“ოქუაშვილს ივანიშვილთან შეხვედრაც ჩაწერილი ექნება”

პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე დარწმუნებულია, რომ ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც ჩაწერილი აქვს. უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი და დეპუტატი “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ “ის ზღაპრები არ დავიჯეროთ, რასაც ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე ამბობს”.
– ბატონო სიმონ, როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას? მოგეხსენებათ აუდიოჩანაწერების და ურთიერთბრალდებების ომია გაჩაღებული. თქვენი თვალთახედვით რა კითხვები ჩნდება? ოქუაშვილის ინტერვიუს თუ უსმინეთ, სადაც 4 მილიონის გადახდაზე საუბრობს?
– ვუსმინე, მაგრამ იქ არ ჩანს, რომ 4 მილიონი ვინმემ გამოართვა. 11-ჯერ გადაუვადეს, ფული არ გადაუხდია. ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, ფირმას დაედო ვალი. როგორც ჩანს, ფირმას ვალი წინა რეჟიმის დროს დაედო იმიტომ, რომ თვითონ თქვა, ვალი 2003-2004 წლებში დამედოო. რესტრუქტურიზაციით სცადეს დახმარება, რაკიღა პროდუქციას აწარმოებს, გადაუვადეს (ასე ბევრს ეხმარებიან), მაგრამ, ეტყობა, არავინ აპატია იმ 50 მილიონის გადახდა. თუ ფული მიიტანა 4 მილიონი, იმ 50 მილიონს რატომ არ ახდევინებენ?
თანაც იქ ისეთ თემებზეა საუბარი, იურისტები ხელაღებით ვერ იტყვიან, რომ გინდა თუ არა, ისეა. ლევან ყიფიანმა, ზაზა ოქუაშვილმა და სხვებმა უნდა მისცენ ჩვენება, დაადასტურონ, რომ ვიღაცის წამების, ფულის წართმევის ფაქტები ნამდვილად მოხდა.
ოპოზიცია ამას პოლიტიკური შოუს მიზნებისთვის იყენებს. ახლა ოპოზიციას უნდა იმის დამტკიცება, რომ ბიზნესზე ზეწოლა ხდება. ვინ მოახდინა ბიზნესზე ზეწოლა, პროკურორმა? მოსამართლემ? მინისტრმა? ლევან ყიფიანი არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. ლევან ყიფიანი იმ მომენტში არ იყო ხელისუფლებაში, აღარც ფარცხალაძე იყო ხელისუფლებაში ოფიციალურად.
თუ ფარცხალაძემ რამე ჩაიდინა, უნდა მისცენ ჩვენებები ყიფიანმაც და ოქუაშვილმაც და მერე სამართალდამცავმა ორგანოებმა ფარცხალაძე და სხვები უნდა დაკითხონ. ასე უნდა გამოიძიონ საქმე.
ის, რომ დასკვნას აკეთებენ, ბიზნესს დევნიანო, თქვენ ბევრი მაგალითი იცით, ბიზნესს რომ დევნიდნენ და ავიწროებდნენ? ან სად დევნიან. ოქუაშვილი ბატონ ბიძინაზე ამბობდა, ბიძინამ კარგად მიმიღო და დახმარება სცადაო.
– ოქუაშვილი აცხადებს, ბატონმა ბიძინამ ჯერ ხელით მაჩვენა, შემდეგ კი მითხრა, ოთხი მილიონი რომ უნდა გადაიხადოო. ყიფიანმაც თქვა, გადაიხადა, მაგრამ სად წავიდა, არ ვიციო.
– მოდით, ამ ზღაპრებს ნუ დაუჯერებთ. არ არის ბიძინა მაგ ყაიდის კაცი, პირიქით, ბიძინა ყველაფერს ამბობს. ბატონ ბიძინას ძირითადად წელს ვხვდებოდი.  მანამდე სამჯერ ვიყავი შეხვედრილი. ბიძინა არაფერს არ მალავს, ის ყველაფერს ამბობს ღია ტექსტით. დარწმუნებული ვარ, ბატონ ზაზას ბიძინასთან საუბარი ჩაწერილი აქვს. თუმცა, იქ არაფერია ისეთი, რომ გამოაქვეყნოს. მე ასე მგონია.
– ჩაწერილი აქვს და შეიძლება კიდევ წინ გველოდება ასეთი ჩანაწერი?
– კი ბატონო, გველოდებოდეს. ერთი მაგალითით განზოგადება ძალიან ძნელია.  იცით, რა მიკვირს? უამრავი წარმატებული ბიზნესია, რაღა 50 მილიონის დავალიანების ფირმას დაუმეგობრდნენ. ანდა თუ 4 მილიონი გადაიხადა, 4 მილიონის გადახდამ რა შედეგი მოიტანა? რამე შედეგი მოიტანა? მაშინ დავალიანება რატომღა აქვს? ბევრი კითხვა იბადება.
