ხათუნა ხოფერია – “ზაზა ოქუაშვილი ბიუჯეტის ვირთხაა! ფარცხალაძის დამცველი ვერ ვიქნები…”

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს.
– ქალბატონო ხათუნა, ომეგა ჯგუფის ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი აქტუალურობას არ კარგავს. პროკურატურამ დადო დასკვნა, რომ ის ცნობილი ფარული ჩანაწერები დამზადებულია მონტაჟის გზით.
– საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში უნდა ვისმენდეთ მსგავს ჩანაწერებს?! ეს არის კანონის დარღვევა. სასამართლო ამ გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს არ ითვალისწინებს. საზოგადოებაც არ უნდა ტეხდეს მსგავს ჩანაწერებზე ამხელა აჟიოტაჟს.
– დასჯადი უნდა იყოს მსგავსი ჩანაწერების გავრცელება?
– შესაძლოა, რომ დასჯადიც იყოს. არ შეიძლება ამის გაკეთება. ისმენს ამდენი ადამიანი, ოჯახები ნერვიულობენ, ადამიანები ზიანდებიან და რატომ, ხომ არ იცით?! გვაძლევს კანონი ამის საშუალებას?! რა მაინტერესებს, იცით?!
– რა?
– დადასტურებული რომ არის, რომ ადამიანს აქვს სახელმწიფოს ვალი, დააბრუნებს თუ არ დააბრუნებს! რატომ აქვს ეს ვალი?! საიდან გაჩნდა და ზოგადად რატომ ცდილობდა სამი წლის განმავლობაში ეს ადამიანი, რომ კანონისთვის აერიდებინა გვერდი?!
ვიღაცეებს ამუშავებდა, ვიღაცეები დაძვრებოდნენ ვიღაცეებთან ხელისუფლებაში, რომ თავი აერიდებინა გადასახადისთვის!
– ჩანაწერების გავრცელება, მოხდა იმიტომ, რომ გადასახადის გადახდას აარიდონ თავი?
– ეს ადამიანი არ უარყოფს იმას, რომ მან მისცა დავალება ლევან ყიფიანს, რომ რაღაცნაირად თავისი კონტაქტები გამოეყენებინა და მომხდარიყო მისთვის ამ ვალის ჩამოწერა, ან გადავადება. ამას არ აქვს მნიშვნელობა რა.
– და ეს საქმე 4 მილიონად უნდა გაკეთებულიყო?
– მე ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს! მე მაინტერესებს ის, რომ არც ლევან ყიფიანი, არც ეს პიროვნება არ უარყოფს იმას, რომ ჰქონდათ მიღებული დავალება და ჰქონდათ სურვილი, რომ თავი აერიდებინათ საბიუჯეტო გადასახადისთვის, დავალიანებისთვის და ყველაფერს აკეთებდნენ საამისოდ.
– რომ არ გადაეხადათ?
– დიახ და არ უარყოფენ ამას. მერე ამ ადამიანს არ გამოუვიდა, ფაქტია, რომ არაკანონიერი გზებით მოქმედებდნენ. რას ნიშნავს ეს, ამიხსნას ვინმემ! რა, თვითონ კარგი ბიჭია, რომ არ უნდოდა ამ ფულის გადახდა?! რა უნდა, ვერ გავიგე? უნდა რომ იყოს მილიონერი, უნდა რომ ჰქონდეს უამრავი ბიზნესები და არაფერი გადაიხადოს ამ ქვეყანაში?! მერე იპოვოს ლევან ყიფიანისნაირი ადამიანები, რომლებიც კაბინეტ-კაბინეტ ირბენენ, რომ რაღაცა გაუკეთონ და გაათავისუფლონ გადასახადისგან!
აი, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ და აი, ასეთ ადამიანზეა საუბარი და მიდის დითირამბები, რომ უიმე საცოდავი, როგორ იჩაგრება თურმე ოქუაშვილი!
– არ იჩაგრება?
– კი არ იჩაგრება, ბიუჯეტის ვირთხაა. ეს გამოთქმა არსებობს და ტიპიური მაგალითია, ხორცშესხმული მაგალითია ბიუჯეტის მყვლეფავი ადამიანების, რომლებიც მიეჩვივნენ წლების განმავლობაში ასეთ ცხოვრებას!
აი, როცა ოქუაშვილი ამას გადაიხდის და იქნება პირნათელი, როდესაც ოქუაშვილი ადგება და დადებს იმის საბუთებს, რომ მას რაღაცა ჩამოაჭრეს გადასახადებისგან, აი, მერე ილაპარაკოს. თუ მერე იტყვის, რომ რაიმე არაკანონიერი გაუკეთეს, მერე დავფიქრდეთ, რატომ გაუკეთა სახელმწფომ მას, მართლა ხომ არ აიღო ქრთამი 4 მილიონი ვიღაცამ 20 მილიონის სანაცვლოდ?! მაგრამ როდესაც ის არავის არაფრისგან არ გაუთავისუფლებია და ეს თანხა მის კისერზეა დაკიდებული, რაზე მელაპარაკება საერთოდ?!
– ლევან ყიფიანის ბოლო განცხადბებმა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა ამ საქმეში. ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებამ გაწირა ლევან ყიფიანი. თქვენ რას იტყვით? შუამავალი იყო ლევან ყიფიანი და გაისვარა?
