ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად ემზადება”

ზაალ კასრელიშვილი - "რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად ემზადება”რა ხდება ლუგარის ლაბორატორიის გარშემო, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლუსტრაციის კანონის მიღება, რა პროვოკაცია მზადდება ჩრდილოეთ კავკასიაში, რისთვის უნდა იყოს მზად საქართველო? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– ბოლო დროს თქვენ აქტიურად საუბრობდით იმაზე, რომ საქართველომ დასავლეთისთვის განსაკუთრებული ფასი შეიძინა, რაც რუსეთისთვის მიუღებელია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ აქ სიტუაცია არიონ ან საქართველოში შემოიჭრან. ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილი სკანდალი თუ გახდება ახალი რუსული პროვოკაციის დაწყების საბაბი?
– ლუგარის ლაბორატორიის თემას რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს. ამ თემის გარშემო სკანდალი კრემლს ჰაერივით სჭირდება, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბაშარ ალ-ასადის კრიმინალური რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. რომელიც თავის მხრივ ოპოზიციის და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.
დიდი ამბებია ატეხილი სკრიპალების საქმეზეც. დადგენილია, რომ სკრიპალები რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ორივე სკანდალში ფიგურირებს ქიმია და ბიოლოგია.
საერთაშორისო თანამეგობრობამ უკანასკნელად გააფრთხილა ბაშარ ალ-ასადი – თუ ის ოპოზიციის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენებს ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს, მაშინ მასზე მიიტანენ გამანადგურებელ შეტევას, რასაც მინიმუმ მისი თანამდებობა შეეწირება, თუ სიცოცხლე არა.
ამ სკანდალების გადასაფარად კრემლს აუცილებლად სჭირდება ალტერნატივა, როგორც შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან თავის გასამართლებლად.
– ამისთვის შეარჩიეს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია?
– დიახ. პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების თვალსაზრისით, საქართველო ყველაზე პერსპექტიულ ქვეყნად ითვლება. ამ ნიშნით შეგვარჩია მოსკოვმა და ბიოლოგიური იარაღის წარმოებას გვაბრალებს.
მაგათ რომ ჰკითხო, თურმე ქართველები საბძელში ამზადებენ ბომბებს, რომლებსაც მერე რუსეთში გადაყრიან და ამ ქვეყანას გაანადგურებენ. ამ ბრალდებაზე აღარ უნდა იხუმროს ხალხმა, ამის გამო რუსებს უნდა დავცინო.
– ვითომ ისე გვაქვს საქმე, რომ რუსეთს დავცინოთ? ეგენი გაცილებით უარესის ღირსები არიან, მაგრამ ჩვენც არ უნდა გვქონდეს კარგად საქმე.
– კარგად როგორ გვექნება საქმე, როცა რუსეთი პროვოკაციას ამზადებს. კრემლი ჩვენ წინააღმდეგ საერთაშორისო სკანდალს ამზადებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველო ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს.
ამ ბრალდებების პარალელურად, რუსეთი ქვეტექსტად მესიჯს უგზავნის დასავლეთს – ისინი თუ სირიის ლიდერს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დაამხობენ, მაშინ ისინი უფლებას იტოვებენ, ბიოლოგიური იარაღის გასანადგურებლად საქართველოში შემოიჭრან.
– რუსეთი რომ ყველაფერზე წამსვლელია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ამ სკანდალის აგორებამდე ცოტა ხნით ადრე ჯანდაცვის სამინისტროდან საიდუმლო მიმოწერამ გაჟონა. ეს მიმოწერა სწორედ ლუგარის ლაბორატორიას ეხებოდა. ამაზე რას იტყვით?
– ეს ამბავი მე არ მიკვირს. მარტო თქვენს გაზეთთან ინტერვიუში რამდენჯერ ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული არიან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები. მათ ყველა სამინისტროსა და სამსახურში აქვთ ფეხი მოკიდებული.