არ მინდა ამ საქმეებში ღრმად ჩავიხედო, არ მჭირდება ღრმად ჩახედვა. ძველ სამსახურში რომ ვიყო (უშიშროების მინისტრის მოადგილე გახლდათ – გ.ბ.) მეტი მეცოდინებოდა, საქმეში ჩავიხედავდი, ოპერატიული ინფორმაციაც მექნებოდა და შემდეგ დავინახავდი, ამ საქმეს საგამოძიებო პერსპექტივა აქვს თუ არა.
ჩემი აზრით, დაზარალებულებმა უნდა მისცენ ჩვენება. ყიფიანი თვითონ არ ამბობს, რომ სარდაფში ჩაიყვანეს. ჩაიყვანეს, გახადეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ თუ რა მოხდა, თვითონ უნდა თქვას. ოქუაშვილმა თქვა, შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მცდელობა იყოო.
ასევე ერთ-ერთმა ინგლისურმა ფირმამ ექსპერტიზის დასკვნა დადო, რომ ავთენტური ჩანაწერი არ არის, სხვადასხვა ჩანაწერებიდან არის დამონტაჟებული. აბა, რა გითხრათ, ეს ყველაფერი მაბნევს. მე რომ ვიყო ოპერმუშაკი და გამომძიებელი, მაშინ ბევრ რამეს თავის ადგილზე დავაყენებდი. ერთს კი ვურჩევ პროკურატურას – ეს საქმე გამოიძიონ. ეს ისეთი საქმე არ არის, რომელიც არ უნდა გამოიძიონ. გამოიძიონ და ვინც დასასჯელია, ყველა უნდა დაისაჯოს.
გადასახდელიც უნდა შევიდეს ბიუჯეტში და დასასჯელიც უნდა დაისაჯოს. იმის თქმა, რომ ეს მხედრიონია, არ იქნება სწორი. ფარცხალაძეს თუ ვინმე ახლდა, ალბათ ისეთები იყვნენ, რესტორნის ინციდენტში რომ არის.
– ერთი რამ არის დამაფიქრებელი, ყიფიანმა განაცხადა, კი, ოთხი მილიონის გადახდის ფაქტი იყო, მაგრამ სად წავიდა, არ ვიციო. 
– აბა, ვის აძლევდა, არ იცოდა? ამაზე ჩვენებები უნდა აიღონ. ვთქვათ, მე ვარ ბიზნესმენი, სიგარეტის მაგნატი. ვიღაცამ მითხრა, მე შენ მაგ ვალს გაპატიებ და 4 მილიონი ცოცხალი ფული მომეცი. მივეცი. სად წავიდა 3 წლის წინ ეს 4 მილიონი და რა შედეგი მოიტანა ამ 4-მა მილიონმა, რატომ არავინ იცის? ეგრე არ ხდება, ვიღაცას 4 მილიონი გადაუხადო და შედეგი არ დადგეს. ახლა ეს ყველაფერი არჩევნებს საეჭვოდ დაემთქვა.
– დიახ, საინტერესოა, რისთვის გაიცა 4 მილიონი, სად წავიდა, ვის ჯიბეში წავიდა? 
– თქვას დირექტორმა, სად წავიდა. ბატონი ზაზა რომ ამბობს, მე არ ვიცოდი, ისე გამოიტანესო. თქვას დირექტორმა, მე გამოვიტანე და ამა და ამ კაცს მივეციო. თუ ფარცხალაძეს მისცეს, უნდა დაადასტურონ. შემდეგ ფარცხალაძეს უნდა ჰკითხონ, რატომ აიღე, რა გაუკეთე, რომ აიღე, რატომ გამოართვი-თქო.
4 მილიონი რომ გასცა დირექტორმა, ის დირექტორი არ არის დაზარალებული? ხაზარაძემ თქვა, ბანკი კანონიერად მუშაობსო. ინგლისურმა ფირმამ თქვა, ავთენტური ჩანაწერი არ არისო.
– კიდევ ვინ არის დაზარალებული?
– ყიფიანი თუ ცემეს, არ არის დაზარალებული?
– არ ვუცემივარო.
– თუ კაცს 4 მილიონი წაართვეს, დაზარალებული არ არის? 400 ლარი რომ წამართვან, დაზარალებული ვი ქნები.
– ეს აურზაური და ჩანაწერების ომი ნამდვილად არჩევნებთან დაკავშირებული და ამ საქმეში მიზანმიმართულობა იკვეთება?
– მათ პირდაპირ განაცხადეს. დაზარალებული მხარე პირდაპირ ამბობს, რომ მხარს უჭერს ნაცმოძრაობას, რომელმაც 2004 წელს 25 მილიონი ვალი დაადო. მე მაგ ოჯახის მიმართ კეთილი განწყობა მაქვს, ჩხეიძეების ოჯახს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თვითონ ქალბატონ ნატოსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ურიგო დამოკიდებულება არც ბატონი ზაზას მიმართ მაქვს და არ მინდა დეტალებში ჩავიხედო. ამიტომ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდება.