– იცით რა, ეს არის თვითონ ლევანის გადასაწყვეტი. ლევანი აღარ არის სახელმწიფო მოხელე, ის აღარ არის თანამდებობაზე, რომ მას დავაბრალოთ რაიმე გადაცდომა. ის მუშაობდა, იყო ოფიციალური თანამშრომელი ოქუაშვილის. მიიღო თავის შეფისგან გარკვეული დავალება და, როგორც შეეძლო, ისე აკეთებდა.
აი, მერე რა დაემართა, რაც მოგივა დავითაოს ვარიანტი, ეს ყველაფერი არის უკვე მისი პირადი საქმე. თუ აქ ურევია დანაშაულის ელემენტები, რა თქმა უნდა, ლევან ყიფიანიც უნდა დაისაჯოს! აქ არ არის საუბარი გაწირა-არგაწირვაზე.
– აბა რაზეა?
– ამით რას მეუბნება ეს ხალხი, რომ, ვთქვათ, ლევან ყიფიანმა ჩაიდინა რაიმე არაკანონიერი ქმედება, სახელმწიფო მოხელეებს მისცა ქრთამი და ეს მას უნდა ეპატიოს?! იმის გამო, რომ გუნდის წევრი იყო?!
არა, ჩემო კარგებო! მე ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ, ყიფიანი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავისი უფროსის დავალებით ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და ვისაც შეუძლია, აწუხებს. ვინ წამოეგებოდა მერე ამ ანკესზე და როგორ წამოეგებოდა, ეს უკვე არის სხვა თემა და დაადგინოს პროკურატურამ!
ოფიციალური დოკუმენტი იმისი, რომ ამ ადამიანის ხათრით, ან მისი მიტანილი ქრთამით, ოქუაშვილს რაიმე ჩამოაჭრეს, ვალდებულება სახელმწიფოსი და რაიმე არაკანონიერი ჩაიდინა მასთან მიმართებაში, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არ არის და როცა იქნება, მე, როგორც საზოგადოების წევრს, მერე მექნება ამის განსჯის უფლება.
– ფარცხალაძეზე და ყიფიანის ურთიერთობაზე რას იტყვით ამ საქმეში?
– ახლა იმაზე საუბარი, რომ ლევან ყიფიანი საცოდავად გამოიყურებოდა, ვიღაცამ რაღაცა ათქმევინა, ეს არ არის ჩემი საქმე. არც ფარცხალაძის დამცველი არ გამოვალ, არავითარ შემთხვევაში! ეს პიროვნება საერთოდ არ მაინტერესებს. ძალიან მოხარული ვიყავი, როცა გაუშვეს გენპროკურორობიდან. იყო ამის საფუძველი, რომ გაეშვათ.
ახლა არც ის არ არის სახელმწიფო მოხელე, ახლა ვინ რას ჩალიჩობს, სად დარბის, რომ კუჭი ამოიყოროს, ეს ჩემი საქმე არ არის. თუმცა მისი დამცველი ვერანაირად ვერ ვიქნები. თუ ის ჩემს და სახელმწიფოს ინტერესებს გადაურბენს, მისით მხოლოდ ამ შემთხვევაში დავინტერესდები! ძალიან დავიღალე პირადად მე ამდენი სიბინძურის მოსმენით.
– ქალბატონო ხათუნა, სულ იყო მოლოდინი, რომ ეს სიბინძურე წარსულს ჩაბარდებოდა, რომ აღარ მოუწევდა საზოგადოებას ამ ფარული ჩანაწერების მოსმენა და სერიალების ყურება. რა ხდება, რატომ არ მთავრდება ეს ყველაფერი?
– საქართველოში არჩევნები არ ყოფილა, რომელშიც მონაწილეობა არ მქონდეს მიღებული, როგორც რაღაცა წამყვან ფიგურას. აქტიურად ვიყავი ყველაგან ჩართული. 1993 წლიდან ვარ პიარში. მე მსგავსი სიბინძურე, რაც დღეს ხდება, მსგავსი არაადამიანური დამოკიდებულება, მსგავსი დაუნდობლობა, არც მსმენია და არც მინახია! მსგავსი არასდროს მომხდარა.
ამოიღეთ ნებისმიერი დებატები, ასე უმოწყალოდ გაწირვა ადამიანების არასოდეს არ ყოფილა! ყოფილა დაპირებები, რომლებიც არ შესრულებულა, ყოფილა ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, მოსყიდვის ფაქტებიც ყოფილა, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ასეთი სიბინძურე არასოდეს არ ყოფილა.
– მერედა რისი ან ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
– ამაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელი არის “ქართული ოცნება”! მათ მიიყვანეს აქამდე ეს ქვეყანა! შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციის პიარი და მმართველი პარტიის პიარი ერთი და იგივე პოლიტიკური დაჯგუფებისგან კეთდებოდეს?! “ქართული ოცნების” პიარსამსახური არის ნაციონალური მოძრაობა! თემა არ არის პიარისთვის დაგეგმილი, თემა არ არსებობს, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისიდან ჯერ ნაციონალებთან არ მიდის და ამის მერე გებულობს პარტიის ხელმძღვანელობა!
აი, ამიტომ არის ამდენი სიბინძურე! როგორ შეიძლება მეგის ქარდავას, ახალაიების, მიშა სააკაშვილის თანამებრძოლები დღეს კიდევ ბედავდნენ, კიდევ პიარს აკეთებდნენ და მითუმეტეს “ქართული ოცნების” პიარს აკეთებდნენ!
ეგეთი რამე წერია სადმე?! აი, ამიტომაც ვართ კარგად და ამიტომაც გვჭირს ის, რაც გვჭირს!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018