გიორგი დეკანოიძის გატაცებისთვის მოსკოვიდან ჩამოსული 1 ქალიცაა დაკავებული

გიორგი დეკანოიძის გატაცებისთვის მოსკოვიდან ჩამოსული 1 ქალიცაა დაკავებული23 წლის გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 10-ვე პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

როგორც ირკვევა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გამტაცებელთა შორის ერთი ქალია. ასევე, ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული პირი მოსკოვიდან მეუღლესთან ერთად გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა.

ადვოკატმა დაადასტურა ისიც, რომ დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულია მათი შვილი ნიკა ქავთარაძე, რომელიც პოლიციამ თბილისში აიყვანა. მისი უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ქავთარაძეს დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს.

“დანამდვილებით შემიძლია დავადასტურო, არ იმყოფებოდა და უშუალოდ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არავის გატაცებაში. არც კონტაქტზე გასულა, არც გატაცებაში მონაწილეობდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დააკავეს, უბრალოდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნაცნობობიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ.

გიორგი დეკანოიძე დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჭავჭვაძის გამზირიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ვინაიდან გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი იყო, ბოროტმოქმედები გამოსასყიდის სახით სამ მილიონს ითხოვდნენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია თბილისში ჩატრდა და სამალავიც აღმოაჩინეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, დაჯგუფების აყვანის ოპერაცია სოფელ კვახჭირში ჩატარდა.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, გატაცებულის ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანა იგეგმებოდა, რაც დაჯგუფების წევრებმა ვერ მოასწრეს.

გიორგი დეკანოიძე კი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ბოროტმოქმედების მოთხოვნას არ დათანხმდა, ახალგაზრდა ტყეში დატოვეს.

ცნობილია, რომ ბიზნესმენი ამირან დეკანოიძე სასტუმროს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.