალხის განწყობებს ცვლიან.
– ამას ვერ აცნობიერებენ?
– თუ სჭირდებათ?! მხედრიონის პრობლემასაც მშვენივრად აცნობიერებდნენ, მაგრამ მაშინ სჭირდებოდათ. როგორც კი აღარ დასჭირდათ, ერთ დღეში გააქრეს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018