– ამას ნამდვილად ამბობდით და იმასაც ამატებდით, რომ ლუსტრაციის კანონის მიღება აუცილებელია.
– ისევ იგივე აზრზე ვარ – სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ლუსტრაციის კანონი. სანამ ამ კანონს არ მივიღებთ, ამ მოთხოვნას ყველა ინტერვიუსა თუ გამოსვლაში გავაჟღერებ.
– მარკუს პორციუს კატონის მსგავსად, რომელიც ყველა თავის გამოსვლას შემდეგი სიტყვებით – კართაგენი უნდა დაინგრეს – ამთავრებდა?
– მე ზაალ კასრელიშვილი ვარ და ზაალ კასრელიშვილივით ვიტყვი – ლუსტრაციის კანონი უნდა მივიღოთ. ასევე უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამების და სამშობლოს ღალატის შესახებ.
ეს სამი კანონი სანამ არ იქნება მიღებული, მანამდე ჩვენს მტრებს ყოველთვის ექნებათ საშუალება, სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათდნენ და მოღალატე ქართველების ხელით შეგვიქმნან პრობლემები.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მხოლოდ გვარით არიან ქართველები და ძარღვებში სულ სხვა სისხლი უჩქეფთ.
– რატომ ხართ დარწმუნებული, ქართველებს ღალატი არ გვახასიათებს თუ რა?
– ღალატი როგორ არ გვახასიათებს, მაგრამ ძირითადად გვარით ქართველები ღალატობენ საქართველოს. ეს ბუნებრივიცაა, მათმა წინაპრებმა ქართული გვარები სწორედ ღალატის სანაცვლოდ მიიღეს.
გვარების გადაკეთება რუსეთის იმპერიამ 1801 წლიდან დაიწყო. რუსეთის ჟანდარმერიის წარმომადგენლებმა ქართული გვარები მისცეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ერეკლე მეფეს კრწანისის ომში უღალატეს. მერე კიდევ რეები აკეთეს, ღმერთმა უწყის.
იმის ფონზე, როცა საქართველოს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს, მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიაში ატარებს სამხედრო წვრთნებს, რომელთა პარალელურად ცდილობს, ჩეჩნები და ინგუშები გადაკიდოს ერთმანეთს. როგორც ჩანს, აფხაზეთის, ცხინვალის და მთიანი ყარაბაღის დაკონსერვებული კონფლიქტები აღარ აკმაყოფილებს.
– ჩეჩნების და ინგუშების დაპირისპირებაზე მოგვიანებით ვისაუბროთ და ახლა ისევ უცხო ქვეყნების აგენტებზე გკითხავთ. თქვენ თუ იცით, რომ ხელისუფლება სხვა ქვეყნის აგენტებით არის სავსე, ჩვენმა სპეცსამსახურებმა არ იციან?
– როგორ არ იციან. ძალიან კარგად იციან. ყველა მათგანი აღრიცხვაზე ჰყავთ. არაფერი არ იმალება.
– თუ იციან, მაშინ რატომ არ მოქმედებენ?
– ხელ-ფეხი აქვთ შეკრული. ლუსტრაციის კანონის მიღებამდე მათთან ბრძოლა ძნელია.
– უცხო ქვეყნის აგენტის დასაჭერად აუცილებელია ეს კანონი? სხვანაირად ვერ დაიჭერენ?
– აგენტობის დამტკიცება ძალიან ძნელია. შესაბამისად, რთულია მათი დაკავება. ამიტომ არის აუცილებელი ლუსტრაციის კანონის მიღება.
– იქნებ ამ კანონს არ იღებენ, აგენტებს უნდა შევაჭმევინოთ ქვეყანა?
– არ უნდა შევაჭმევინოთ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს კანონი იქნას მიღებული. როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, პოლიტიკური ველი უცხო ქვეყნების აგენტებისგან გათავისუფლდება.