ყველა ჩანაწერისთვისაც არ მიყურებია. თუმცა, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს ვუყურე, სადაც ნიკა გვარამია პროვოკაციულ კითხვებს აძლევს, რომ რაღაც ათქმევინოს და შემდეგ თვითონ გააკეთოს დასკვნა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. იქ ბატონი ზაზა ამბობს, რომ პირველი შეხვედრის დროს ბატონ ბიძინასაგან კეთილი განწყობა იყო და ცდილობდა დახმარებოდა. ომბუდსმენმაც ეგ უთხრა, რომ ეხმარებოდნენ, ხელი შეეწყოთ, დავალიანების რესტრუქტურიზაცია გაეკეთებინათ და თანდათან გადაეხადა. გადახდის 11-ჯერ გადავადება იმას ნიშნავს, რომ ამ ბიზნესის დახმარება უნდათ.
– მე მგონი, მაინც შეცდომა იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა.
– ეგ სხვა საქმეა. ამაში მეც სოლიდარული ვარ, მაგრამ თვითონ ბიძინაა ისეთი ადამიანი, თუ ვინმე ეტყვის, წარმოებაა და დახმარება სჭირდებაო, აუცილებლად შეხვდება. ბატონი ბიძინა ბევრს ხვდება და ბევრს ეხმარება. ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ მილიონ 700 ათასი დოლარისთვის ბატონმა ბიძინამ ხელით აჩვენა, რომ…
კარგით, რა! კაცს ქველმოქმედებაზე 4 მილიარდი აქვს დახარჯული, ეს როგორ დავიჯერო?
– თუმცა, არის ასეთი აზრი საზოგადოებაში, რომ ბატონ ბიძინას თავისი ფულის დახარჯვა არ უნდა და სხვის ფულს…
– რაც ბატონ ბიძინას ფული აქვს ნახარჯი! ბატონ ბიძინას დისშვილი გარდაიცვალა და ვაპირებდი წასვლას და ერთმა სახელოვანმა ძიუდოისტმა მითხრა, ჩამიყვანე გასვენებაში, 10 წელია, სტიპენდიას მიხდის (ევროპის ჩემპიონია), სამძიმარი მაინც ვუთხრაო. მართლაც შორიდან დაუქნია თავი და გამოვხატეთ ჩვენი მწუხარება ისეთი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების გამო.
ეს იყო მისი მადლობა 10-წლიანი სტიპენდიის გამო – 3.000 ლარს უხდის იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონი გახდა. აბა, როგორ დავიჯერო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელით ანიშნა, 4 მილიონი მოიტანეო? ამბობენ, ჩარიცხეს თუ მიიტანეს. რომ მიიტანეს, სად წავიდა, იმ ფულმა რა საქმე გააკეთა, 3 წლის წინ რატომ არ გახმაურდა?
ბიძინა ივანიშვილს შევხვედრივარ, მილაპარაკია და არ ტოვებს ისეთ შთაბეჭიდელებას, რასაც ამბობენ. სულ ამბობს, დაეხმარეთ, გასაკეთებელია, ცდილობს, ეკონომიკა ამოძრავდეს. არც ბატონი ზაზა უარყოფს, რომ ბატონ ბიძინას შეხვდა საქმის გასაკეთებლად. ამბობს, შეხვედრაზე კეთილი განწყობა იყოო.
– წლების განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდით. თუ გეცნობათ ამ დამოკიდებულების სტილი? 
– დახმარებისთვის ბატონ ბიძინას ვინ არ ხვდება, ვის არ ეხმარება და ვის არ აქვს შეხვედრის სურვილი. სააკაშვილი და მისი მინისტრები არ ხვდებოდნენ და არ ეხმარებოდა? არ იციან ბატონ ბიძინას სტილი? ჩემი ყურით გავიგონე, ბატონმა ბიძინამ რომ განაცხადა, ნაციონალები ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ვუთხარი, 100 მილიონს გაძლევთ, ოღონდ საქმე აკეთეთ და ქრთამი არ აიღოთო. ეს თქვენ გახსოვთ?
მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ის უანგაროდ იძლეოდა 100 მილიონს, ოღონდ ქრთამი არ აიღოთო. ამას ბატონი ბიძინა იმიტომ აკეთებდა, ელიტარული კორუფცია რომ იყო, რამაც დაღუპა ქვეყანა და კატასტროფამდე მიგვიყვანა, ის არ უნდოდა დაეშვა. მაპატიეთ, ბიზნესს ახევდაო, ამას ვერ დავიჯერებ. ბევრი კითხვაა. როდესაც რაღაც ხდება, ზოგი მართალი ითქმება, ზოგი – ტყუილი.
ზოგი რამ შეიძლება სიმართლეც არის – შეხვედრა, მოძრაობები, მაგრამ ამ ყველაფერს სპეციფიკური პოლიტიკური კონტექსტი ახლავს – ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, გინდა თუ არა მხარი ვაშაძეს უნდა დავუჭიროო. თითქოს ქვეყანა დაიქცა, რომ ვიღაცამ რესტრუქტურიზაცია გაუკეთა და ვიღაცას ფული მისცა, ვიღაცამ ხელის კანკალით სურათი გადაუღო. რომელი საათი იყო, 8 საათი? 8 საათზე რა გამოჩნდა? მე ამ კითხვებს დავსვამდი.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018