თურქეთის პოლიცია ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის ტყეში ეძებს

თურქეთის პოლიცია ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის ტყეში ეძებსთურქეთის პოლიცია საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის ცხედარს სტამბოლის შემოგარენში, ტყეში ეძებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, საუდის არაბეთის საკონსულოში და კონსულის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა აღადგინეს „რამდენიმე ნიმუში“ და ახლა ისინი ჰაშოგის კვალზე გასვლას ცდილობენ.

„პოლიციამ გააფართოვა ცხედრის ძებნის ტერიტორია, შეისწავლა 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოდან გასული ყველა ავტომობილის მარშრუტი. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მკვლელებმა ჰაშოგის ცხედარი სტამბოლთან მდებარე ტყეში დატოვეს“, – აცხადებენ სააგენტოს წყაროები.

წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ჰაშოგი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს.

შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ჰაშოგი უკვე წავიდა. ჟურნალისტის ოჯახი და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჯამალ ჰაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოშია მოკლული.

ინტერპრესნიუსი