– ჩვენმა სამართალდამცავებმა რაიმე სხვა მიზეზით რომ დააკავონ ეს აგენტები, არ შეიძლება? უამრავ უდანაშაულო ადამიანს უდებენ იარაღსა და ნარკოტიკს, ამათაც ჩაუდონ. მართალია, ეს უკანონობაა, მაგრამ აგენტურის გასანეიტრალებლად გამონაკლისების დაშვება შეიძლება.
– ჩვენი სპეცსამსახურების მონდომებაში და პატრიოტიზმში ეჭვიც არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით დაიწყებდნენ აგენტების დაკავებას, მაგრამ იარაღის ჩადება არ გამოვა, ამას დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება და ისევ ჩვენი სამართალდამცავები ჩავარდებიან უხერხულობაში.
– საერთაშორისო სკანდალი რატომ მოჰყვება?
– თქვენი აზრით, რუსეთი თავის აგენტების დაკავებას შეეგუება? სერიოზულ სკანდალს ააგორებს ამაზე.
– რას იტყვიან, ჩვენი აგენტები დააკავესო?
– საქმეც მაგაშია, რომ ამას არ იტყვიან. სახელისუფლებო სტრუქტურების გარდა, მათ აგენტები არასამთავრობო სექტორშიც ჰყავთ. იმათ აატეხინებენ ამბებს და თავიანთი აგენტებისგან წამებულ რაინდებს შექმნიან.
– ლუგარის ლაბორატორიას დავუბრუნდეთ. თქვენ ზემოთ დაასახელეთ მიზეზები, რატომაც ააგორეს ამ თემაზე სკანდალი. თქვენი აზრით, ამ ლაბორატორიის გამო რუსეთი დაგვარტყამს?
– ამ ეტაპზე მოსკოვს არც იმის ძალა აქვს და არც სურვილი, რომ საქართველოს დაარტყას. ისედაც მძიმე სანქციების ქვეშ არიან და ახალი სანქციების დაწესება არაფერში სჭირდებათ.
– ანუ რუსეთი აქ არ შემოიჭრება და მათმა თავდაცვის სამინისტრომ უბრალოდ ისაუბრა ლუგარის ლაბორატორიაზე?
– დღეს ამის თავი არა აქვთ, თორემ აქამდე შემოიჭრებოდნენ. დროებით არიან გაჩერებულები და საქართველოში შემოსაჭრელად ემზადებიან.
შემოჭრამდე სხვადასხვა სკანდალებს ააგორებენ. შეეცდებიან, რომ აქ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ.
– სამოქალაქო დაპირისპირება აქ ერთხელ უკვე ვნახეთ და მეორედ ამას არავინ დაუშვებს – არც პოზიცია და და არც ოპოზიცია.
– არც 1992 წელს უნდოდა პოზიციას და ოპოზიციას სამოქალაქო ომი. სამხედრო გადატრიალება რუსებმა ადამიანების ვიწრო ჯგუფს მოაწყობინეს. ახლაც იპოვიან ასეთ ადამიანებს.
– მაგრამ ახლა 1992 წელი აღარ არის, ქვეყანა მყარად დგას ფეხზე.
– გეთანხმებით, ახლა საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, ჰყავს საკმაოდ ძლიერი სპეცსამსახურები. სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.
ამის მიუხედავად, რუსეთი მაინც მიაღწევს სასურველ შედეგს. და არც ისაა შემთხვევითი, რომ ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის ძაბავს ურთიერთობას.
– ჩეჩნები და ინგუშები ჩვენთან რა შუაში არიან?
– როგორ არ არიან. ისინი ჩვენი კავკასიელები და ჩვენი ძმები არიან. აქ თუ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა და ჩეჩენ-ინგუშები ერთმანეთს დაერივნენ, მოსკოვი მთელ მსოფლიოს ეტყვის, ამათთან კავშირს როგორ ამყარებთ, გიჟები არიან, სულ ბრძოლაში არიან და სიმშვიდე მაგათი საქმე არ არისო.
