ზაზა ხატიაშვილი – “ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერში 7 სხვადასხვა საუბარია გაერთიანებული და გაკეთებულია 6 მონტაჟი”

ზაზა ხატიაშვილი - "ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერში 7 სხვადასხვა საუბარია გაერთიანებული და გაკეთებულია 6 მონტაჟი"“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ზაზა, თქვენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს იცავთ. თქვენ ხელთ გაქვთ ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, რომლის საფუძველზე ამბობთ, რომ ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერები დამონტაჟებულია. რას უპასუხებთ ბრალდებას, ზაზა ხატიაშვილი “ოცნების” მხარეს გადავიდაო?
– ამ ქვეყანაში ასეთი უტვინო ადამიანები რომ არიან, რომ ადვოკატს თავისი საქმის გამო ცილს წამებენ, ამიტომაა საქმე კარგად. სააკაშვილის მომხრე რომ დამეცვა, სააკაშვილის მხარეს გადავიდოდი? გოგა ონიანს რომ ვიცავდი, მაშინ ნაცობა მომაწერეს.
გაეროს კონვენციაშია ჩაწერილი, რომ არ შეიძლება ადვოკატის კლიენტთან იდენტიფიცირება. მე ვიცავ კლიენტს და მე რაში მაინტერესებს, ის ლეიბორისტია, ნაციონალი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი. მე არ ვარ პოლიტიკოსი და საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა.
– რა ხდება ამ კონკრეტულ საქმეზე?
– ვანო ჩხარტიშვილთან დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. დამიკავშირდა ეს ადამიანი და მითხრა, ზაზა, ასეთი რამე არ მომხდარა, მაბრალებენ და რა ვქნა, მირჩიეო, დაიცავი ჩემი ინტერესებიო. მე შევთავაზე, რომ ლონდონში გავაგზავნიდი ყველაზე ცნობილ ექსპერტიზის ბიუროში ამ ჩანაწერს და თუ შენ ამ ექსპერტიზას ჩამიტარებ, მე დაგიცავ-მეთქი. ისიც დამთანხმდა.
– და ექსპერტიზა ლონდონში დანიშნეთ?
– ყველაზე ცნობილი ექსპერტი არის ლონდონში, რომელსაც ჩატარებული აქვს 400 ექსპერტიზა, აუდიო ექსპერტია. მეორე ცენტრი, სადაც ექსპერტიზა დავნიშნე, შედის მსოფლიოს ოთხეულში. მთელს მსოფლიოში ნომერ პირველი სასამართლო არის ინგლისში და მეორე უფრო ფართო ექსპერტიზა დავნიშნე ისეთ ექსპერტიზის ცენტრში, სადაც პრეზიდენტებიც კი ცახცახებენ მათი დასკვნის წინაშე.
– ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა?
– ეს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი კლიენტი გამემართლებინა და მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ არ შეიძლება ადამიანს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეულახო დამონტაჟებული მასალით და ის გაასაღო როგორც ერთი ჩანაწერი. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისი მეგობარია და ვინ რომელი პარტიის წევრია.
ბევრ ქვეყანაში დასჯადია ის, რაც რუსთავი 2-მა და იბერიამ იკადრეს. მასალის გაშვებამდე მინიმუმ ორჯერ უნდა შეამოწმო ჩანაწერი და შეამოწმო წყარო, ისე მასალის გაშვება არ შეიძლება. ძალიან ბევრ ცნობილი ექსპერტს ვიცნობ და ეს ჩემთვის ძალიან მარტივი რამაა. ჩემი ოთახიდან დავნიშნე ექსპერტიზა.
– რა თქვა ექსპერტიზამ?
– თვითონ ექსპერტიზის დასკვნა ჩემთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი, არ მეგონა, თუ ამაზე შეიძლება წასულიყო ტელესივრცე. 2 წუთიან და 6 წამიან მონაკვეთში არის 7 სხვადასხვა საუბარი გაერთიანებული და გაკეთებულია 6 მონტაჟი და ეს გასაღებულია, როგორც ერთი საუბარი.
ეს შეიძლება ადამიანმა იკადრო?! რატომ კადრულობენ ამას? და მერე კიდევ მე მლანძღავენ, როგორ გავბედე და დავადგინე, რომ ჩემი კლიენტი მართალია და იბერიამ და რუსთავი 2-მა გაავრცელეს ცილისმწამებლური და დამონტაჟებული მასალა.
– რა გითხრათ ვანო ჩხარტიშვილმა, როგორ იყო სინამდვილეში? არ შეხვედრილან ერთმანეთს?
– შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ რა მერე? ამას არ უარყოფს და ადასტურებს. რაც მე ინტერვიუები მაქვს მიცემული, ესენი რომ დაჭრან, დაამონტაჟონ, მე რომ ინტერვიუ მივეცი, იმას ვერ უარვყოფ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ შეცვლილი და დამონტაჟებულია, ამის დადასტურება შესაძლებელია. 7 საუბარი აიღეს, გააკეთეს 1 მონტაჟი და გაასაღეს, როგორც 1 შეხვედრა.
– მეორე მხარე არ იზიარებს თქვენს პოზიციას.
– მოუწევთ. მეორე დასკვნაც მალე მოვა. არსებობს ქარტია. მე მივმართავ ქარტიას, გამოითხოვონ და იმსჯელონ ამ ტელეკომპანიების მიერ დამონტაჟებულ მასალაზე. თუ ეგენი არ მოიხდიან ბოდიშს ვანო ჩხარტიშვილის წინაშე და არ იტყვიან, რომ ეს იყო დამონტაჟებული მასალა…
– მაშინ რას აპირებთ?
– ჩვენ უბრალოდ შანსი მივეცით. იცით, როგორ პატივს ვცემ გამოხატვის თავისუფლებას, ყველას გვერდით ვიდექი, ვისაც კი ეს საფრთხე ემუქრებოდა ქვეყანაში, მაგრამ თუ ასეთი რაღაც შეიძლებოდა, რომ 2 წუთიან მასალაში 6 მონტაჟი ყოფილიყო და 1 შეხვედრად ყოფილიყო გასაღებული, არ ვიცოდი.
– მონტაჟი შესაძლებელია და ზოგჯერ აუცილებელიც იმისთვის, რომ მასალა კარგი გამოვიდეს.
– კი ბატონო, მონტაჟი შესაძლებელია, მე მოგცემ ნახევარსაათიან ინტერვიუს და შენ 6 წუთიანი გააკეთე. ეს არის მონტაჟი, მაგრამ რამდენიმე ჩანაწერის გაერთიანება და შემდეგ 1 ფარულ ჩანაწერად გასაღება დანაშაულია. გერმანიაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
– სხვა ბევრი ბრალდება ისმის ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით, წილები სიგარეტის ბიზნესში, დამალული გადასახადები, ინტერესები ომეგა ჯგუფთან. ამაზე რას იტყვით?
– მე ვიცავ ჩხარტიშვილს 1 კონკრეტულ საქმეზე და დავადასტურე, რომ ეს კაცი არის მართალი. სხვა საქმე არ ვიცი და, აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ თუ იმ საქმეზეც მე ამიყვანა, ყველაზე ცნობილ და სანდო ექსპერტიზის ბიუროში ჩავატარებ ექსპერტიზას და თუ დადგინდა, რომ ვანო მართალია, ვიტყვი მართალია, თუ დადგინდა, რომ მტყუანია, ვიტყვი, რომ ამ საქმეში ვანო მტყუანია.
ამ კონკრეტულ საქმეში ვანო არის მართალი. საპატრიარქოში ყოფილა და იქიდანაც კი აქვთ ჩანაწერი წამოღებული. გავგიჟდი, ეს რომ მოვისმინეო. სადაც კი ვანო გამოსულა და რამე უთქვამს, ყველაფერი შეკრიბეს. ეს სამარცხვინო ფაქტია, სამარცხვინო!
– რა გამოდის, რაც ადრე იყო, დღესაც იგივე გრძელდება? ეს მიყურადება, ფარული ჩანაწერები, შანტაჟი კვლავ აქტუალურია?
– ჩვენ რომ ხელისუფლება გვყავდეს და ფეოდალის ხელისუფლება არ იყოს, ეს რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ, ვინ დაამონტაჟა. თუ თვითონ ასეთი უტვინოები არიან და არაფერი იციან, მიმართონ ფედერალურ ბიუროს და ისინი დაადგენენ, სად დამონტაჟდა. 21-ე საუკუნეში ეს ვერ დაუდგენიათ?!
ამას რომ დაადგენენ, ფარდა აეხდება მთელ კასკადს და ამას ვეღარავინ გაბედავს. ხვალ შეიძ;ლება სხვა ტელევიზიებს მოუნდეთ იგივე სიბინძურის გაკეთება.
– რას მოითხოვთ?
– ამაზე აუცილებლად უნდა დადგეს შედეგი. ადამიანები უნდა დაისაჯონ. მე და ჩემი კლიენტი მივმართავთ პროკურატურას, რომ ეს არის მონტაჟი და დაადგინე, ვინ არის ამაში დამნაშავე!
იციან, რომ მე ხელთ მაქვს კანონიერი დასკვნა, ცნობილი ექსპერტიზის ბიუროდან აღებული, სადაც გაყალბება დაუშვებელია და ახლა გამწარებულებმა მე დამიწყეს ლანძღვა. თურმე როგორ გავბედე და როგორ დავადგინე სიმართლე.
ჩვენს სახელმწიფოს სძინავს ამ დროს, მე, ადვოკატი, რატომ უნდა ვასწრებდე სახელმწიფოს ექსპერტიზის ჩატარებას?! ნებისმიერი გამოცდილი აიტი-მენეჯერი ეტყოდა, რომ ეს არის მონტაჟი.
საქართველოს ხელისუფლებას თუ ელემენტარულად აქვს ღირსება, ვალდებულია დაადგინოს, ვინ დაამონტაჟა და ვინ ჩაწერა. ზაზა ოქუაშვილი ხომ აპირებდა ჩამოსვლას, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თბილისში აღარ ჩამოვა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ გაიშიფრა უკვე! პირიქით, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მე არ მგონია, რომ სუს-ს გაუჭირდეს იმის დადგენა, თუ სად დამონტაჟდა ეს მასალა. ტექნიკურად ეს იოლი დასადგენია. ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა