თსუ-ს პირველკურსელებისთვის Welcome Party გაიმართა – ვიდეო

თსუ-ს პირველკურსელებისთვის Welcome Party გაიმართა - ვიდეოივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებისთვის ტრადიციული Welcome Party-ით აღნიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, 5000-მდე სტუდენტისთვის კონცერტი სტეფანემ და სხვა ცნობილმა მუსიკალურმა ჯგუფებმა და დიჯეებმა გამართეს.

„ნებისმიერი არტისტისთვის, ადამიანების ეს კატეგორია, სტუდენტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი. ჩემთვის ეს ასმაგად სასიხარულოა. რაც შეეხება ამ ულამაზეს ახალგაზრდებს, მათი იმედი გვაქვს ჩვენ. უნდა ისწავლონ ძალიან მაგრად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ და წინ. ჩვენ გვაქვს მათი იმედი“, -განაცხადა მომღერალმა სტეფანემ.

მასთან ერთად მუსიკალურ საღამოზე სტუდენტებისთვის უკრავდნენ LINE UP: STEPHANE, BACHO B2B KVACHI, A2K.

ახალი სასწავლო წელი პირველკურსელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა.

„ეს არის ალბათ ყველაზე ხალხმრავალი მიღება უნივერსიტეტში. 4600 სტუდენტი მივიღეთ წელს პირველ კურსზე. ისტორიული მეასე მიღება არის უნივერსიტეტში და ძალიან წარმატებულები ყოფილიყვნენ. ეს არის მთავარი სურვილი“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემაც მიულოცა. მისი თქმით, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის ეს დღე ორმაგად ამაღელვებელია.

„სტუდენტებს მინდა ვუსურვო წარმატება და მინდა ვუთხრა, რომ მათ ელით ძალიან საინტერესო გამოცდილება წინ ამ ისტორიული უნივერსიტეტის კედლებში. მომავალი ცოდნის მიღებით ისინი ნამდვილად შექმნიან ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2018 წელს თსუ-მ პირველკურსელების მე-100 საიუბილეო ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის პირველკურსელის თინათინ ხუნდაძის განცხადებით, საღამო ძალიან პოზიტიური იყო.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება უნივერსიტეტის დასაწყისში ერთმანეთი გავიცნოთ დადებით გარემოში დადებით მუხტთან ერთად. უნივერსიტეტთან დაკავშირებული ყველა მოლოდინი გამიმართლდა და ვფიქრობ, რომ საუკეთესო უნივერსიტეტში მოვხვდი“, – აღნიშნა თსუ-ს სტუდენტმა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის.

https://www.facebook.com/stephane.mgebrishvili/videos/1987842144588159/