– კავკასიელები რომ არეულობისკენ არიან მიდრეკილი, ეს ისედაც ცხადია. აქ სულ კონფლიქტია.
– ვინ გითხრათ, რომ სულ კონფლიქტია. ძალიან კარგად ვცხოვრობდით, სანამ რუსები მოიკიდებდნენ აქ ფეხს. ძმები ვიყავით, ერთმანეთი გვიყვარდა და პატივს ვცემდით.
– ლეკიანობაზე რას იტყვით? ეს ბევრად ადრე იყო, ვიდრე რუსები აქ ფეხს მოიკიდებდნენ.
– მერე ვინ იდგა ამ პროცესების უკან? ვისი დავალებით იტაცებდნენ ლეკები ქართველებს? სპარსელები და ოსმალები იყვნენ ამაში გარეული.
– გინდათ თქვათ, რომ დაღესტნელები ამას საკუთარი სურვილით არ აკეთებდნენ/
– მათ სხვები აქეზებდნენ. სპარსელების და ოსმალების მიზანი საქართველოს დასუსტება იყო. რაც არ უნდა ეცადოთ, კავკასიელებზე ცუდს ვერ მათქმევინებთ.
– კავკასიაში მცხოვრებ ორ ეთნოსს დაგისახელებთ და ვნახავთ, თუ არ იტყვით მათზე ცუდს.
– მოდით, ნურავის დავასახელებთ, კარგი და ცუდი ყველგან არის. კავკასიელების ღალატი რატომ გიკვირთ, როცა ქართველებში უამრავი მოღალატეა.
– ზემოთ არ თქვით, ისინი მარტო გვარით არიან ქართველებიო?
– გვარით არიან, მაგრამ ქართველები ჰქვიათ.
– ჩეჩნების და ინგუშების დაპირისპირებას დავუბრუნდეთ. ეს კონფლიქტი საქართველოშიც ხომ არ გადმოვა. პანკისში, მართალია, მარტო ჩეჩნები ცხოვრობენ, მაგრამ ხომ შეიძლება იქაც აურიონ?
– პანკისში მარტო ჩეჩნები არ ცხოვრობენ, აქ ინგუშებიც სახლობენ. პანკისში ჩამოსახლებულებს, იცით, რატომ ქვია ქისტები? ჩეჩნეთ-ინგუშეთში არის ასეთი ეთნიკური ჯგუფი – მელხისტები. როგორც ჩანს, საქართველოში პირველად ეგ ეთნიკური ჯგუფი გადმოვიდა და ახლა ყველას ქისტებს ვეძახით.
ასე რომ, პანკისში ჩეჩნებიც არიან და ინგუშებიც, მაგრამ მათ შორის რამე დაპირისპირებას გამოვრიცხავ.
ინგუშეთში დღეს მძიმე ვითარებაა, მაგრამ ინგუშები ცდილობენ, ჩეჩნებს არ დაუპირისპირდნენ. მათ დედაქალაქ მაგასში გამართულ აქციაზე კრემლი გააკრიტიკეს, რომელმაც გადაწყვიტა კიდევაც ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრების შეცვლა.
– ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს?
– რა უნდა თქვან? ჩეჩნებს დაუჭირონ მხარი თუ ინგუშებს?! გამოუვალი ვითარებაა.
– ვიცი, რომ თქვენ ჩეჩნები განსაკუთრებით გიყვართ, მაგრამ მხარი მაინც ინგუშებს უნდა დავუჭიროთ. თუნდაც იმიტომ რომ ისინი არიან დაზარალებული და ამ ხალხმა ოფიციალურად თქვა უარი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე.
– ამისთვის დიდი მადლობა ინგუშებს. ჩვენ წინააღმდეგ არც ჩეჩნებს უბრძოლიათ. იმ ბოევიკებს გვარი ჰქონდა მხოლოდ ჩეჩნური და ყველა ამ უბედურების სათავე არის რუსეთი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა