ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი დააპატიმრეს

ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი დააპატიმრესრუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი სკანდალში გაეხვნენ. რამდენიმე დღის წინ მათ ერთ-ერთ კაფეში რუსი ჩინოვნიკი ცემეს, ხოლო იქამდე კი მათ რუსული არხის ოერტეს ერთ-ერთი წამყვანის მძღოლთან მოუვიდათ ფიზიკური დაპირისპირება.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილი გახდა რომ ფეხბურთელები დააპატიმრეს და მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება ხულიგნობის მუხლით. მამაევი და კოკორინი განუყრელი მეგობრები არიან და ისინი ერთხელ უკვე გაეხვნენ არასასიამოვნო ისტორიაში.
ეს 2016 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც რუსეთის ნაკრების წაგების შემდეგ, ეს დუეტი მონაკოს ერთ-ერთ ღამის კლუბში შეამჩნიეს, სადაც ისინი მხიარულად ატარებდნენ დროს. ამ ფაქტის გამო მაშინ რუსეთში კოკორინი და მამაევი ძალიან ბევრმა გააკრიტიკა.